საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს, ირაკლი ალასანია ბერძენმა კოლეგამ დიმიტრიოს ავრამოპულოსმა მიიღო. შეხვედრას დაესწრო ასევე, საბერძნეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი მიხაილ კოსტარაკოსი.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. პირისპირ შეხვედრისას მინისტრებმა საბერძნეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლებისა და ლოგისტიკის სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და სამხედრო-ტექნიკურ სფეროში ურთიერთობაზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესს. შეხვედრის მთავარი თემები იყო ასევე, ქართული კონტინგენტის მონაწილეობა ავღანეთის ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციასა და 2014 წლის შემდეგ "გადამწყვეტი მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიაში საქართველოს ჩართვა. ირაკლი ალასანიამ მასპინძლებს ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული ასეულის გაგზავნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეები რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხნენ.
ირაკლი ალასანიამ ბერძენ კოლეგას დიმიტრიოს ავრამოპულოსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე ბერძენი დამკვირვებლების ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ ყოვლისმომცველად ვავითარებთ ჩვენს ურთიერთობას საბერძნეთთან. საბერძნეთი არის ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ნატოში ინტეგრაციის. დღეს ჩვენ შევთანხმდით და ხელი მოვაწერეთ ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას, რაც მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება, რომ უფრო ღრმად განვავითაროთ ურთიერთობები თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების და სამხედრო განათლების მიღების კუთხით. მომავალში ჩვენი ურთიერთობები, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამხედრო კუთხით იქნება განვითარებული.
მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ჩვენი ორმხირივი ურთიერთობების დინამიკა იქნება ძალიან ინტენსიური“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2014 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი.
დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტთან ევანგელოს მეიმარაკისთან და ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან ევანგელოს ვენიზელოსთან. ირაკლი ალასანიამ უცნობი ჯარისკაცის მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიალშიც მიიღო მონაწილეობა.