განვითარების ბანკის იდეა ჯერ ბოლომდე ვერ განვითარდა

განვითარების ბანკის იდეა ჯერ ბოლომდე ვერ განვითარდა

„საქართველოს განვითარების ბანკის შესახებ" კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები ამ დრომდე არ დაწყებულა. ხელისუფლებაში იდეა ძალიან მოსწონთ, ოპოზიციაში - პირიქით. სპეციალისტების აზრიც ორად არის გაყოფილი. ნაწილი სaახელმწიფო ბანკის შექმნას მხარს უჭერს, ნაწილი - კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანონპროექტი მთავრობაში გაჩერებულია, რადგან  გარკვეული საკითხების დაზუსტება მიმდინარეობს.

ეკონომიკის სამინისტროში კი ამბობენ, რომ მუშა პროცესი გრძელდება, თუმცა როდის მიიღებს კანონპროექტი საბბოლოო სახეს და როდის წარედგინება იგი პარლამენტს ამ ეტაპზე უცნობია.

განვითარების ანუ ე.წ. სახელმწიფო ბანკი “საპარტნიორო ფონდის” რეორგანიზების შედეგად ჩამოყალიბდება. იგი უფლებამოსილი იქნება კომერციული ბანკის მეშვეობით გასცეს სესხები, გარანტიები, გამოუშვას ობლიგაციები. თუმცა, ეკრძალება დეპოზიტების მიღება და ანგარიშსწორების განხორციელება. ბანკის ხელმძღვანელად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე სახელდება, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.

პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარი ვახტანგ ლეჟავა ამგვარი სტრუქტურის შექმნას გაუმართლებლად მიიჩნევს. მისი აზრით, ზოგადად ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.

“ლოზუნგები კარგია, მაგრამ ამ ლოზუნგების ნაწილი საერთოდ უნდა დაივიწყონ, ნაწილი არ უნდა დაივიწყონ, მაგრამ უნდა გააკეთონ. მაგალითად, ერთი თვის წინ გვეუბნებოდნენ, რომ შეიქმნება სახელმწიფო ბანკი მიუხედავად იმისა, კარგი იდეაა თუ ცუდი. მე რომ მკითხოთ, ცუდია. რატომ უნდოდათ ბანკის არსებობა - ამაზე  იყო კითხვები, რომლebზეც პასუხები არ არსებობდა. ახლა გადაიფიქრეს და ასევე არ გვაქვს პასუხები. სად არის დღეს ბანკი? ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს კარგი იდეაა. ერთი თვის წინ ხომ თქვეს, სად არის დღეს? ამიტომ, სანამ რაღაცას იტყვიან, უნდა დაფიქრდნენ. სახელმწიფო ბანკს ასიდან 99 შემთხვევაში არ გაუმართლებია”, - ამბობს ლეჟავა “კომერსანტთან” საუბრისას.

სრულიად სხვა მოსაზრებისაა საბანკო ექსპერტი ლია ელიავა. იგი მიიჩნევს, რომ ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის განვითარების ბანკი სწორედ რომ აუცილებელია.

“ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ძირითადად განპირობებულია ვაჭრობისა და საფინანსო სექტორების საქმიანობით, ხოლო რეალური სექტორის, ანუ იმ სექტორის, რომელიც ქმნის ქვეყნის მატერიალურ დოვლათს და ზრდის მოსახლეობის ცხოვრების დონეს, წვლილი ეკონომიკურ ზრდაში უმნიშვნელოა. ეკონომიკის რეალური სექტორი არათუ არ ვითარდება, არამედ, პირიქით, მცირდება. მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ სოფლის მეურნეობა, სადაც წარმოებული პროდუქცია უკანასკნელ ათწლეულში თითქმის განახევრდა.

დიდი ხანია, საფინანსო სექტორმა არა მარტო თავის ხელში მოაქცია ქვეყნის მთელი ფინანსური რესურსები, არამედ შეიწოვა რეალური სექტორის როგორც საწარმოო, ასევე ადამიანური პოტენციალი. ფაქტობრივად, ჰიპერტროფირებული საფინანსო სექტორი არ აძლევს რეალურ წარმოებას განვითარების საშუალებას.

დღევანდელი გადასახედიდან აშკარად არ ჩანს ყველა ეს პრობლემა და ისიც, რომლებიც დროთა განმავლობაში შეიძლება დადგეს. ამიტომ საქართველოს განვითარების ბანკმა უნდა შეძლოს ის, რაც ვერ შეძლო კერძო ბიზნესმა უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში - ამოიყვანოს საქართველო სიღატაკიდან და მისცეს მას შანსი, გახდეს ქვეყანა, სადაც ბავშვობა ბედნიერია, სიმწიფე - უზრუნველყოფილი, ხოლო სიბერე - ღირსეული”, - აცხადებს ლია ელიავა.