ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კირნათის მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ თურქმა მესაზღვრეებმა მათ კუთვნილ საკარმიდამო ნაკვეთებში მუშაობის საშუალება არ მისცეს.
ისინი განმარტავენ, რომ მდინარე ჭოროხის მეორე ნაპირზე, საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარგულებს უკვე წლებია, ამუშავებდნენ და მსგავსი პრობლემა არასდროს შეჰქმნიათ. ახლა კი საზღვარი რამდენიმე მეტრით გადმოიწია.
„მე და ჩემი შვილი ვიყავით წასული ჩემს ნაკვეთში და ვმუშაობდით. შემოგვეხვივნენ თურქი ჯარისკაცები და გვითხრეს, რომ ეს მათი ტერიტორიაა და უნდა დაგვეტოვებინა. ჩვენ არ დავემორჩილეთ, რადგან ვიცი, რომ ჩემი ტერიტორიაა და ჩემივე იქნება. ხელით მანიშნეს, წადიო. ჩვენ შევატყობინეთ ჩვენს მესაზღვრეებს და ჩვენი მესაზღვრეების გამოჩენის შემდეგ ისინი გაიქცნენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მუჰამედ ცინცაძემ.
ადგილობრივების თქმით, საზღვარზე გაუგებრობა აშკარაა, რადგან ჭოროხმა კალაპოტი თურქეთში მშენებარე კაშხლების გამო შეიცვალა და სავარგულები მდინარის მეორე მხარეს აღმოჩნდა. თავად საზღვარი კი წლების განმავლობაში სწორედ ამ მდინარით იყო გაყოფილი. ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, იმის გამო, რომ ხელისუფლების მხრიდან ვერანაირი დახმარება ვერ მიიღეს, სოფელში გამოჩნდა რუსულწარწერიანი ბანერები- „რუსეთო, დაგვეხმარე, თურქეთი გვართმევს ტერიტორიებს“.
ადგილობრივებმა საპროტესტო აქციაც გამართეს საქართველო-თურქეთის საზღვართან. აქციის მონაწილეებს შორის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, დავით თარხან-მოურავიც იყო. აქციაზე მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე ადამიანი ბათუმიდანაც ჩავიდა.
ამ ინფორმაციის პარალელურად, სასაზღვრო უწყებაში იუწყებიან, რომ ადგილზე სიტუაციას მესაზღვრეები აკონტროლებენ, ხოლო თურქი მესაზღვრეების მიერ საქართველოს სასაზღვრო ზოლზე უნებართვოდ გადმოსვლის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო მეტიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია განმარტავს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სავარგულებში გასვლის საშუალება ისევ აქვს.
ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კირნათთან დაკავშირებულ პრობლემებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც უარყოფს. მისი თქმით, იქ არანაირი საზღვრის გადმოკვეთა, სპეცნაზის გადმოსვლა არ ყოფილა.
„ძალიან ოდიოზური ადამიანების მხრიდან იყო ეს კომენტარები გაკეთებული. ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ“, – განაცხადა პრემიერმა.
For.ge-მ ადგილობრივებთან სცადა იმის გარკვევა, თუ რა ხდება სოფელ კირნათში.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატების" თავჯდომარე სულხან ღლონტი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს საზღვარი ერთი სანტიმეტრითაც არ გადმოწეულა. ამდენად, მან არ იცის, ამ თემის გააქტიურება უკავშირდება თუ არა არჩევნებს ან სხვა რაიმეს.
მისი თქმით, სიტუაციაში გარკვევა იმ ღამესვე სცადა, საზღვრის დაცვაში კი მას დაუდასტურეს, რომ მსგავსი საშიშროება არ არსებობს. ამდენად, სულხან ღლონტისთვის საზღვრის დაცვის ოფიციალური განმარტება სანდო და მისაღებია.
„მდინარე ჭოროხმა შეიცვალა კალაპოტი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ კალაპოტის ცვლილებით ისარგებლეს ჩვენმა მეზობლებმა და საზღვარი გადმოწიეს. ეს არ არის მართალი, რადგან ჭოროხის დელტაში რა ცვლილებებიც არ უნდა განხორციელდეს, საზღვრის დემარკაცია არ მოხდება, საზღვრის გავლება არ ხდება რაიმე კონკრეტული ერთი ბოძით ან ნიშნულით, ეს ხდება კოორდინატებით. შესაბამისად, ზუსტად იმ კოორდინატებში გადის დღესაც საქართველო-თურქეთის საზღვარი, სადაც აქამდე გადიოდა. ნეიტრალური ზონა არის იქ, სადაც აქამდეც იყო ნეიტრალური ზონა. მადლობა ღმერთს, ამ ტიპის პრობლემა ქართველებს არ გვაქვს. ერთადერთი ქვეყანაა თურქეთი, რომელთანაც ოფიციალურად საერთაშორისო სამართლით აღიარებული საზღვარი გვაქვს გავლებული, განსხვავებით, ჩვენი სხვა საზღვრებისგან. თუმცა გულწრფელად გეტყვით, აქ ორი სხვადასხვა საკითხია. ერთია ჰესების თემა, რომელიც მწვავედ დგას და ბევრი პრობლემაა მასთან დაკავშირებით, ხელისუფლება ამ საკითხში აქტიურადაა ჩართული და ის არის მომლაპარაკებელი ადგილობრივ მოსახლეობასა და ინვესტორებს შორის. თუ ამ თემის გაგრძელებაა ის, რაც ხდება საზღვართან დაკავშირებით, ეს შეცდომაა და ხელოვნურად საკითხის დაძაბვაა. რაც შეეხება მეორე თემას, პოლიტიკურ სიტუაციას, არ მინდა დავიჯერო, რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკური პარტია, რომელიც მსგავს მწვავე თემებს გამოიყენებს „სათავისოდ“, რადგან ეს არის ძალზე საფრთხილო თემა“,-გვითხრა სულხან ღლონტმა.
მანვე აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ ქვეყნის შიგნით არ რჩება და საერთაშორისო რეზონანსის მქონეა, რაც ძალიან ურტყამს ჩვენს საინვესტიციო კლიმატს. თუკი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ახალი პრობლემები შეექმნება თურქეთის რესპუბლიკასთან, მაშინ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩვენი საინვესტიციო კლიმატი. შესაბამისად, სულხან ღლონტი ფიქრობს, ცალკეულ პოლიტიკოსთა არცერთი ხმა არ ღირს იმად, რომ რისკის ქვეშ დააყენონ ქვეყანა.
„თვალშისაცემი იყო, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იმყოფებოდა სოფელ კირნათში. მათი არგუმენტი შეიძლება იყოს ის, რომ მათ მიიღეს ინფორმაცია საზღვრის გადმოწევის შესახებ და წმინდა პატრიოტული მოტივით გადაამოწმეს ეს ინფორმაცია. მათ აქვთ ამის უფლება, რადგან ეს ქვეყანა ყველასია. ამიტომ, თუ ეს ხდება გულწრფელი განცდით, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ხოლო, თუ ეს პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით კეთდება, დიდი შეცდომაა“.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აგრარული და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ აბაშიძე For.ge-სთან საუბარში თურქების მიერ საზღვრის გადმოწევას არ ადასტურებს. მისი თქმით, მან იურისტებთანაც გაიარა კონსულტაცია და გაარკვია, რომ თურქეთსა და ჩვენს მხარეს არსებული 50-მეტრიანი ნეიტრალური ზონა არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი ჩვენი მხრიდან.
„თავიდან მეც გამისკდა გული, როცა მითხრეს, საზღვარი გადმოსწიესო. ავედი ადგილზე და ყველაფერი წესრიგში იყო. რას ნიშნავს თურქი მესაზღვრეები კუთვნილ საკარმიდამო ნაკვეთში მუშაობის საშუალებას არ გვაძლევენ? რას ნიშნავს კუთვნილი ნაკვეთი? მაგ მიწების დამუშავება, იცით, როგორ მოხდა? დემირელის კაშხლის აშენებისა და ჭოროხის გადაკეტვის შემდეგ ჭოროხმა შეიცვალა კალაპოტი. ამ კალაპოტის შეცვლით საზღვარს ზიანი არ მიადგა, საზღვარი დარჩა თავის ადგილას. უბრალოდ, მიწა გამოჩნდა და კუნძული გამოიკვეთა. მანამდე იქ თურქეთის მხრიდან იყო მდინარე ჭოროხი და შესვლა, მისვლა თუ მიახლოება ხდებოდა ან ნავის, ან რაიმე სხვა საშუალებით, ცურვით იქ არავინ გადადიოდა. მას შემდეგ, რაც ჩვენი ნეიტრალური ტერიტორიის აქეთ მიწის ეს ნაწილი გამოჩნდა, მოსახლეობის ნაწილმა მისი დამუშავება გადაწყვიტა, მოგვიანებით ისინი ძალიან მიუახლოვდნენ საზღვარს და ზუსტად იმ 50-მეტრიან ნეიტრალურ ზონაში შევიდნენ. ამის გამო თურქი მესაზღვრეები საზღვართან მოვიდნენ და ჩვენები გააფრთხილეს, ეს არ მომხდარიყო. ორი თუ სამი დღის მერე კვლავ განმეორდა ეს ამბავი და ადგილობრივები ამბობდნენ, თურქი მესაზღვრეები იარაღებით იყვნენო. ცხადია, მესაზღვრე იარაღით იქნებოდა. მე უშუალოდ გახლდით ადგილზე, ვესაუბრე ჩვენს მესაზღვრეებსაც, ვნახე მოსახლეობა და იქ ნამდვილად ისეთი არაფერი მომხდარა. ეს არის ჭიქაში ამტყდარი ქარიშხალი. არ მინდა, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისკენ ხელი გავიშვირო, ეს სენსიტიური საკითხია და არ გვაწყობს“,-გვითხრა მერაბ აბაშიძემ.
For.ge ბათუმელ პოეტს - ვახტანგ ღლონტსაც დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ ამ ფაქიზი თემის შესახებ ხელაღებით ვერ ისაუბრებს, მაგრამ ადასტურებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები მართლაც აქვს. ამიტომ ეს პრობლემა უმაღლეს დონეზე, ფაქიზად და ფრთხილად უნდა გადაწყდეს და არ უნდა იყოს თვითდინებაზე მიშვებული.
„ბევრჯერ გაგვექცა სადავეები და ამან ბევრჯერ დაგვაზიანა. ადგილობრივები შეწუხებულნი არიან. იქ ჰესია აშენებული, მათ აფრთხობთ ის, რომ ამის გამო რელიეფი შეიცვალა, მდინარე ისე ვერ მოდის, ნაკვეთებმაც გადაიწია, არის დატბორვის საშიშროება. ერთი ახალგაზრდა ყმაწვილია დაღუპული, უცებ ადიდდა მდინარე და იგი წაიღო. ადგილობრივები განიცდიან, რომ შეიძლება დარჩნენ სავარგულების, სახნავ-სათესის გარეშე, ხვალ და ზეგ შეიძლება დაიტბოროს იქაურობა. ეს კომპლექსური საკითხია. სოფელ კირნათში ჩასული გახლდით, მტკივა ეს ადგილები, რადგან ამ კუთხის შვილი ვარ. ადგილობრივები ამბობდნენ, თურქმა მესაზღვრეებმა კუთვნილ საკარმიდამო ნაკვეთში მუშაობის საშუალება არ მოგვცესო. ეს მოისმინა მთელმა საქართველომ და მე რომ არ დავადასტურო, არ გამოვა. მე ვნახე სოფლის შეწუხებული მკვიდრნი, გლეხი ყოველთვის საშიშროების ქვეშაა და ბუნებით აქვს იმ ადამიანს შიში, რომ არ დაკარგოს მიწა, რაზეც დგას მისი ოჯახის მომავალი და ბიუჯეტი. ამ ხალხთან დალაპარაკება და შეთანხმების მიღწევაა საჭირო ჩვენი მთავრობის მხრიდან. საზღვრის თემაც ჩვენი, ანუ მოქალაქეების დონეზე არ უნდა გადაწყდეს. სპეციალურმა კომისიამ უნდა შეისწავლოს ეს საკითხი. იქაურებს ისედაც უჭირთ, ძლივს სარჩო-საბადებელი მოჰყავდათ“,-აღნიშნა ვახტანგ ღლონტმა.