თავდაცვის სამინისტრომ კეთილსინისიერების ამაღლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

თავდაცვის სამინისტრომ კეთილსინისიერების ამაღლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კეთილსინდისიერების ამაღლების სამოქმედო გეგმა“ დამტკიცდა.

გეგმა თავდაცვის სისტემაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის და კორუფციული რისკების შემცირების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ის ორ წელზეა გაწერილი (2014-2015 წლები) და შვიდ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: საპარლამენტო ზედამხედველობა, ანტიკორუფციული პოლიტიკა, ადამიანური რესურსების მართვა, ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვა, სახელმწიფო შესყიდვები, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

თითოეულ მიმართულებაში  ის კონკრეტული ღონისძიებებია გაწერილი, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვნად გაზრდის თავდაცვის სისტემის მართვის ეფექტიანობასა და გამჭვირვალობას. ღონისძიებებთან ერთად გეგმაში დაკონკრეტებულია მათ განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები, კურატორი მინისტრის და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, განხორციელების ვადები და შეფასების ინდიკატორები.

მინისტრის ბრძანების თანახმად, გეგმის შესრულების მონიტორინგს სამინისტროს რეფორმების კოორდინაციის სამმართველო განახორციელებს. ის პასუხისმგებელი იქნება კვარტალური ანგარიშების მომზადებასა და მინისტრისთვის წარდგენაზე.

კეთილსინდისიერების ამაღლების სამოქმედო გეგმა დამტკიცებამდე შენიშვნებისა და წინადადებებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს დაეგზავნათ. თავდაცვის სამინისტრო მომავალშიც განაგრძობს არასამთავრობო სექტორის და ზოგადად, საზოგადოების ინფორმირებას მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ანტიკორუფციული რეფორმებისა და მათი შედეგების შესახებ.