საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა (ვიდეო)

საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა (ვიდეო)

ბრიუსელში მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ნატოს შტაბ-ბინაში ირაკლი ალასანიამ უკრაინელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკთან მიხაილო კოვალისთან გამართა შეხვედრა.

მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „მინდა ვუსურვო დიდი წარმატებები ჩვენს უკრაინელ კოლეგას, იმ ძალიან რთულ საქმეში, რომელსაც მან მოკიდა ხელი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა ძალიან ინტენსიური, მყარი იქნება,  ისეთი, როგორიც ეკადრება უკრაინელ და ქართველ ხალხს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმისთვის, რომ  უკრაინა საქართველოს ყოველთვის  უჭერდა მხარს და მათ ეცოდინებათ, რომ საქართველო ყოველთვის მათ გვერდით იქნება“.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება: „უკრაინა და უკრაინის შეიარაღებული ძალები დიდ მადლობას უხდის ქართველ ერს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც  ჩვენს მიმართ იჩენენ იმ საკმაოდ რთულ სიტუაციაში, რომელშიც იმყოფება უკრაინის შეიარაღებული ძალები. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა სულ უფრო მეტად გაღრმავდება და  ჩვენი ქვეყნების წარმატებამდე მიგვიყვანს“.