ბოლნისში ძვირფასი ლითონების მომპოვებელი ხუთივე კომპანიის კვალი ოფშორში „იკარგება“

ბოლნისში ძვირფასი ლითონების მომპოვებელი ხუთივე კომპანიის კვალი ოფშორში „იკარგება“

საია-მ საყდრისი-ყაჩაღიანის შესახებ მწვავე დასკვნა გამოაქვეყნა. საია-ს შენიშვნები სხვადასხვა პუნქტებს მოიცავს. პირველი, 2009 წელს, როცა „არ ემ ჯი“-მ ეს ობიექტი იყიდა, საყდრისს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი უკვე ჰქონდა, ამიტომ „არ ემ ჯი“-ს პრეტენზია მსხვილმასშტაბიან ეკონომიკურ სარგებელზე გაუგებარია.

მეორე, 2014 წლის 14 აპრილს, ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე 3 დღით ადრე, გარემოს დაცვის სააგენტომ, მთავრობის ნებართვით, „არ ემ ჯი“-ს 7 ტონა ოქროს მოსაპოვებლად ლიცენზია ერთი წლით უსასყიდლოდ გაუგრძელა, რაც კორუფციული გარიგების ეჭვს ბადებს. რატომ უნდა გაეგრძელებინა სახელმწიფოს ამ კომპანიისთვის ლიცენზია უფასოდ, მაშინ, როცა შეეძლო სერიოზული თანხა დაეწესებინა?!

მესამე და მთავარი, ბოლნისში ძვირფასი ლითონების მომპოვებელი ხუთივე კომპანია კვიპროსში რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანიამდე-Pamtilon Holdings Limited-მდე მიდის, რომელიც ყველა, დღეს მოქმედი წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის უკან დგას. ხუთივე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო წარმოდგენილია ერთი და იგივე პიროვნებებით, დირექტორის ფუნქციები ორ ადამიანზე ნაწილდება. შესაბამისად, ქვემო ქართლში ერთი ჯგუფის ხელშია ძვირფასი ლითონების მოპოვება, რადგან Pamtilon Holdings Limited-ის მიერ დაფუძნებული კომპანიების და ამ კომპანიების შვილობილ კომპანიებში წარმოდგენილნი არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იმ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდნენ, რომელთა უშუალო მონაწილეობითაც ხდებოდა წიაღით სარგებლობის მიზნით ლიცენზიების გაცემა. კერძოდ, ზურაბ ქუთელია, პრაქტიკულად, ყველა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. 2004 წლამდე ზურაბ ქუთელია თავმჯდომარეობდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებულ წიაღით სარგებლობის ლიცენზიების უწყებათაშორის ექსპერტთა საბჭოს, ხოლო ამავე საბჭოს მუდმივი წევრი იყო სოლომონ ცაბაძე, რომელიც, 2003 წლამდე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გარემოსდაცვითი ნებართვებისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი იყო. ამდენად, საია-ს აინტერესებს, თუ ვინ დგას ამ ჯგუფების უკან და ვის ხელშია ქართული ოქრო.

კიდევ ერთი თემა, რაზეც საია აქცენტს აკეთებს, ეს არის გურამ ოდიშარიას მიერ 13 მარტს გაცემული ნებართვა მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების შესახებ ისე, რომ მინისტრმა არ გაითვალისწინა უწყებაში არსებული არქეოლოგიური სექციის დასკვნა.

For.ge ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატს სულხან სალაძეს ესაუბრა.

- 2013 წლის 28 მაისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ თერთმეტკაციანი კომისიის შექმნა წინააღმდეგობაში მოდის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონთან. 11-კაციანი კომისია ვერ იმსჯელებდა, საყდრის-ყაჩაღიანს უნდა ჰქონოდა თუ არა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, რადგან ეს არ იყო მისი კომპეტენცია. ერთადერთი სტრუქტურა, ვისაც შეეძლო ძეგლის ღირებულებაზე ემსჯელა, სამინისტროს სისტემაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო იყო. მას კი საერთოდ არ უმსჯელია ამ საკითხზე.

გარდა ამისა, კომისიას დაევალა ძეგლის გადატანაზე მასალების წარმოდგენა, რაც, ასევე, არასწორი იყო, რადგან იმ დროს საყდრის-ყაჩაღიანს ჰქონდა ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი და ამ კატეგორიის ძეგლის გატანა დაუშვებელია. ამიტომ ჯერ უნდა შეცვლილიყო სტატუსი, საყდრისი-ყაჩაღიანის სტატუსი უფრო დაბალ კატეგორიამდე ჩამოეყვანათ. ამავე კომისიამ ბევრად მეტ საკითხზე იმსჯელა, ვიდრე მას ეკისრებოდა, მათ შორის, გარემოსთან, ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებზეც. ცხრა საკითხიდან, რაც გამოკვეთა კომისიამ, რეალურად მხოლოდ ოთხი საკითხი იყო, რაზე მსჯელობაც დაავალეს. ამასთან, კომისიის დასკვნა, რომელიც საბოლოოდ წარედგინა კულტურის სამინისტროს, არ ყოფილა სავალდებულო ხასიათის დოკუმენტი. ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად კულტურის სამინისტროს ეს დოკუმენტი უნდა გადაემოწმებინა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოში და, ასევე, თავისუფლად შეეძლო, ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებთან ამ საკითხის დამატებით გადამოწმება.

თქვენი კვლევა გავლენას მოხდენს საყდრისი-ყაჩაღიანის ბედზე?

- ამ თემის ირგვლივ სასამართლოში შეტანილია „მწვანე ალტერნატივის“ სარჩელი. თუ სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, მაშინ მდგომარეობა შეიცვლება. ჩვენ უბრალოდ ვაფიქსირებთ კანონის მოთხოვნების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს, რომლის საფუძველზეც სამინისტროს არ უნდა მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება. თავისთავად, თუკი საყდრისი-ყაჩაღიანი არ იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და არ იმსახურებდა ამ სტატუსს, ამის შესახებ უნდა ეთქვა სამინისტროს სისტემაში არსებულ კონკრეტულ საბჭოს და არა კომისიას.

კომისიას საკუთარი მოსაზრება საერთოდ არ უნდა გამოეხატა?

- კომისიას შეეძლო, გამოეხატა საკუთარი მოსაზრება, რაც, ასევე, არ იყო კომისიის კომპეტენცია, მაგრამ მაინც რომც ეთქვა, ეს საკითხი უკვე შემდგომში უნდა გადაემოწმებინათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოში. ცალსახად ეს არც მინისტრის საქმეა. დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული საბჭო არსებობს სამინისტროში და ამ საბჭომ უნდა თქვას, იმსახურებს თუ არა საყდრისი ძეგლის სტატუსს.

არ ემ ჯი გოლდი თქვენ გამოგეხმაურათ და აღნიშნა, რომ საია- კვლევის შესახებ მათ წინასწარ სურდათ ინფორმაციის მიღება. ასევე, სურდათ, თქვენს პრეზენტაციაზე დასწრება, მაგრამ თქვენგან უარი მიიღეს.

- „არ ემ ჯი გოლდის“ შეფასება არასწორია, რადგან ჩვენ შეხვედრა გავმართეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის. ამ შეხვედრას სხვა არავინ ესწრებოდა. მომავალ კვირას გვაქვს მეორე პრეზენტაცია, რომელიც ღიაა და დაინტერესებულ ყველა პირს შეუძლია, მობრძანდეს.

შესაძლოა, რომ ბოლნისში ძვირფას ლითონებ მოპოვებელი კომპანიების უკან, რომელიც შორშია რეგისტრირებული, რუსულ ინტერესი იყოს?

- ყველა იმ კომპანიის უკან, რომლებსაც შევხვდით საყდრის-ყაჩაღიანის თემაზე მუშაობის დროს, საბოლოოდ დგას კვიპროსში რეგისტრირებული Pamtilon Holdings Limited-ი და ამ კომპანიის ქოლგის ქვეშ არიან სხვა კომპანიები. თუმცა თავად ამ კომპანიის დამფუძნებელი ვინ არის, ეს უცნობია. მაღალი ალბათობით, ეს არც ჩვენმა ხელისუფლებამ იცის.

თქვენი კვლევიდან გამომდინარე, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა შეიძლება დაისვას, თუნდაც იმ 11-კაციან კომისიი წევრების?

- კომისიის პასუხისმგებლობაზე ცალსახად საუბარი რთულია, ვინაიდან კომისიამ მოამზადა დოკუმენტი, მაგრამ ბათილად ცნობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კომისიას არ მიუღია. ჩვენ ვლაპარაკობთ სხვა ტიპის პასუხისმებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი მათგანი სწორედ დაკავშირებულია საყდრისი-ყაჩაღიანის, უკვე როგორც არქეოლოგიური ობიექტის დაზიანების კონკრეტულ ფაქტებთან. საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ამ დრომდე ვერ მივაღწიეთ ინფორმაციის მოპოვებას, დაწყებულია თუ არა გამოძიება, გამოკვეთილია თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი.

„არ ემ ჯი გოლდი“ საია-ს კვლევას უნდობლობას უცხადებს. კომპანიის კომერციული დირექტორი სოსო ცაბაძე აცხადებს, რომ კორუფციულ გარიგებაში ეჭვის შეტანა გარკვეულ სამართლებრივ ქმედებებს გულისხმობს, მათ შორის, სამართლებრივ დევნასაც. შესაბამისად, თუ ამას აცხადებს ისეთი სოლიდური ორგანიზაცია, როგორიცაა საია, ამას უნდა მოჰყვეს გარკვეული ახსნა-განმარტებები. მისი თქმით, საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანიების სათაო ოფისების 90% ოფშორშია დარეგისტრირებული და ამის გამო სოსო ცაბაძეს კახა კოჟორიძისგან არავითარი რექაცია არ ახსოვს.