ეროსი და „ტანგო“

ეროსი და „ტანგო“

ეროსი მანჯგალაძეს ძაღლი მოუკვდა - ტანგო. დაასაფლავეს. ეროსი ტიროდა - რაღა ჩემს ბალიშზე და ჩემს ლოგინში მოკვდაო. ამიერიდან ძაღლი აღარ მიხსენოთო.

გავიდა დრო. ეზოს ძაღლმა ლეკვები დაყარა. ეროსის მეზობელმა, დალი მაცაბერიძემ, ერთი ამოარჩია და წაიყვანა თეატრში.

იმ დღეს ეროსის სპექტაკლი ჰქონდა - „პეპო". შეუყვანა საგრიმიოროში და დაასვა გულზე. ეს რა არისო, - აბუხუნდა!

ლეკვი შეშინდა თუ რა იყო, დააფსა თეთრ მაისურზე. გაგიჟდა სიხარულით. უყურე, რა ქნა. ჩემია, ჩემიო!

სპექტაკლი დამთავრდებოდა თუ არა, ლეკვთან გარბოდა - რას შვრება, როგორააო. აჭამეთ, ბუფეტიდან რამე მოუტანეთო?

ეს ძაღლი ისე უყვარდა ეროსის, რომ გასტროლებზე რომ წავიდა უცხოეთში, იქიდან ერთი დიდი, წითელბაფთიანი ძვალი ჩამოუტანა.