უვადო პატიმრობამისჯილებმა შიმშილობა დაიწყეს. მათი მოთხოვნაა 2012 წლის ამნისტიის კანონის რეალური აღსრულება, რომელიც უვადო პარტიმრობამისჯილებზე არ ასახულა. უვადო პატიმრობისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების 25 წლიანი ზღვარის ევროსტანდარტის შესაბამისად დაწევა და ძალაში შესული უკანონო განაჩენების გადახედვის ეფექტური მექანიზმის შექმნა, ეს არის მოთხოვნები, რის გამოც 83 უვადო პატიმრობამისჯილები შიმშილობენ.
როგორც უვადო პატიმრობამისჯილი გიორგი გელაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ხელისუფლება დიდი ხანია ჰპირდება ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებას, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მომხდარა. პატიმრის თქმით, 9 ივნისს, პატიმრების სოლიდარობის მიზნით, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავენ.
სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი ჯერჯერობით არ ფლობს ინფორმაციას რამდენმა უვადო პატიმრობამისჯილმა დაიწყო შიმშილობა.
როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე კვირაა, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ დღეიდან უვადო პატიმრობამისჯილები აპირებენ შიმშილობას დაწყებას, თუმცა რამდენი დაიწყებს შიმშილობას ამაზე საუბარი ძნელია.
მინისტრის განცხადებით, უვადო პატიმრობამისჯილები ითხოვენ, რომ საკანონმდებლო ცვლილება გატარდეს, რომელიც მათ შეეხებათ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რა ტიპის ცვლილება შეიძლება განხორციელდეს, ამ ეტაპზე საუბარი ძნელია, თუმცა მუშაობა დაწყებულია. ზოგადად, როგორც სოზარ სუბარი აცხადებს, გარკვეული საკანონმდებლო ცვლილება და შეღავათი უვადო მსჯავრდებულებისთვის უკვე გაკეთდა, რადგან პრეზიდენტის ბრძანებულებაში ჩაიდო მუხლი, რომ შეწყალების კომისიას მათი საქმეების განხილვის უფლება 15 წლიდან აქვთ.
„უცნაური სიტუაცია შეიქმნა ამნისტიასთან დაკავშირებით, რადგან სასამართლომ განიხილა ყველა უვადო პატიმრის საქმე და ჩაიწერა კურიოზული გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს შეეხო ამნისტია, მათ ჰქონდათ უვადო პატიმრობა, მოაკლდათ მეოთხედი და დარჩათ უვადო. ეს ადამიანები, გასაგებია, რომ თავს ერთგვარად შეურაცხყოფილად გრძნობენ. სამინისტრო თითოეულ ადამიანს, რომელიც შიმშილობას აცხადებს, ყურადღებას აქცევს, რადგან მათ ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნათ“, - აცხადებს სოზარ სუბარი.
For.ge-ს ტელეფონით დაუკავშირდა უვადო პატიმრობამისჯილი და აქციის ორგანიზატორი გიორგი გელაძე, რომლის განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები.
For.ge. გიორგი გელაძეს ესაუბრა.
ანალოგიური მოთხოვნით შარშან დაიწყეთ შიმშილობის აქცია, თუმცა, მალევე შეწყვიტეთ, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ის მოთხოვნა რომელსაც აყენებდით, არ შესრულებულა. რა მოხდა მაშინ?
- შარშან 15 აპრილს დავიწყეთ ჩვენ შიმშილობის აქცია, 24 აპრილს შეგვხდვა მინისტრი სოზარ სუბარი და დაგვპირდა, რომ ხელისუფლებას ჩააყენებდა საქმის კურში. 3 მაისს შეგვხვდა ეკა ბესელია და გვთხოვა, რომ შეგვეწყვიტა აქცია, გამოვიდნენ და საჯაროდ გააკეთეს განცხადება, რომ უვადო მსჯავრდებულების მოთხოვნები არის სამართლიანი, ჩვენ ხელისუფლება ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ დავიწყებთ ამ ხალხის მდგომარეობის შემსუბუქებისა და დაშვებული შეცდომების გამოსწორებას.
გვთხოვეს, რომ ჩვენ გავჩერებულიყავით და დაპირებას შეასრულებნენ. ხელისუფლებას მივეცით გონივრული ვადა, რომ მათ მიერ აღიარებული სამართლებლივი დარღვევები გამოესწორებინათ, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში არაფერი არ გაკეთდა. 2012 წლის 28 დეკემბერს გამოიცა ამნისტიის კანონი, ამნისტია აბსოლუტურად შეეხო ყველა მსჯავრდებულს. ამავე ამნისტიის კანონის მე-18 მუხლში წერია, რომ აღნიშნული კანონით მსჯავრდებულის განთავისუფლება, ან სასჯელის შემსუბუქება ერთნაირად ეხება ყველა რეალურ სასჯელს. ასევე პირობით და დამატებით სასჯელს.
სასამართლოსგან მოვითხოვეთ, რომ ამნისტია გავრცელებულიყო ჩვენზეც. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამნისტიის თანახმად, უვადო სასჯელი შეამცირეს ერთი მეოთხედით, მაგრამ დარჩა ისევ უვადო სასჯელი. ანუ, გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის. ასეთი აბსურდული პასუხი მოგვცეს. რადგან ეს ამნისტია არ გავრცელდა ჩვენზე, ეს იყო უკვე დისკრიმინაციის სახე. იმიტომ, რომ ჩვენნაირი დანაშაულის ჩამდენ პირებს, რომლებსაც სამუდამო არ ჰქონდათ მისჯილი, რეალურად შეეხო სასჯელის შემცირება, მაგრამ ჩვენ არ შეგვეხო.
ხელიუსფლება დაგვპირდა, რომ შეიქმნებოდა ხარვეზების კომისია, მაგრამ მერე გადადეს იმ მოტივით, რომ ბიუჯეტში თანხები არ გვაქვსო და ამ დროს ბიუჯეტიდან 200 ათასიან პრემიებს იწერენ თავისთვის, ეს უბრალოდ უსინდისობაა.
ამბობთ, ეკა ბესელიასგან მიიღეთ დაპირება, რომ დაიწყებოდა დაშვებული შეცდომების გამოსწორება და საქმეების გადახედვა. ამ ხნის განვალობაში თუ მიიღეთ იგივე ბესელიასგან პასუხი, რატომ არ დაიწყო პარლამენტმა მუშაობა ამ კანონზე?
- არა მარტო ეკა ბესელიასგან, ეს პირობა მივიღეთ ვახტანგ ხმალაძისგან და სოზარ სუბარისგან. თეა წულიკიანმა გააკეთა განცხადება, რომ ხელისუფლება იწყებს უვადო მსჯავრდებულების შემამსუბუქებელი კანონპროექტის შემუშავებასო. სადაა ეს კანონპროექტი? სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ ერთ წელზე მეტი გავიდა და არაფერი გააკეთეს. ჩვენ უკვე მათი ნდობა დავკარგეთ. აქედან გამომდინარე ეს აქცია არ გაჩერდება.
მეტსაც გეტყვით, ორშაბათს დილის 10 საათზე ჩენი ოჯახის წევრები გამართავენ სოლიდარაობის აქციას მთავრობის სახლის წინ. არაა გამორიცხული, რომ ჩვენი ოჯახის წევრებმა გაშალონ კარვები და ამ ფორმით შემოგვიერთდნენ. ამოვიდა ყელში ამდენი უიმედობა და დისკრიმინაცია.
რაც შეეხება ხელისუფლების არგუმენტს - ფინანსები არ არსებობს - ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კომისია არ შეიქმნება...
- ჩვენ ვთქვით, რომ არავითარი ანაზღაურება არ გვინდა, მაგრამ როდესაც პრემიებისთვის ნახულობენ თანხებს, ამისთვისაც იპოვნიდნენ სახსრებს ამის სურვილი რომ ჰქნოდა სამართლიანობის ეგიდით მოსულ ხელისუფლებას. არ შეუძლიათ ხარვეზების კომისიის შექმნა, კი ბატონო, მაგრამ ამნისტია შეეხო 24 ათას პატიმარს და 300 ათას პრობაციონერს, დარჩა 83 უვადაო მსჯავრდებული, აქედან 3 ქალბატონია, დანარჩენები ძირითადად პირველად ნასამართლევი ბიჭები არიან, რომლებმაც უსასტიკესი წამების რეჟიმი გაიარეს, არ შეიძლებოდა კანონში გაეთვალისწინებინათ ამ ხალხის უვადო სასჯელის გრძელვადიანი სასჯელით შეცვლა, როგორც ეს არის ევროპის ქვეყნებში?!- შეეძლოთ, ამას ფინანსები არ სჭირდებოდა, ამას სჭირდებოდა კეთილი ნება. ევროკავშირის წევრობა უნდათ და პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების არარეალური ზღვარი აქვთ 25 წელი. ამ პირობებში ვინ გაძლებს, დაეწიათ და 15 წელი გაეხადათ.
ჩვენი აზრით, ამნისტიის კანონში რადგანაც მათ გაეპარათ ეს იურიდიული შეცდომა, ახლა უხერხულად გრძნობენ თავს და ამიტომ საკუთარი შეცდომის აღიარება და გამოსწორება არ სურთ. ამიტომ, ფუჭი დაპირებებით გვატყუებენ. მათ არ ეგონათ, რომ ჩვენ ამდენი ცოდნა გვქონდა და ამას ასე გავაპიარებდით.
თუმცა ითქვა ისიც, რომ რადგანაც უვადო პატიმრებს ეხება საქმე, ლეგიტიმაცია იმისა, რომ მათ მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, განაჩენი კანონიერია.
- ეს ხომ ორმაგ სტანდარტს ნიშავს. ბატონი კოტე კუბლაშვილი ამბობს ქართული მართლმსაჯულების აქილევსის ქუსლი იყო და არის განაჩენთა დაუსაბუთებლობაო. გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ძველი ხელისუფლების შეცდომა იყო ის, რომ სასამართლო იყო პროკურატურის ზეწოლის ქვეშო. როდესაც ასეთი ფიგურები აღიარებენ, როგორ შეიძლება მაშინ ეჭვგარეშე დავტოვოთ ის კანონიერ ძალაში შესული განაჩენები, რომელიც ჩვენს მიმართ არის გამოტანილი?!
თვითონ „ქართული ოცნების“ წევრები იძახიან, რომ სასამართლო მიკერძოებული და არაობიექტური იყოო. როგორ შეიძლება 300 ათასი პრობაციონერის და 24 ათასი პატიმრის განაჩენში ეჭვი შეიტანო, ამნისტია შეახო და 83 ადამიანის განაჩენში ეჭვი არ შეიტანო? ეს ხომ არალოგიკურია. ხომ არ შეიძლება სამართლიანობის აღდგენად ჩავთვალოთ ის, რომ თამაზ თამაზაშვილი განთავისულდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიბრუნა მოქალაქეობა და „გლობალ ბურჯმა“ დაიბრუნა თავისი ქონება და ამით აღდგა საქართველოში სამართლიანობა?
თუ ამ შემთხვევებში იყო სასამართლო მიკერძოებული, რატომ არ ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ სხვა შემთხვევებშიც იყო სასამართლო მიკერძოებული? როდესაც თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აღიარებს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში სასამართლოს შეეძლო უფრო დაბალი სასაჯელის გამოტანა, მაგრამ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის პირობებში ვიყავით და ამიტომაც იყო მაღალი სანქციები გამოყენებულიო. როგორ შეძლება ასეთი განცხადების შემდეგ ეჭვი არ შეიტანონ უვადო პატიმრების განაჩენის არაკანონიერაბში?!
როც ხედავდით, რომ დაპირება არ სრულდებოდა, ერთი წელი არ გაგიპროტესტებიათ. არჩევნებამდე 10 დღით ადრე რატომ დაიწყეთ ამ სახის აქცია და არა არჩევნებამდე 3-4 თვით ადრე, პირდაპირ გკითხავთ, ეს აქცია მართულია?
- ჩვენ ვართ სრულიად აპოლიტიკურები, არავის წისქვილზე წყალს არ ვასხამთ. მივხვდით ერთ რაღაცას, რომ ხელისუფლებას, რომელსაც 1-ელ ოქტომბერს მხარი დავუჭირეთ, უხეში დისკრიმინაცია ჩაიდინა ჩვენს მიმართ. გვინდოდა საპრეზდენტო არჩევნების წინ შიმშილობის აქციის გამართვა, რომ ამ ფორმით ყურადღება მიგვექცია, მაგრამ გვთხოვეს, რომ ამ კოაბიტაციის პირობებში დაძაბული სიტუაცია არის და იქნებ თავი შეიკავოთო. დაგვპირდნენ, რომ მიხედავდნენ ჩვენს პრობლემებს.
უბრალოდ წელიწადი გავიდა, არაფერი არ გააკეთეს, ისევ მოგვატყუეს. თუ მუშაობენ, მაშინ გვანახონ რა იმუშავეს, გამოაქვეყნონ რაზე იმუშვეს. არჩევნების წინ იმიტომ დავიწყეთ ეს აქცია, რომ ხელისუფლების ყურადღება მოვიქციოთ. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის და აცხადებს, რომ ჩვენ სამართალი იმით აღვადგინეთ, რომ ფართო ამნისტია გამოვუშვით, რომელიც ფაცაციას, მერაბიშვილს და ახალაიასაც კი შეეხოო, ჯალათებს შეეხო და ჩვენ, ვინც მათი მსხვერპლი ვიყავით, ჩვენ არ შეგვეხო ამნისტია, ესაა სამართლის აღდგენა ჰუმანიზმი ჯალათების მიმართ და მსხვერპლის მიმართ არა?
ხელისუფლება იქნება ქმედითი ჩვენს პრობლემებთან მიმართებაში, მიიღებს მხარდაჭერას, არ იქნება ქმედითი და ვერავითარ მხარდაჭერას ვერ მიიღებს. პირდაპირ გეტყვით, რომ თვითმმართველობის არჩევნებისა და ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თარიღი გავთვალეთ და ამიტომ დავიწყეთ შიმშილობა. ჩვენი მიზანია 27 ივნისს როდესაც ხელი უნდა მოეწეროს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას, მანადე ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯი. ერთი მოქალაქის უფლებაც, უფლებაა.