შს მინისტრი ქბრბ  მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესის დახურვას დაესწრო

შს მინისტრი ქბრბ მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესის დახურვას დაესწრო

დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი დაიხურა.

კონგრესის დახურვაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, მთავრობის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

დღესვე, კონგრესის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მთავრობათშორის შეთანხმებას განსაკუთრებით საშიში ინფექციების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის და საქართველოს რიჩარდ გ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მომავალი მდგრადობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ქართული მხარისთვის გადმოცემის შესახებ. შეთანხმებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა მოაწერეს.

შსს-ს მიერ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართ ერთიანი და ინოვაციური მიდგომებიდან გამომდინარე, წელს მსოფლიო კონგრესი საქართველოში პირველად გაიმართა და მას შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმასპინძლა. კონგრესის საპატიო დირექტორია საქართველოს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის ინიციატივაც არის ქვეყნის ქბრბ უსაფრთხოების სფეროში ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება.

საერთაშორისო კონგრესი უკვე მეორე ათწლეულია ხორვატიასა და შვეიცარიაში ტარდება და მას ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 250-მდე მონაწილე ესწრება. კონგრესი ეხება ქბრბ ნივთიერებების გაუვრცელებლობას, ქბრბ ინციდენტების შედეგების მართვას, ქბრბ უსაფრთხოებასა და სხვა საკითხებს.

კონგრესს ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ქბრბ უსაფრთხოების საკითხებში ენდრიუ ვებერი, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი აჰმეთ უზუმჩუ, აშშ-ს სამხედრო ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქბრბ სფეროს ექსპერტები მსოფლიოს 38 ქვეყნიდან.

კონგრესის ფარგლებში, რიჩარდ გ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში გაიმართა ბიოლოგიურ ინციდენტზე რეაგირების ერთობლივი საჩვენებელი ვარჯიში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტისა და აშშ-ს ევროპული სარდლობის პირადი შემადგენლობის მიერ.