ბრიტანელი და ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა აღმოაჩინა პლანეტა, რომელიც სხვა პლანეტებისაგან ნახშირბადის უკიდურესად მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა.
ამ აღმოჩენის საფუძველზე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გამორიცხული არ არის, სამყაროში არსებობს პლანეტა, რომლის ზედაპირიც გრაფიტით ან ალმასებით არის დაფარული.
დღეისათვის მეცნიერებისათვის 500-მდე ე.წ. ეგზოპლანეტა, ანუ მზის სისტემის ფარგლებს გარეთ არსებული პლანეტა არის ცნობილი.
ახლადაღმოჩენილი პლანეტა ერთადერთია ცნობილ პლანეტებს შორის, სადაც ნახშირბადის შემცველობა ჟანგბადის შემცველობას აღემატება. ეს პლანეტა იუპიტერის მსგავსი გიგანტია, მისი დიდი ნაწილი აიროვანი წყალბადისაგან შედგება, ბირთვი კი სავარაუდოდ, ალმასებს, გრაფიტს და შესაძლოა, თხევადი ნახშირბადს შეიცავს.
გამოთვლების საფუძველზე მეცნიერები ასკვნიან, რომ ჩვენს სამყაროში დედამიწის ზომის ნახშირბადის პლანეტებიც შეიძლება არსებობდეს, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ისინი ჩვენი პლანეტისაგან სრულიად განსხვავებული იქნება.