საქართველოში ბავშვთა მეოთხედი სიღარიბეში იზრდება

საქართველოში ბავშვთა მეოთხედი სიღარიბეში იზრდება

საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს. რაც შეეხება მთლიან მოსახლეობას, აქ სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 21%-ია. სტატისტიკური მონაცემები სავალალოა. ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე, მდგომარეობა მარტივად ვერ გამოსწორდება.

საქართველოში 16 წლამდე ბავშვების 27% სიღარიბეში ცხოვრობს, აქედან 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღატაკეს განიცდის და დღეში 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ბავშვიანი ოჯახები უფრო ღარიბები არიან, ვიდრე ოჯახები, რომლებსაც ბავშვები არ ჰყავთ და რაც უფრო მეტი ბავშვია ოჯახში, მით მეტია სიღატაკის რისკი.

„სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების პროცენტული მაჩვენებელი 2011 წელს 25%-დან 2013 წელს 27%-მდე გაიზარდა, რადგან სოციალური დანახარჯები უფრო მეტად სხვა დაუცველ ჯგუფებზე იყო მიმართული“, - აღნიშნულია კვლევაში.

გარდა ამისა, „იუნისეფის“ კვლევამ აჩვენა, რომ 2012-13 სასწავლო წელს უღარიბეს ოჯახებში 17 წლის ასაკის ბიჭების მხოლოდ 53% დადიოდა რაიმე სახის საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 18 წლის ასაკის ბიჭებისთვის ეს მაჩვენებელი 47 პროცენტამდე ეცემა.

„ყველა ბავშვისთვის სოციალური დაცვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა უნდა იყოს ქვეყნის პრიორიტეტი. იუნისეფი ეხმარება საქართველოს მთავრობას სოციალური დაცვის სისტემის გადასინჯვაში, რომ ამ სისტემამ გაითვალისწინოს შეღავათები ბავშვებისათვის. ჩვენი კვლევის თანახმად, რეკომენდებულია ფულადი შეღავათი ყველა ბავშვისთვის, გარდა იმ ბავშვებისა, რომელთაც ეს არ სჭირდებათ, რაც საგრძნობლად შეამცირებს ბავშვთა სიღარიბეს“, - აცხადებენ გაეროს ბავშვთა ფონდში.

ამ ფონზე სოციალურად დაუცველ ოჯახთა ბავშვებისთვის საკვები პროდუქტებით დახმარების შესახებ ინიციატივის განხილვა დღის წესრიგში ისევ არ დგას, თუმცა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საპარლამენტო კომიტეტში არ გამორიცხავენ, რომ წლის ბოლოსთვის რაიმე სახის დოკუმენტი მაინც შემუშავდეს.

მანამდე კი კომიტეტი იმ სოციალური პროგრამების ეფექტიანობას დააკვირდება, რომლებიც ამ ოჯახების სასარგებლოდ ხორციელდება და რომელთა საშუალებითაც, შესაძლოა, მათი ეკონომიკური მდგომარეობაც შეიცვალოს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გუგული მაღრაძის განმარტებით, საუბარია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ასევე პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაზრდაზე.

„პრინციპში, უკვე შედეგიც არის, ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელმა 25%–დან 19%–მდე იკლო, ჩვენ დავაკვირდებით ასეთი ოჯახების მდგომარეობას ქვეყანაში. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ინიციატივის განხილვასაც არ გამოვრიცხავთ, სავარაუდოდ, სექტემბრიდან, თუმცა ეს ყველაფერი ბიუჯეტზე იქნება დამოკიდებული“, – აღნიშნა მან.

ამ მიმართულებით ასევე განიხილება გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაცია, რომელიც 0–6 წლამდე ბავშვებისთვის 30-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს.

ბავშვთა სიღარიბის მიმართულებით სამწუხარო რეალობა გვაქვს, მაგრამ არც ზრდასრული ადამიანების სიღარიბის სტატისტიკაში გვაქვს უკეთესი ვითარება. მაგალითად, ოფიციალური სტატისტიკაც კი მოწმობს იმას, რომ საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი ღარიბია, ყოველი მე-12 კი - ღატაკი.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2013 წლის სიღარიბის ოფიციალური მაჩვენებელი გამოაქვეყნა. მართალია, გამოქვეყნებული მონაცემები ზოგად ტენდენციაზე მიუთითებს და დეტალური მაჩვენებლების გამოქვეყნება ვერ ხერხდება, მაგრამ რაც არის, იცის დამაფიქრებელია. „საქსტატის“ მონაცემებით, 2013 წელს მედიანური მოხმარების 60%-ს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 21,4%-ია, ხოლო 40%-ს ქვევით მყოფი მოსახლეობის - 8,4%. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ოფიციალური მონაცემები ნიშნავს, რომ საქართველოში მოსახლეობის 21,4% ღარიბია, ხოლო 8,4% - ღატაკი.