„ხმა მიეცით ქალებს“, „ჩვენ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში“,- ამ ლოზუნგებით თბილისში, რუსთაველის გამზირზე ქალთა აქცია გაიმართა. საგანგებოდ დამზადებული მაისურებით, სამკერდე ნიშნებითა და პლაკატებით „აღჭურვილი“ ქალბატონების მშვიდობიანი აქციის მიზანი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების სასარგებლოდ ამომრჩევლების გააქტიურება იყო.
აქციის მონაწილეებმა პოლიტიკაში ქალების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, შემდეგ კი თბილისის საკრებულოს შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ წარმომადგენელი თამარ კაციტაძე აცხადებს, რომ საქართველოში ამომრჩეველების უმეტესობა ქალია, ასარჩევ კანდიდატებს შორის კი მუდმივად მამაკაცები სჭარბობენ.
„საყურადღებოა ისიც, რომ ამომრჩეველთა უმეტესობა, მენტალობიდან გამომდინარე, არჩევანს აკეთებს მამაკაცზე. ჩვენ დღევანდელი აქციით გვინდა, მოვუწოდოთ მოსახლეობას, ასევე პოლიტიკურ ძალებსა და პარტიებს, გააძლიერონ ქალი კანდიდატები, მხარი დაუჭირონ მათ. განსაკუთრებით გვსურს, მივმართოთ ქალ ამომრჩევლებს, რომ მხარი დაუჭირონ ქალებს და ამით ქართულ პოლიტიკაში გენდერი დააბალანსონ“,- აცხადებს თამარ კაციტაძე.
ქალთა აქციას 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლები და კანდიდატებიც შეუერთდნენ. მათ შორის იყო „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია. იგი პოლიტიკაში წლების წინ დამკვიდრდა და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობს, რომ ქალი პოლიტიკოსი გადაწყვეტილების მიღების დროს ხშირად საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელზე ბევრად დიპლომატიურია.
„ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი არის თანაბარი შესაძლებლობები. ქალისთვის და მამაკაცისთვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში დღეს ქალები პოლიტიკაში ნაკლებად არიან წარმოდგენილები და ეს მენტალობას, ტრადიციებს და ბევრ ფაქტორს უკავშირდება. სპეციალური ზომები უნდა იქნას მიღებული, რომ ეს დისბალანსი შეიცვალოს. ქალი არის ბევრად უფრო დიპლომატიური და მამაკაცებისგან განსხვავებით, ხშირად უფრო მშვიდობიანად შეუძლია გადაწყვიტოს ძალიან მწვავე პრობლემები“, - განუცხადა for.ge-ს მანანა ნაჭყებიამ.
კოალიცია „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ პოლიტიკაში საქმიანობის დროს მისთვის და მისი მეგობრებისთვის ხელი არავის შეუშლია და პირიქით, მხარდაჭერასაც გრძნობდა, თუმცა, მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ქალთა გააქტიურებისთვის სპეციალური ზომების მიღება მაინც საჭიროა.
„კანონმდებლობის დონეზე მიღებულია გადაწყვეტილება და კანონში შეტანილი ცვლილებებით წახალისების მიზნით, პარტია, რომელიც სიის ყოველ ათეულში 30% ქალს შეიყვანს, ფინანსურ დახმარებას იღებს. თუმცა, სასურველია მეტი გაკეთდეს“,- აცხადებს მანანა ნაჭყებია და აღნიშნავს, რომ მის კოალიციაში, საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო სიის ყველა ათეულში მინიმუმ 4 ქალბატონია.
პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, არასამთავრობო ორგანიზაცია „გენდერული სამართლიანობის“ წარმომადგენელი რუსუდან კერვალიშვილი კი for.ge-სთან საუბრისას ქალების პოლიტიკაში ჩართვის მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ხარვეზებზეც აკეთებს მინიშნებას და აღნიშნავს, რომ ფინანსური წახალისების მექანიზმი, პრაქტიკაში, ზოგ შემთხვევაში ქალების ერთგვარად გამოყენების საბაბიც გახდა.
„საკანონმდებლო ცვლილებებით ქალებს მივეცით საშუალება აქტიურად ჩართულიყვნენ პოლიტიკაში - პარტიები, რომლებიც წარადგენდნენ ქალებს 30%-ს ყოველ ათეულში, შესაბამისად, საბაზისო დაფინანსებასთან შედარებით 30%-ით მეტს იღებენ. როგორც ვხედავთ, ამან ქალებზე მეტად სარგებელი პარტიებისთვის გამოიწვია. ყველა პარტიას არ ვგულისხმობ, მაგრამ ზოგიერთი ქალებს დაფინანსების მისაღებად იყენებს და საარჩევნო სიაში, ძირითადად, მე-8, მე-9, მე-10 ნომრებით ჰყავს წარმოდგენილი“,- განმარტავს რუსუდან კერვალიშვილი.
პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერი აცხადებს, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, მცხეთის საკრებულოში წევრებს შორის დღეს არც ერთი ქალი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს წარმომადგენლობითი ორგანო ქალთა საჭიროებებზე ადეკვატურ რეაგირებას ვერ მოახდენს.
„ქალი ისევეა საჭირო პოლიტიკაში, როგორც ოჯახში. მშვიდობისა და ქვეყნის ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებლია, პოლიტიკაში ქალები სათანადოდ იყვნენ წარმოდგენილნი. არ გვაქვს იმედი, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით იქნება მიღწეული გენდერული თანასწორობა, ამიტომ ახლა სავალდებულოა ქალების მეტი მხარდაჭერა, შემდეგ კი ახალი დღის წესრიგის გამოცხადება და სპეციალური ზომების შემოღება იმისთვის, რომ უფრო მეტი ქალი მოვიდეს პოლიტიკაში“,- აცხადებს რუსუდან კერვალიშვილი.
For.ge-ს კითხვაზე, თუ რა უშლის ხელს ქალების მეტ აქტიურობას და პოლიტიკაში მეტად ჩართვას, კერვალიშვილი ასე პასუხობს: „ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორი არის ძალაუფლების გაუყოფლობის სურვილი. პოლიტიკურ პროცესებში ძალაუფლებას ფლობენ მამაკაცები და შესაბამისად, ქალებს არ აძლევენ საშუალებას, პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე მოვიდნენ. მათთვის მოსახერხებელია, რომ ქალი იყოს მეორეხარისხოვან საქმეზე და შეასრულოს სამუშაო, რომელიც არ არის გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული“.
ქალთა მხარდასაჭერი აქცია დაგეგმილზე 15 წუთით დაგვიანებით დაიწყო და დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა.