ინვესტიციური გარემო და სახელმწიფო ბიუჯეტი

ინვესტიციური გარემო და სახელმწიფო ბიუჯეტი

ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანობის მაქსიმალიზაციისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მაკროეკონომიკური და მიკროეკონომიკური მართვის შესაბამისობის უზრუნველყოფას და მათ სინქრონიზაციას, რადგანაც მათი ერთმანეთსაპირისპიროდ მოქმედება აუცილებლად გამოიწვევს თითოეული მათგანის დასუსტებას და საერთო სარგებლიანობის დაცემას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი ფაქტორი ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის არის განხორციელებული ინვესტიციები, როგორც ქვეყნის გარედან ასევე, საბიუჯეტო სტიმულები როგორც გამონაკლისი გარკვეულ ეტაპზე, რადგანაც ინვესტიციები არის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის, დასაქმების მაქსიმალური უზრუნველყოფის და მყარი სოციალური დაცვის მთავარი ფაქტორი.  

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში, ცნობილმა მეცნიერმა უ. როსტოუმ მრავალი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კვლევის საფუძველზე განსაზღვრა პირობები, რომელიც აუცილებელია მაღალ განვითარებული ეკონომიკის სიმწიფის სტადიის, ანუ ინდუსტრიული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის. აქ ყველაზე მნიშვნელოვნად მან ჩათვალა ინვესტიციების გადიდება იმ დონემდე, რომელიც ჭარბობს მშპ 10%-ს, ასევე ისეთი პოლიტიკური, სოციალური და ინსტიტუციური სტრუქტურის არსებობა, რომელიც ეკონომიკური ზრდის სტიმულების გამოყენების საშუალებას იძლევა. ჩვენ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი, თუ არ ჩავთვლით 2007-2008 წლებს, ჩამორჩება ზემოთ მოცემულ პარამეტრს, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტის გრძელვადიან სტრატეგიაში განსაზღვრულია 2014 წელს ამ პარამეტრით 31%-მდე ზრდა.

ტრანსფორმაციული ეკონომიკის ქვეყნებში არ არის და ვერ იქნება ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც ინვესტორებისთვის აუცილებელი გარანტია იქნებოდა. სამწუხაროდ, არც ფართო და შეძლებული დიასპორით ვართ ცნობილი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში – ისე, როგორც მაგალითად ჩვენი მეზობელი სასომხეთია, ამ მხრივ ბრწყინვალე მდგომარეობაშია, ცნობისათვის მარტო საფრანგეთიდან სომხური დიასპორის მიერ, მხოლოდ 2008 წელს 100 მილიონამდე ინვესტიცია იქნა განხორციელებული, ხოლო არგენტინიდან - 90 მილიონამდე. როგორც ცნობილია საშიში განცხადებები კეთდება ჩვენს მიმართ, ამიტომ ინვესტიციების შემოტანა ძალიან ძნელია.

დავიწყოთ იქიდან, რომ 2004 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოში შეადგინა 499 მილიონი დოლარი; 2005 წელს - 450 მილიონი დოლარი (გარკვეული კლება წინა წელთან შედარებით გამოწვეული იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დამთავრებით); 2006 წელს – 1190 მლნ დოლარი; 2007 წელს – 2014 მლნ დოლარი. 2008 წელს საქართველოში შემოსულმა ინვესტიციებმა 1 564 მილიონი დოლარი შეადგინა რაც წინა წელთან შედარებით 600 მილიონით ნაკლები იყო, რაც გამოწვეული იყო აგვისტოს საომარი მოქმედებებით. 2009 წელს კი ინვესტიციების მოცულობა შემოდინება თითქმის 60 %-ით შემცირდა და დაახლოებით 660 მლნ-ს მიაღწია. 2010 წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა დაახლოებით 500 მილიონი ლარი. წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 10-12%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ამ თანხების უმეტესობა თითქმის 70% მოდის რეალურ სექტორში, მათ შორის ტრანსპორტსა და კომუნიკაციებში თითქმის 160 მილიონი; მრეწველობაში – 65 მილიონი, ხოლო საფინანსო სექტორში - 70 მილიონი. ეს უკანასკნელი საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების გამართული მუშაობის შედეგია.

აღსანიშნავია, რომ 2009-2010 წლებში მსოფლიოში უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებით ხასიეთდება. მაგალითად 2008 წელთან შედარებით 2009 წელს განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 0,5 ტრილიონი დოლარით შემცირდება და 1,2 ტრილიონ დოლარი შეადგენა. ამ ფონზე საქართველო ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებულად გამოიყურება.

ძირითადი პრობლემები ინვესტიციების შემოსვლის თვალსაზრისით, საქართველოს ძირითადად საომარი მოქმედებების შედეგად შეექმნა. აღსანიშნავია, რომ საომარ მოქმედებებს თან დაერთო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. თავისთავად ინვესტიციების ისეთი ბუმი, როგორიც იყო 2007 წელს, როცა ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების მოცულობამ 2 მლრდ-ს გადააჭარბა, ძნელად განმეროდება, რადგან ის პოლიტიკური ნება, რომელიც ქვეყანამ გაიმოჩინა, პირველ ეტაპზე უფრო ეფექტიანი იქნებოდა ვიდრე შემდგომ ეტაპებზე და ასეც მოხდა. ვინაიდან რაც არ უნდა აუთვისებელი იყოს ქვეყნის ეკონომიკა, გარკვეულ ეტაპზე, ინფრასტრუქტურის განვითარების გარკვეულ დონეზე ინვესტიციების “ჩადების” შესაძლებლობები სულ უფრო კლებულობს. 2004-2010 წლებში დაახლოებით რვა ქვეყანაზე მოდის განხორციელებული ინვესტიციების 70-80%. ეს ქვეყნებია: ჩეხეთი, ყაზახეთი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, თურქეთი, რუსეთი, ნიდერლანდები და ამერიკის შეერთებული შტატები.

უცხოური ინვესტორების დიდი დაინტერესება განპირობებული იყო იმითიც, რომ საქართველოს მიერ შეთავაზებული იქნა საკმაოდ მომგებიანი და მიმზიდველი ობიექტები ხელსაყრელი პირობებით.

ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ ჩეხურმა კომპანია “ENERGY PRO”-მ (იგი ესპანეთშია დაარსებული, ძირითად სამუშაოებს ჩეხეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში აწარმოებს. 2006 წელს მან ორი ჰესის მშენებლობა თურქეთში დაიწყო და ენერგოობიექტების შესყიდვით საქართველოს ბაზარზეც შემოვიდა) შეისყიდა გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია და აჭარის სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, ასევე ექვსი ჰესი: “ძევრულჰესი”, “ლაჯანურჰესი”, “გუმათჰესი”, “შაორჰესი”, “რიონჰესი” და “აწჰესი”. ამ გარიგების ღირებულებამ 312 მილიონ 350 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ დიდი ინვესტიცია იყო, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენ შევზღუდეთ სხვა ინვესტორების შემდგომი მონაწილეობა და დაინტერესება ენერგოსადისტრიბუციო სექტორში, რადგან ჩვენ “ENERGY PRO”-ს მივანიჭეთ ექსკლუზიური უფლება ენერგო განაწილების საქმეში.

ინვესტიციების შემოდინების პირველ ეტაპზე საკმაოდ აქტიურობდა ყაზახეთის სახელმწიფო და მათი წარმომადგენელი - “ყაზტრანსგაზი”, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა. ამ კომპანიას თბილისის გაზის დისტრიბუცია (გაკოტრების შემდეგ) 230 000 აბონენტით, 2000 კმ ქსელით, 4 700 კომუნალური ობიექტით, 600 მსხვილი საწარმოს მომსახურებით - 12, 5 მილიონ დოლარად მიჰყიდა, რომელმაც შემდგომში ვერ უზრუნველყო ამ კომპანიის მართვა და უფრო მეტიც - აღნიშნული კომპანია აღმოჩნდა ვალებში და ინვესტორი საერთოდ გაუჩინარდა. დღესაც გაუგებარია ვისი საკუთრებაა ან რა ფორმით არსებობს თბილისის გაზის სადისტრიბუციო კომპანია.

გარკვეულ ეტაპზე ბევრმა უცხოურმა კომპანიამ გააჩერა ინვესტიციების განხორციელება საქართველოში, მაგალითად ყაზახეთმა ამ ეტაპზე უარი თქვა ბათუმში ნავთობტერმინალის მშენებლობაზე, თითქოსდა ტერიტორიის უკმარისობის გამო. ასევე, ყაზახურმა კომპანიამ ს.ს. “პროდკორპორაციამ” უარი თქვა ფოთში მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობაზე, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა დაეწყო. ცნობისათვის ეს კომპანია არის ყაზახეთის სახელმწიფოს 100%-იანი წილით შექმნილი კომპანია, რომელიც ყაზახური ხორბლის 70%-ს აკონტროლებს.

აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ქართული მხარის წილი 50% უნდა ყოფილიყო, რაც მნიშვნელოვანი დანაკლისია ქვეყნის ეკონომიკისათვის. 2009 წელს დაახლოებით 900 მილიონამდე ინვესტიციებიის შემოსვლა იყო მოსალოდნელი, ხოლო ფაქტიური მაჩვენებელი თითქმის 4-ჯერ ნაკლები აღმოჩნდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა 2008 წლის განმავლობაში განხორციელებულ ინვესტიციებს.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მსოფლიოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2008 წელთან შედარებით 0,15 ტრილიონი დოლარით შემცირდა და 1,2 ტრილიონ დოლარი შეადგინა. 2010 წელს საქართველოში ნავარაუდებია 1,2 მილიარდი ინვესტიციების შემოდინება, რამაც ქვეყანას საშუალება უნდა მისცეს, ეკონომიკის 2%-ანი ზრდის. თუმცა დღეის მდგომარეობით გაურკვეველია შემოსული ინვესტიციების მოცულობა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია ინვესტიციებთან ძალზე ფრთხილი და პროფესიონალური დამოკიდებულება. ნებისმიერი ინვესტიციის შემოდინება ქართულმა მხარემ მიერ გრძელვადიან სტრატეგიაში წინასწარ უნდა გაითვალოს. უნდა ვიცოდეთ, როგორი პირდაპირი და ირიბი სოციალური ეფექტი ექნება, ასევე - რამდენად მაღალია ამ ინვესტიციების სოციალური ფასი. არაერთი მაგალითი გვაქვს ჩვენ იმისა, როდესაც ინვესტიციები შემოვიდა ჩაიდო უძრავ ქონებაში (თავისთავად, ეს ცუდი არ არის) და შემდგომ აღნიშნულმა ინვესტიციებმა არავითარი სოციალური ეფექტი არ მოიტანა.

რაც შეეხება ინვესტიციების განხორციელებას სექტორების მიხედვით, თვალშისაცემია, რომ ყველაზე დიდი ინვესტიციები განხორციელებულია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში. 2007 წელს ეს იყო 20%-ზე მეტი, 2008 წელს - 28%. 2009 წელს - 16%. 2010 წლის 9 თვის მონაცემებით იგი შეადგენს -29%, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მრეწველობაში შესაბამისად 2007 წელს – 19%, 2008 – 13%, 2009 – 21%, 2010 – 15%. ხოლო სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების შემოდინების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გატარდეს პროტექციონისტული პოლიტიკა.

მიმდინარე მსოფლიო კრიზისმა დაადასტურა, რომ რაც არ უნდა თავი შევიკავოთ სახელმწიფოს ჩარევისაგან და მივყვეთ “უხილავი ხელის” პოლიტიკას გარკვეულ ეტაპზე მაინც, აუცილებელია ეკონომიკური რეგულრიება ამა თუ იმ ეტაპზე. ბოლო პერიოდში ეკონომიკის მართვის ასეთ ფორმას ვერ გაექცა, მსოფლიოს თითქმის ვერც ერთი ქვეყანა (რაც არ უნდა შეფარვითი იყოს).

დღეს თითქმის ყველა განვითარებული სახელმწიფომ პრაქტიკაში გამოიყენა და აღიარა კეინსიანიზმის თეორიის აუცილებლობა. თუნდაც ეკონომიკური კრიზისის დაძლევის პროცესში. როგორც მოგეხსენებათ კეინსური თეორიისათვის მთავარია ურთიერთკავშირი ინვესტიციებს, მოხმარებასა და შემოსავლებს შორის. კეინსი ამტკიცებდა, რომ ინვესტიციების რეგულირებისათვის აუცილებელია სახელმწიფოს მიერ პროცენტის რეგულირება, მაგრამ კრიზისების პრაქტიკა უჩვენებდა რომ არ არსებობს მჭიდრო კავშირი პროცენტის ნორმასა და ინვესტიციებს შორის. აქედან გამომდინარე იგი მივიდა დასვკნამდე, რომ ფულადი-საკრედიტო პოლიტიკა კრიზისიდან გამოსვლისათვის აბსოლუტურად არაეფექტიანი საშუალებაა. მისი აზრით კრიზისიდან გამოსასვლელად მთავარი იყო სახელმწიფო ინვესტიციების გადიდება და მეწარმეებისათვის მასტიმულირებელი საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციელება.

ფაქტიურად, კეინსმა აღიარა, რომ არ არსებობს სრულყოფილი კონკურენციის პირობები და მისთვის დამახასიათებელი წონასწორობის პირობები, რომ კაპიტალიზმისათვის დამახასიათებელია ციკლური განვითარება კრიზისებისა და აღმავლობის ფაზით. დაასაბუთა რომ სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში, მთავრობის ფუნქციების გაფართოება ერთადერთი საშუალებაა არსებული ეკონომიკური ფორმების რღვევის თავიდან ასაცილებლად და საბაზრო ეკონომიკის წარმატებით ფუნქციონირებისათვის. ეკონომიკური წონასწორობითი მდგომარეობის დასაბრუნებლად, ღრმა კრიზისის, დეპრესიის, უმუშევრობის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია სახელმწიფოს სახელმწიფოს აქტიური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკაში.

შემდგომში ნეოკლასიკური სინთეზი (რომლის ავტორი იყო ჯ. ხიკსი - 1939 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში “კეინსი და კლასიკოსები”) გახდა ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების კეინსური პოლიტიკის საფუძველი, რომელმაც მოიცვა, როგორც ფისკალური ისე, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. რეგულრიების ინსტრუმენტად აღიარეს საბიჯეტო პოლიტიკა, კერძოდ სახელმწიფოს გასავლებისა და შემოსავლების, საგადასახადო განიკვეთების გამოყენება მოთხოვნის შესამცირებლად ან გასადიდებლად და ფულად-საკრედიტო ღონისძიებები. პროცენტის განიკვეთის ცვლილება ღია ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ინვესტიციების შემოდინებას და ზრდას ხელი შეუწყო, როგორც უკვე ვთქვი, ზოგადად პოლიტიკურმა ნებამ. ასევე მნიშვნელოვანი იყო ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები, ამ საკითხში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართვა, სტაბილური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, გადასახადების ოპტიმიზაცია, ლიცენზირებისა და ნებართვების გამარტივება და შემცირება, უძრავი ქონების რეგისტრაციის გამარტივება, გაკოტრების კანონის ამოქმედება. ასევე გაადვილდა საგადასახადო რეგისტრაცია. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით 26 ქვეყანასთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება.
სწორედ ამის დასტური იყო ის, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის “IFC მოხსენებაში “Doing Buisness – 2010”, რომელიც მოიცავდა 183 ქვეყნის მაჩვენებელს, ბიზნესის დაწყების ხელსაყრელი გარემოს თვალსაზრისით საქართველომ დაიკავა მე-13 ადგილი, ხოლო მიმდინარე წელს “Doing Buisness – 2011” თანახმად ბიზნეს და მარეგულირებელი გარემოს თვალსაზრისით საქართველო დასახელდა ყველაზე აქტიურ და რეფორმატორულ ქვეყანად 174 ქვეყანას შორის.

ცნობილია, რომ აქ ლიდერობენ ისეთი სახელმწიფოები, როგორიც არის აშშ, ჰონგ-კონგი, ახალი ზელანდია და სხვა ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან საქართველო აღმოჩნდა პირველ ადგილზე.

მომავალი წლის ბიუჯეტშიც მშპ-ს ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი უნდა იყოს განსახორციელებელი ინვესტიციები, (რომლის საპროგნოზო მაჩვენებელმა, 2 მილიარდს უნდა გადააჭარბოს) ხოლო საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება არის მაკროეკონომიკული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. მშპ მიმდინარე წელს განსაზღვრულია 22 მილიარდი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით გაზრდას ნიშნავს. ხოლო თუ შევადარებთ 5-6 წლის წინანდელ მაჩვენებლებს თითქმის 5-ჯერ გაზრდილია. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი მცირედით იზრდება და მისი საპროგნოზო მოცულობა 7,1 მილიარდი ლარია აქ აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოსავლები 2009 წელთან შედარებით 4,1 მილიარდიდან 5,3 მილიარდამდეა-მდე იზრდება, რაც უდაოდ დადებითი ტენდენციაა. რის საფუძველიცაა საგადასახადო ბაზის გაფართოება, გადასახადების მაქსიმალურ ლეგალიზაცია და ეკონომიკის ზრდა. ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით შემცირებულია თითქმის 50%-ით და შეადგენს 505 მილიონ ლარს.

ძალზე მნიშვნელოვანია თვითონ ის ფაქტი, რომ ეკონომიკის სტიმულირებისათვის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 1,5 მლრდ-ის ინვესტიციის განხორციელება ყველა მიმართულებით. აქედან 570 მლნ-მდე საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება. ხოლო სარკინიგზო-სატრანსპორტო სისტემის რეფორმირებას - თითქმის 600 მლნ ლარი. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის საქართველოს რკინიგზის მიერ უცხოეთის ბაზარზე წარმატებით განთავსებული ობლიგაციით მოზიდული თანხები, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ეს ბიუჯეტიდან კი არ ფინანსდება, არამედ უბრალოდ აისახება მასში. რკინიგზა თავის თავს აფინანსებს მოზიდული სახსრებით.

რაც შეეხება ტურიზმის განვითარებას თითქმის 70 მლნ. ასევე პირველად მნიშვნელოვნად იზრდება სოფლის მეურნეობის დაფინანსება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ასეთი ინვესტიციების განხორციელება უდაოდ შედეგის მომტანია, ვინაიდან ჩვენ ამით ვქმნით დამატებით ეროვნულ სიმდიდრეს, სახელმწიფო კაპიტალს, ახალ სამუშაო ადგილებს, რომელსაც პირდაპირი თუ ირიბი გრძელვადიანი სოციალური ეფექტები აქვს. ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია დედაქალაქის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, ძველი თბილისის რეაბილიტაციას. სამშენებლო კომპანიების სტიმულირებას, სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, საბანკო სექტორის ჩართვას ამ საქმეში და ა.შ. აღნიშნულ პროექტზე 100 მილიონ ლარზე მეტია უკვე დახარჯული. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ყველა წამყვანმა ქვეყანებმა, დაწყებული - ამერიკიდან, დამთავრებული - იაპონიამდე, გამოიყენა ეკონომიკური სტიმულირების ესა თუ ის ფორმა და დავა იმაზე, რომ სახელმწიფო ზედმეტად ითავისებს ამ პრობლემას, უადგილოა. 

რაც შეეხება სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მოცულობას 2011 წლისთვის 10 მლრდ ლარამდე გაიზრდება, საგარეო ვალი - 850 მლნ-თ, ხოლო საშინაო - 100 მლნ-თ - რაც გამოწვეულია სახაზინო ვალდებულების გამოშვებით. სახელმწიფო ვალი მშპ-ს 45%-ს შეადგენს. ამ ვალის გაზრდის მიზეზი მოგეხსენებათ არის 4,5 მლრდი, რომელიც ჯერ კიდევ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყების წინ გამოყვეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ამ ვალის ყველაზე დიდი მოცულობა მოდის მსოფლიო ბანკზე, და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკზე დაახლოებით - 3 მლრდ-ზე მეტი, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს უკანასკნელი არის უაღრესად შეღავათიანი სესხი.

მთლიანობაში სახელმწიფო ვალი საკმაოდ დიდია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სხვა ძლიერ განვითარებულ ქვეყნებშიც არის საგარეო ვალი უფრო მაღალი, მაგალითად საბერძნეთში ის შეადგენს, მშპს – 125%, იტალიაში - 100%-მდეა, აშშ-ში – 65%-ს, უკრაინაში – 42%. ხოლო ჩვენ მეზობელ სომხეთში იგი 50%-ს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან არც ისე საგანგაშო მდგომარეობაა, მიმაჩნია, რომ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ არ გახდეს სერიოზული პრობლემების შემქმნელი.

ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის და ტენდენციების გათვალისწინებით, აუცილებლად მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი ორიენტირი და სტრატეგია უნდა იყოს ევროინტეგრაცია. ევროკავშირის ეკონომიკა უდიდესია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მისი მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 13 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ეკონომიკური პროცესები ევროკავშირის ქვეყნებთან რაც შეიძლება ინტეგრირებული უნდა გავხადოთ. ეს შეიძლება მოხდეს ტრანსნაციონალური კომპანიების შემოყვანით, ინვესტიციების მოზიდვით ევროკავშირის ქვეყნებიდან და ასევე ერთობლივი კომპანიების შექმნით.

გლობალიზაციის პროცესში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს საქმიანობას მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარება, მომსახურების გაძლიერებას, ინტელექტუალური საკუთრებისა და ვაჭრობასთან დაკავშირებული პირდაპირი ინვესტიციების დაცვას.

მთავარი ადგილი უნდა დაეთმოს ეროვნული წარმოების განვითარებას და იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლებას ადგილობრივი საქონლით. აუცილებელია შემუშავებული იქნას ისეთი ფულად საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს მინიმალური საბანკო საპროცენტო ტარიფების არსებობას, რათა სტიმული მიეცეს ბიზნესის განვითარებას და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. დღევანდელი საბანკო საპროცენტო ტარიფები თითქმის 8-10-ჯერ აღემატება განვითარებული ქვეყნების შესაბამის მაჩვენებელს, რაც აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.