საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, პრემიებთან მიმართებაში ერთიანი სისტემის კრიტერიუმები ივნისის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. თუ რამდენით განისაზღვრება ზედა ზღვარი, პრემიერისთვის ამ ეტაპზე უცნობია. ამიტომაც სანამ რაიმე გაირკვევა, ყველა მსხვილფეხა მოხელე მოსწრებაზე. ამჯერად წარმოგიდგენთ სხვადასხვა მარეგულირებელი სტრუქტურებში გაცემულ კოლოსალურ პრემიებს.
ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და სააქციო საზოგადოებების საქმიანობას ეროვნული ბაკი არეგულირებს. ენერგოკომპანიებს და წყლის გამანაწილებლებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. ფიჭურ კავშირგაბმულობას და საქალაქთაშორისო ქსელების კომპანიებს ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია.
მარეგულირებლები იმისთვის არსებობენ, რომ ტარიფები გააკონტროლონ, მომხმარებელთა უფლებები დაიცვან და ა.შ. თუმცა ამის სანაცვლოდ, კომისიების წევრები უკვე მრავალი წელია უზარმაზარი ხელფასებით და პრემიებით იკვებებიან.
მარეგულირებლებისთვის გადახდილი პრემიები და ხელფასები ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოიკვლია. აღმოჩნდა, რომ 2013 წელს კომისიის წევრთა სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები, საშუალოდ, 300 000 ლარს უტოლდება.
მაგალითად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა აკაკი სიხარულიძემ გასულ წელს, საერთო ჯამში, 311 744 ლარი მიიღო. სემეკის წევრის სერგო მესხის შრომის ანაზღაურებამ კი 284 289 ლარი შეადგინა.
2013 წელს ცესკოს თავმჯდომარეს (ზურაბ ხარატიშვილი 8 თვე, თამარ ჟვანია 4 თვე), მის მოადგილეს და ცესკოს მდივანს ერთად პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვთ 265 272 ლარი.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა (ოთარ ნადარაია და არჩილ მესტვირიშვილი) დეკემბრის თვეში თითოეულმა პრემიის სახით მიიღო 20 000 ლარი.
IDFI-ში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტ კითხვას ბადებს თანამდებობის პირთათვის გაცემული მაღალი პრემიების საფუძველი.- პრემირების სისტემის მეტი გამჭვირვალობისათვის და საზოგადოებისთვის მეტი ანგარიშვალდებულების გამოხატვის მიზნით, უპრიანია გაცემული პრემიები საჯარო უწყებებმა, თანამდებობის პირების მიხედვით, გამოაქვეყნონ პროაქტიურ რეჟიმში და ასევე დაურთონ პრემიის გაცემის კონკრეტული საფუძველი (ბრძანება).
პრემიებთან და სახელფასო დანამატებთან დაკავშირებული საკითხი რომ მწვავეა, ეს გუშინ ჟურნალისტებისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის დროსაც გამოჩნდა. პრემიერმა პირობა დადო რომ თვის ბოლომდე ერთიანი სისტემა შემუშავდება. ღირიბაშვილმა უშუალოდ მარეგულირებელ კომისიებში გაცემულ თანამდებობრივ სარგოზე და ამ კომისიებში დასაქმებულ ადამიანებზეც გაამახვილა ყურაღდება.
“კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი იყო. კომისიაში ჩარევა არ შეიძლება, გადაყენება და გადმოყენება ასე არ შეიძლება. ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული”, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
სანამ ხელისუფლება რამეს მოიფიქრებს და ზღვარსგადასული მოხელეები მადას მოთოკავს, მანამდე საზოგადოება უკიდურესად გაღიზიანებულია. იმ დროს, როდესაც 2014 წლის ბიუჯეტიდან 150-ლარიანი პენსიის გასაზრდელად თანხა ვერ გამოინახა, რამდენიმე ასეული გაზულუქებული ჩინოვნიკისთვის ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება.