ქართველი ბავშვების დასახმარებლად ბარსელონაში იმღერებენ

ქართველი ბავშვების დასახმარებლად ბარსელონაში იმღერებენ

ბარსელონას დიდ თეატრ “ლიცეუში“ დღეს, ფონდ “იავნანასა“ და ესპანური ფონდის “SOS“ ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართება .

როგორც “იავნანას“ სამხატვრო ხელმძღვანელმა თეონა ჯორბენაძემ განაცხადა, საღამოს პატრონაჟს მონსერატ კაბალიე გაუწევს, აქციის მხარდამჭერები არიან ესპანეთის ყველაზე ცნობილი სახეები – პროფესორი ბარაკერი, ფლამენკოს საუკეთესო მოცეკვავე სესილია გომესი და თანამედროვე ცეკვების ოსტატი ნორმა დუვალი, პოპულარული სპორტსმენი დავიდ მეკა.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ტენორი რამონ ვარგასი, რომელიც 2008 წლის 25 სექტებერს აგვისტოს ომის დროს დაობლებული ბავშვების დასახმარებლად “იავნანას“ აქციას შეუერთდა; იმავე აქციის მონაწილე მაესტრო მიგელ გომეს-მარტინესი; ასევე ბარიტონი რენატო ბრუზონი, “იავნანას“ მეგობარი მიშელ კრაიდერი, სოპრანო თამარ ივერი და მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე.

კონცერტი ტელემართონის ფორმით წარიმართება, შემოსული თანხა აგვისტოს ომის დროს დაობლებულ ბავშვებს მოხმარდება. აქციაში მონაწილეობა ქართველ მაყურებელსაც შეეძლება, საღამო სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2“-ის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

საღამოს ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი ელსა ანკა გაუძღვება. კონცერტს დაესწრებიან ესპანეთის მთავრობის წევრები, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, საქართველოდან “იავნანას“ მხარდამჭერთა დელეგაცია.