აპრილში დამუხრუჭებულმა ეკონომიკამ სპეციალისტებში გარკვეული ეჭვი გააჩინა. რამდენად მოხერხდება წლის ბოლოს მშპ-ს 5%-ით გაზრდა, ეს უკვე მსჯელობის საგანი გახდა. არადა, პირველ სამ თვეში ამ მხრივ კითხვაც კი არავის უჩნდებოდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელმა 2,7% შეადგინა, ხოლო 2014 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ - 7,4%.
2014 წლის იანვარში, გასულ წელთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდა 8% იყო, თებერვალში - 5.4%, მარტში - 8.3% და აპრილში -2,7%.
მიუხედავად იმისა, რომ აპრილში ეკონომიკის ზრდა შემცირდა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლებია. ასევე წინსვლაა გადასახადების მობილიზების კუთხითაც, ვინაიდან 1-ელ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 1,639 მილიარდი ლარი, რაც დაგეგმილ 1,618 მლრდ ლარს აღემატება.
ექსპერტებმა განგაშის ზარებს უკვე შემოჰკრეს. მართალია, ჯერჯერობით კრიტიკული ვითარება არ არის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ მიმდინარე მაკროეკონომიკური პროგნოზებიდან გამომდინარე წელს დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკის ზრდის მიღწევა გაძნელდება.
ექსპერტ ლევან კალანდაძის შეფასებით, 2014 წელსაც ქვეყნის ეკონომიკაში იგივე პროცესები ვითარდება რაც 2013 წელს. “მიმდინარე პერიოდს როს ვაკვირდები, ძალიან ჰგავს 2013 წლის ანალოგიურ პერიოდს. მაშინაც 6%-იანი მარჟა იყო, ხელისუფლება ჯიუტად ამტკიცებდა, რომ პროგნოზი შესრლდებოდა, მაგრამ საბოლოოდ გაირღვა ბიუჯეტი, მოხდა ლარის დევალვაცია, შესაბამისად, მაკროეკონომიკური პარამეტრები მშპ-ს ზრდის თვალსაზრისით, ვერ შესრულდა. წელსაც მსგავსი ტენდენციაა”, - აცხადებს კალანდაძე.
იგი ეკონომიკური ზრდის მთავარ ინდიკატორად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.
“ეს დამოკიდებულია ეკონომიკურ აქტივობაზე, რისი შენარჩუნებაც ხელისუფლებამ ვერ შეძლო. მართალია წლის დასაწყისში შედარებით მაღალი ტემპი გვქონდა, მაგრამ ეს უფრო წინა წლის გადმოყოლილი ინერციის შედეგი გახლდათ.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. როგორც ჩანს, ხელისუფლება გეგმავს 1 მლრდ დოლარის უცხოურ ინვესტიციებს, რაც, პრაქტიკულად, არ განსხვავდება 2013 წლის მაჩვენებლებისაგან და გარკვეული მოლოდინი ამ თვალსაზრისით არ უნდა გვქონდეს. ამას ემატება საბიუჯეტო პრობლემებიც, რომელიც დაკავშირებულია გრანტებისა და სესხების მობილიზებასთან”, - აცხადებს კალანდაძე “ჯიეიჩენთან” საუბრისას.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელიდა წარსულში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძეც, აპრილში დამუხრუჭებულ ეკონომიკური ზრდის ტემპსეხმაურება.
“წელს პირველ კვარტალში ეკონომიკის ზრდა 7,4 პროცენტი იყო, მაგრამ აპრილში მან 2,7 პროცენტი შეადგინა. არ შეიძლება ამ ციფრების პოლიტიკური ინტერპრეტაცია ისე, როგორც ამას მთავრობის ზოგიერთი წევრი სჩადის. ატეხავ სიხარულის თუ ნიშნისმოგების ყიჟინას, როცა საქმე კარგად მიდის, მიიღებ საპასუხო კრიტიკას თუ დაცინვას, როცა ცუდად წავა. აღმასვლას ყოველთვის დაღმასვლა მოსდევსო, ეკონომიკაში კი მით უმეტეს. ამიტომ, დაანებონ პიარ-ზეიმს თავი”, - აღნიშნა გოცირიძემ.