დღეს სამების საკათედრო ტაძარის ახალგაზრდულ ცენტრში ანტიდისკრიმინაციული კანონის საწინააღმდეგო 30 ათასი ხელმოწერის დეკლარირება შედგა, რომლის ინიციატორიც „საქართველოს გვარის წინამძღოლთა დარბაზია“.
სრულიად საქართველოს გვარიშვილთა მიზანია, მათ მიერ შეგროვილი 30 000 ხელმოწერის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციულ კანონში საზოგადოებისათვის მიუღებელი ფორმულირებები შეცვალოს. მათი თქმით, თუ პარლამენტი საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, გვარის წინამძღოლთა დარბაზი იტოვებს უფლებას სამომავლოდ დაგეგმილი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შესახებ.
გვარის წინამძღოლთა დარბაზის საბჭოს წევრი, კოალიცია „ერთსულოვნების“ თავმჯდომარე მიხეილ ანდღულაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, როდესაც საზოგადოების 30 ათასი ხელმოწერა საქართველოს პარლამენტში შევა, პარლამენტი ვალდებულია, საკანონმდებლო ინიციატივა განიხილოს და გაიტანოს კენჭისყრაზე 20 დღის განმავლობაში. მიხეილ ანდღულაძე ფიქრობს, რომ თვის ბოლომდე, არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში, მათ უნდა მიიღონ შესაბამის განხილვაზე დასწრების უფლება.
„თავისი შინაარსით, ანტისკრიმინაციული კანონი ჰუმანური და ნორმალური კანონია, მაგრამ იქ ისეთი ქვეტექსტია ჩადებული, რომელიც ტრადიციული საზოგადოებისთვის მიუღებელია. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოხატვის თვალსაზრისით, აღნიშნული საზოგადოების წარმომადგენლებს უპირატესობა ენიჭებათ და ისინი უთანაბრდებიან საზოგადოების ყველა სხვა ფენას. მათ უფლებამოსილება ეძლევათ, ყველა თავიანთი მოთხოვნა დაიკმაყოფილონ, ანუ უმსგავსო ქმედებების პროპაგანდირება განახორციელონ, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია. ხოლო, როცა საზოგადოება მათ მიმართ აღშფოთებას ან მითითებას გამოავლენს, შესაბამისი დამსჯელი ღონისძიებები განხორციელდება. ყოველ წუთიერად პატრიარქი ხომ არ გვასწავლის, რა უნდა ვქნათ, როგორ ვიმოქმედოთ?! პატრიარქმა ბრძანა, რომ არცერთი მორწმუნე არ შეეგუება ამ კანონს, დანარჩენი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული და ეს არის ყოველდღიური ბრძოლა“, - აღნიშნა მიხეილ ანდღულაძემ და განმარტა, რომ საკანონმდებლო ინიცირებისთვის 30 ათასი ხელმოწერა საკმარისია. თუმცა გაცილებით მეტი ხელმოწერა შეგროვდება რეგიონებშიც. ამის შემდეგ კი საერთო სახალხო პროტესტი დაიწყება, თუკი პარლამენტი ხალხის ნებას არ გაითვალისწინებს და არაადეკვატურად მიუდგება საკანონმდებლო ცვლილებებს.
ჩვენ დავინტერესდით, როგორია პარლამენტარების ახლანდელი განწყობა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისა და პატრიარქის გაფრთხილების შემდეგ. ამის თაობაზე მიხეილ ანდღულაძემ საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, პარლამენტარები შინაგანად განიცდიან კიდეც ამ კანონის მიღებას.
მისი აზრით, ეს ზუსტად იმ ფაქტის პროტოტიპია, როდესაც ასი ათას მოწამეს მაცხოვრის დადებულ ხატზე გადაბიჯება დაავალეს, რაზეც მათ უარი თქვეს და თავი გაწირეს. ამდენად, მორწმუნეების შეფასებით, აქ სულიერებაზეა საუბარი, შვილების მომავალსა და ღვთისნიერებაზე. ხოლო ბუნდოვანმა კანონმა არ უნდა შექმნას ქვეტექსტები.
„ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად გადამდებია და, თუ არ გვინდა არაჯანსაღი თაობა მივიღოთ, მამებმა შთამომავლებზე უნდა იზრუნონ. ასე რომ, ჩვენმა პარლამენტარებმა პირველ მუხლში დაფიქსირებული ორი ფორმულირება- სექსუალური ფორმულირება და გენდერული იდენტობა უნდა ამოიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ არ ჩადეს ამ კანონში მსუქნების, მელოტების, კეხიანი ცხვირების მქონე პირების დაცვის უფლებები?!“- კითხულობს მიხეილ ანდღულაძე.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი გია ვოლსკი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ეს დელიკატური საკითხია და არასწორი გზაა, როცა ზოგიერთებს ამ თემის გამწვავების სურვილი აქვთ.
„რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ მათ ხელმოწერებს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ კანონის შინაარსი ისედაც დაბალანსებულია, კონკრეტული პუნქტი დაემატა ამ კანონს, რაც ნიშნავს შეზღუდვას სამოქალაქო წესრიგისა და ზნეობის წინააღმდეგ და არ არღვევს სხვის უფლებებს. ამასთან დაკავშირებით ბევრმა არ იცის. არ მიყვარს კატეგორიულობა, მაგრამ ნუ ძაბავენ სიტუაციას. საპატრიარქოს პოზიციაა თუ არა 30 000 ხელმოწერის შეგროვება, ამაზე ნაჩქარევ დასკვნას ნუ გააკეთებენ, ნუ სწევენ ტემპერატურას“, - გვითხრა გია ვოლსკიმ.
ჩვენს შეკითხვაზე, არის თუ არა პარლამენტი ანტიდისკრიმინაციული კანონის გადასახედად, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი თევდორაძემ აღნიშნა, რომ არ იცის, როგორ მოიქცევა პარლამენტი, მაგრამ გაცილებით მეტი პრობლემებია საქართველოში, ვიდრე ანტიდისკრიმინაციული კანონია. თუნდაც აფხაზეთში შექმნილი სიტუაცია, რის გამოც დიდი შანსია, მეტად დავშორდეთ აფხაზებს ან მეტად დავუახლოვდეთ.
For.ge-სთან საუბარში კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონსტიტუციის თანახმად, 30 ათასი ამომრჩეველი ნებისმიერი კანონპროექტის ინიციატორი შეიძლება გახდეს. მათ შორის, შეიძლება პარლამენტში შევიდეს კანონპროექტი ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებასთან ან მიღებულ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. ამის სრული უფლება აქვთ მოქალაქეებს. უბრალოდ, საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის მისაღებია.
„პოლიტიკური თვალსაზრისით, როგორ იმოქმედებს პარლამენტი და რა ეტაპამდე მივა კანონპროექტის განხილვა, ძნელი გასათვლელია. სხვადასხვა ტიპის ვალდებულება აქვს პარლამენტს, სხვადასხვა ტიპის ინტერესები იკვეთება და, საბოლოო ჯამში, ძალიან კომპლექსური თემაა. ამიტომ რთულია იმის თქმა, რა არჩევანს მიანიჭებს უპირატესობას პარლამენტი“.