„გუნავა მეუბნებოდა, პაატა კარგი კაცი იყო, არავინ მასზე ხელს არ აღმართავდაო“

„გუნავა მეუბნებოდა, პაატა კარგი კაცი იყო, არავინ მასზე ხელს არ აღმართავდაო“

თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას გაუჩინარებისა და მკვლელობის საქმე გახსნილია. ქარდავას გაუჩინარებისა და მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა, რომელიც ე.წ. ხურჩის ტერაქტის საქმეზე უკვე დაკავებულია. საქმეზე გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო აწარმოებს.

შამათავასთან ერთად საქმეში ფიგურირებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და ამჟამად გამგებლობის კანდიდატი თენგიზ გუნავა. შამათავას ბრალი უკვე წაუყენეს, თენგიზ გუნავა კი პაატა ქარდავას საქმეს შეთითხნილს უწოდებს და მომხდართან კავშირს უარყოფს. ბრალი, რომელიც შამათავას წაუყენეს უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ეს არაა, ბოლო სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას მარჯვენა ხელი, რომან შამათავა ფიგურირებს. For.ge-ს საგამაოძიებო უწყებაში განუცხადეს, რომ შამათავა და მისი კლანი ასევე ფიგურირებენ რეინჯერ ცინდელიანის გატაცებისა და მკვლელობის საქმეში. ამავე წყაროს ინფორმაციით, შამათავას ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალი უახლოეს დღეებში დაუმძიმდება. For.ge-ს ინფორმაციით ცინდელიანიც იგივე სცენარით იქნა მოკლული, როგორც პაატა ქარდავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აგვისტოს ბოლოს კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა რომან შამათავამ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს დაავალა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, პაატა ქარდავას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ბათუმში ჩაყვანა. მიღებული დავალების შესასრულებლად 2008 წლის 27 აგვისტოს, ზუგდიდში არსებული ფოსტის შენობის მიმდებარედ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს პაატა ქარდავას, რომელიც გადაადგილდებოდა პირად სარგებლობაში არსებული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით და ფოთის მიმართულებით წაიყვანეს.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის მიმდებარედ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ხელბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა გადასვეს „ნივის“ მარკის ავტომანქანაში, რომლითაც გადაიყვანეს ოზურგეთის რაიონის სოფელ შეკვეთილში, სადაც გადასცეს რომან შამათავას და მის თანამზრახველებს, ხოლო პაატა ქარდავას სარგებლობაში არსებული ავტომანქანა, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეოს თანამშრომლებმა, კვალის არევის მიზნით, დატოვეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში.

რომან შამათავამ და მისმა თანამზრახველებმა პაატა ქარდავა ბათუმში შავი ზღვის ნავმისადგომთან მიიყვანეს. რომან შამათავა დაკავებულ პაატა ქარდავას აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა და პარალელურად ფიზიკური შეურაცხყოფას აყენებდა. თავად ქარდავა კატეგორიულად უარყოფდა სეპარატისტებთან თანამშრომლობას.

„შამათავა ითხოვდა ჩემი ძმისგან ეღიარებინა, რომ თითქოსდა აფხაზების ჯაშუში იყო და მათი დავალებით მოქმედებდა. ალბათ ამას თუ აღიარებდა, არ მოკლავდა და დააპატიმრებდა, მაგრამ ჩემმა ძმამ არ აღიარა ჯაშუშობა და განაჩენი გამოუტანა. ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ყურადღება აფხაზეთისკენ გადაგვეტანა, ყველა ზომები გამოვიყენეთ და დადასტურდა, რომ ჩემი ძმა აფხაზეთის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. საქმე აღძრეს, გვატყუებდნენ მიმდინარეობს ძიება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებს ვერ გავახმაურებთო.

შამათავას გარდა, ამ საქეში იყო გუნავა და კიდევ ბევრი. გუნავა მეუბნებოდა, რომ პაატა კარგი კაცი იყო, არავინ მასზე ხელს არ აღმართავდაო, ამ დროს უკვე იცოდა, რომ პაატა მოკლული იყო და ზღვაში იყო გადაგდებული. როგორც ჩემი ძმა დახვრიტეს, ზუსტად ასე უნდა დაიხვრიტონ ესენი ყველა, არ დავთმობ, ეს გამორიცხულია. უნამუსოდ კიდევ იძახიან, რომ გვამი სად არისო. პასუხს აგებს ყველა, მათ შორის დათა ახალაია, რომლის გარეშე არაფერი არ ხდებოდა ამ ქვეყანაზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პაატა ქარდავას ძმა ხვიჩა ქარდავა, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი ძმის მკვლელობის საქმეზე შამათავამ პრემია მიიღო.

რომან შამათავას დავალებით, მას და მისი ჯგუფის წევრებს ნავმისადგომთან ელოდებოდა აჭარის ა-რ კუდ-ის მთავარი სამმართველოს მოტორიანი ნავი, რომელსაც მართავდა ამავე დანაყოფის თანამშრომელი. ბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა ჩასვეს აღნიშნულ ნავში, უშუალოდ რომან შამათავამ მოაბა მას ფეხზე ბეტონის ნატეხი და შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე, რა დროსაც რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა პაატა ქარდავა და ცხედარი ზღვაში გადააგდო.

ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს შამათავას ადვოკატი, რომეო საჯაია. მისი თქმით, საქმის მასალები ამ დროისთვის არ გააჩნია, როგორც საჯაია ამბობს, გამომძიებელთან საუბრის შემდეგ დაასკვნა, რომ გვამი ნაპოვნი არ არის. შესაბამისად, საჯაიას განცხადებით, ქარდავა შესაძლოა, ცოცხალიც იყოს და მკვლელობისთვის შამათავასთვის ბრალის წაყენება აბსურდულია. „ამ საქმესთან რომა შამათავას არანაირი კავშირი არ აქვს“, - აცხადებს რომეო საჯაია.

ქარდავას ოჯახი ოფიცრის მკვლელობის შემკვეთად თენგიზ გუნავას ასახელებს.

როგორც ხვიჩა ქარდავამ for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა მკვლელი შამათავაა, „თუმცა მკვლელობის შემკვეთები თენგიზ გუნავა და ის მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც 2008 წელს სამეგრელოში ბოგინობდნენ“.

„ყველამ იცოდა ეს და ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ჩემი ძმის გაქრობაში მიიღო მონაწილეობა. მეტი მე არაფერს ვითხოვ. არც გვამი გვაქვს, რომ მიცვალებული დავიტიროთ“, - აცხადებს ხვიჩა ქარდავა.

მოკლულის შვილი, ქრისტინა ქარდავა აცხადებს, რომ მამამისი 27 აგვისტოს გაუჩინარდა, როდესაც ის ბაზრის კართან დატოვა, თვითონ კი მანქანაში დარჩა. მისი თქმით, მამამისის მკვლელი რომან შამათავაა, თუმცა ამ მკვლელობის შემკვეთები თენგიზ გუნავა და ის მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც 2008 წელს სამეგრელოში მოქმედებდნენ.

„ვითხოვთ როგორც შამათავას, ისე გუნავას უმკაცრესად დასჯას და თუ მათ ხელისუფლება არ დასჯის, განაჩენს ჩვენ გამოვუტანთ. იმ იმედით გავიტანეთ თავი, რომ მამიკო შეიძლება, ცოცხალი ყოფილიყო. ერთადერთი სათხოვარი მაქვს, რომ დასჯილი იყოს ყველა, თითოეული პიროვნება, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა, ეს იქნება თვითმხილველი თუ მოწმე, რომელიც შამათავას ადებს ხელს, იმ არაადამიანს... სიტყვები არ მყოფნის მის დასახასიათებლად. მე მამიკოს ცხედარიც არ მაქვს.

მამამ ბაზართან დამტოვა, მარიამობისთვის ვემზადებოდით. მითხრა, ყველაფერს რომ იყიდი, დამირეკე და მოგაკითხავო. დავურეკე მამას, ზარი დიდი ხანი გადაიოდა და მერე მიპასუხა, მითხრა შენ წადი და მერე მოვალო, მამიკოს ხმა არ მომეწონა. მამა შეშფოთებული იყო და ხმა უკანკალებდა. რამდენიმე წუთში ისევ დავურეკე, მაგრამ უკვე სამივე ტელეფონი გამორთული ჰქონდა. არაადამიანმა შამათავამ მომიკლა მამიკო“, - უთხრა for.ge-ს ქრისტინა ქარდავამ.

თავად თენგიზ გუნავა პაატა ქარდავას საქმეს შეთითხნილს უწოდებს და განმარტავს, რომ ქარდავას საქმის წინ წამოწევა ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ აწყობს.

„ისევე როგორც რომან შამათავა, მე და ჩემი მეგობრები ამ საქმეში არაფერ შუაში ვართ. პირადად ვიცნობდი პაატა ქარდავას, მისი გაუჩინარების შესახებ პოლიციელებმა მაშინ შემატყობინეს, როცა ავტომანქანა სოფელ ხურჩაში იპოვეს. მას შემდეგ ვცდილობდით დაგვედგინა მისი ადგილსამყოფელი, თუმცა მანქანაზე ხელის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. ამ საქმის ჩემთვის გადმობრალება კი, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ჩემი გამარჯვების ეშინია“, - განაცხადა თენგიზ გუნავამ.

ის ქარდავების ოჯახის ბრალდებებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ რამდენჯერმე შეხვდა გარდაცვლილის მეუღლესა და შვილს და ყველა ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც იმ დროისთვის ჰქონდა. თენგიზ გუნავა არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში კიდევ ერთი გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის საქმე ხელისუფლებამ გახსნილად გამოაცხადოს და ამ საქმეშიც ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულოს.

საქმეში თენგიზ გუნავას მონაწილეობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ საქმის გამოძიება ჯერ კიდევ მისი მინისტრობის დროს დაიწყეს. მისი თქმით, ასეთი საქმე ბევრია, რომელიც ბოლომდე იქნება მიყვანილი.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქმე გვქონდა სისტემურ დანაშაულთან, ისეთ დანაშაულებთან, როგორებიცაა - წამება, გაუპატიურება, არადამიანური მოპყრობა, ბიზნესის დატერორება და ადამიანების გატაცება. ამ საქმეში ბრალდებულ პირებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერაქტების მოწყობაში ედებათ ბრალი, ძალიან სამწუხაროა.

ამ საქმის გამოძიება ჯერ კიდევ ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს დავიწყეთ. საუბედუროდ, ასეთი საქმე ბევრია, რომელსაც ჩვენ გავხსნით და ბოლომდე მივიყვანთ. აღმაშფოთებელია, რომ ამ საქმეში ფიგურირებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და ამჟამად გამგებლობის კანდიდატი ბატონი გუნავა. ძალიან მძიმე მოსასმენია, რომ საკუთარ მოქალაქეებს კლავდნენ. მინდა დავპირდე მოსახლეობას, რომ ყველა დამნაშავე სამაგალითოდ დაისჯება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შამათავას გვარი უკავშირდება ჭუბერის მკვიდრის 27 წლის დავით ცინდელიანის გაუჩინარების ფაქტს. ის 2008 წლის 16 აგვისტოს დააკავეს. ცინდელიანი სვანეთში რეინჯერად მუშაობდა, სასწრაფოდ ქუთაისში მეტყევეთა შეკრებაზე გამოიძახეს. ცინდელიანი იმერეთში მამასთან, ზაურ ცინდელიანთან ერთად გაემგზავრა, რომელიც ასევე სატყეოს თანამშრომელი იყო. უკვე შუა ქუთაისში, ავტომანქანას სადაც ცინდელიანები ისხდნენ, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები დასხნენ თავს და დავით ცინდელიანი გაიტაცეს. მას შემდეგ, იგი აღარავის უნახავს. ცინდელიანის მამა, ზაურ ცინდელიანი აცხადებს, რომ მისი შვილის გატაცება დათა ახალაიას ბრძანებით სამეგრელოს კუდ-ის თანამშრომლებმა განახორციელეს.

როგორც ირკვევა, კუდ-ს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ცინდელიანმა სოციალურ ქსელში, მეგობარ რუს გოგონასთან მიმოწერის დროს, ახსენა ბორჯომის ხეობაში გადამალული ქართული ტანკები. სწორედ ეს გახდა მისი ქუთაისში ჩამოტყუების მიზეზი. კუდ-მა ცინდელიანი ჯაშუშობის ბრალდებით აიყვანა და კვალიც გააქრო. ოფიციალური ინფორმაცია ცინდელიანის დაკავების შესახებ შსს-ს ოფიციალურ გვერდზე არ მოიპოვება. ამის მიუხედავად შსს-მ სისხლის სამართლის საქმე ცინდელიანის გაუჩინარების ფაქტზე აღძრა, მეტიც, ჯილდოდ 10 000 ლარიც კი დააწესა, თუმცა, როგორ და ვინ გაიტაცა შუა ქუთაისში 27 წლის ახლაგაზრდა, შსს-მ 5 წლისა და 5 თვის მანძილზე ვერ გამოიძია.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა მიანიშნა, რომ ცინდელიანის ლიკვიდაცია შესაძლოა, აფხაზეთის კუდ-ის ყოფილ უფროსს რომან შამათავას უკავშირდებოდეს.

მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 27 წლის რეინჯერი გარდაცვლილია და მის გატაცებაში აფხაზეთის კუდ-ის უსაფრთხოების უფროსი რომა შამათავაა ეჭვმიტანილი. შამათავას გასამარლებას ითხოვს ცინდელიანების ოჯახიც.

„შვიდი გამომძიებელი იძიებდა ამ საქმეს, მაგრამ საქმე ადგილიდან არ დაძრულა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქმის გამოძიების მოთხოვნით მივმართეთ პროკურატურას. უშიშროების სპეცრაზმმა აიყვანა ქუთაისში, თბილისში მოჰყავდათ, ბორჯომამდე მოსულები იყვნენ, ამ დროს ურეკავს მათ დათა ახალაია და ეუბნება, რომ წაიყვანეთ უკან ბათუმში და ჩააბარეთ აფხაზეთის კუდს, მაშინ კუდ-ის უფროსი იყო შამათავა. ანონიმური წყაროდან ვიცით, რომ შამათავასთან ერთად იყო ჩიქოვანი იგივე „მაიმუნა“. შამათავამ და ჩიქოვანმა აიყვანეს ჩემი შვილი ნავში, სადაც კლავენ, მოაბეს ტყვია და ასე ჩაძირეს ზღვაში“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ზაურ ცინდელიანი.