სარკინიგზო წინასაარჩევნო გარჩევები

სარკინიგზო წინასაარჩევნო გარჩევები

წინასაარჩევნოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგ სამიზნედ „საქართველოს რკინიგზა“ გაიხადა. საერთოდ, რკინიგზის კრიტიკა ყველა ოპოზიციის „ვალია“. რამდენადაც ამ ორგანიზაციას ბოლო ჟამს მართლაც პრობლემები ჰქონდა, ნაცმოძრაობა ამ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდა? თუმცა ვალში არც „საქართველოს რკინიგზა“ დარჩა და ყველაფერი „მორიგ სიცრუედ“ და „დეზინფორმაციად“ შეაფასა.

ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, წელიწადნახევარში, საქართველოს რკინიგზამ 10-წლიანი რეგრესი განიცადა. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რკინიგზის 2014 წლის გადაზიდვების გეგმად განისაზღვრა 20 მილიონი ტონა ტვირთი, რაც 2011 წლის მაჩვენებელია, ხოლო აპრილის მონაცემებით, მოსალოდნელი შესრულება არის 15 მლნ ტონა.

„ეს არის 2004 წლის მაჩვენებელი. ანუ კომპანიამ 1,5 წელიწადში განიცადა 10-წლიანი რეგრესი“, - აცხადებს ჯაფარიძე.

ნაცმოძრაობის შეფასებით, ეს არის შედეგი იმისა, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიას მართავს სრულიად არაკომპეტენტური ხალხი. ჯაფარიძის განცხადებით, რკინიგზის მენეჯმენტში უხეშად ერეოდნენ და ერევიან არაუფლებამოსილი პირები „ექსპერტ“ გია ხუხაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის „საყვარელი დეიდაშვილის“, უჩა მამაცაშვილის სახით. საპარლამენტო უმცირესობის წევრი აღნიშნავს, რომ მოხდა გადამზიდის მონოპოლიზაცია და ისეთი სატარიფო პოლიტიკის შემოღება, რომელიც იძლევა კორუფციული გარიგებების დადების შესაძლებლობას.

„ასეთ ვითარებაში, ცხადია, საუბარი ზედმეტია როგორც თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაზე, რომლის დასაფინანსებელი სახსრებიც რკინიგზას აღარ აქვს, ისე შეკვეთებზე ელმავალმშენებელი და ვაგონმშენებელი ქარხნებისთვის, რომელთა თანამშრომლების უდიდესი ნაწილი უკვე თვეებია უხელფასო შვებულებაშია გაშვებული.

„საქართველოს რკინიგზაში არსებული პრობლემების გამო, მილიონობით ტონა დაკარგული ტვირთი აზიიდან ევროპაში ხვდება საქართველოს გვერდის ავლით, ანუ რუსეთის გავლით და ეს არის დაკარგული კონკრეტული შემოსავლები საქართველოსთვის. ეს ნიშნავს, რომ ხდება საქართველოს სტრატეგიული ფუნქციის - აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი დერეფნის - სრული ეროზია, რაც ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა“, - აცხადებს ჯაფარიძე.

„ნაციონალურ მოძრაობას“ სასწრაფოდ უპასუხა „საქართველოს რკინიგზამ“ და ეს განცხადება „მორიგ სიცრუედ“ და „დეზინფორმაციად“ შეაფასა. ამჯერად მენეჯმენტმა „ყოველგვარი ეჭვების გასაქარწყლებლად“ მშრალი ინფორმაცია წარმოადგინა.

„კომპანიის 2013 წლის აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელიც დათარიღებულია 2014 წლის 15 მაისით, ნათლად ჩანს წლის მთლიანი შემოსავალი, რომელიც 480 მლნ ლარია, საიდანაც შემოსავალი სატვირთო გადაზიდვებიდან იყო 425 მლნ ლარი. აღნიშნული მაჩვენებლით რკინიგზამ მოხსნა ისტორიული რეკორდი! აქედან გამომდინარე, 10-წლიან რეგრესზე საუბარი, იმ პერიოდში, როდესაც კომპანია თავისი ისტორიის მანძილზე ყველაზე მაღალ შემოსავლებს აჩვენებს, უადგილოა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა გაცნობოთ, რომ სს საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ დიდი ოთხეულის მიერ აუდირებული 2013 წლის ფინანსური ანგარიშგება, რომლის მიხედვითაც ნათელია, რომ 2013 წელს რკინიგზამ შეძლო, როგორც საერთო შემოსავლების, ასევე შემოსავლების სატვირთო გადაზიდვებიდან ისტორიულ მაქსიმუმის მიღწევა“, - აცხადებენ რკინიგზაში.

კომპანია უახლეს მონაცემებსაც აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 2014 წლის მაისის გადაზიდვები გაზრდილია დაახლოებით 100 ათასი ტონით 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სახეზეა ზრდის ტენდენცია და არსებობს ყველა წინაპირობა, რათა 2014 წლის საერთო შემოსავლებმა გადააჭარბოს 2013 წლის რეკორდულ მაჩვენებელს.