საყდრისის ირგვლივ დავა არ წყდება

საყდრისის ირგვლივ დავა არ წყდება

მას შემდეგ, რაც საყდრისის საბადოს დამცველებმა, სხვებთან ერთად, არქეოლოგი კონსტანტინე ფიცხელაური ძეგლის ხელყოფაში დაადანაშაულეს, For.ge-ს თავად კონსტანტინე ფიცხელაური დაუკავშირდა. მან გვთხოვა, განგვემარტა, რომ 11-კაციან კომისიასთან ერთად, პირადად მას საყდრისის საწინააღმდეგო დასკვნა არ გაუცია. მეტიც, აღნიშნულ დოკუმენტში მისი გვარი არ ფიგურირებს.

ჩვენ ვესაუბრეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიის სამსახურის უფროსს კონსტანტინე ფიცხელაურს.

11-კაციან კომისიაში თქვენი გვარი არ ფიგურირებს, მაგრამ რა სტატუსით იკვლევდით საყდრისის ძეგლ?

- იმ პერიოდში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გახლდათ, რომელთანაც მოხდა საყდრისის ბორცვით დაინტერესებული ჯგუფების შეხვედრა. ერთხელ და სამუდამოდ რომ მოხსნილიყო საყდრისთან დაკავშირებული კითხვები, პრემიერმა დაავალა მეცნიერებათა აკადემიას, მონიტორინგი ეწარმოებინა იქ ჩატარებულ სამუშაოებზე. სწორედ ამ პერიოდში დამევალა გარედან ამ ბორცვის მთლიანი შესწავლა, რის შესახებაც ჩემი ანგარიში წარდგენილია ოთხ უწყებაში, მათ შორის, კულტურული დაცვის მემკვიდრეობის სააგენტოში, ფირმა „არ ემ ჯი გოლდ“-ში, ასევე, მეცნიერებათა აკადემიაში. ჩემს მიერ ჩატარებულ არქეოლოგიურ გათხრებზე დაყრდნობით ვაცხადებ, რომ სადაც გაკეთებული იყო 88 შურფი (მცირე სიღრმის გვირაბი) და სხვა კვლევები, არქეოლოგიური ნივთი ვერ ვიპოვე. არ ვამბობ, რომ იქ ვიმუშავე შახტაში, მაგრამ სადაც ვიმუშავე, კლდის ქანის მეტი არაფერი დაფიქსირებულა. ასე რომ, ჭორი, რომელიც ვრცელდება, თითქოს, მე ვიყავი რომელიღაც კომისიაში და თითქოს მოწერილი მაქვს ხელი დოკუმენტზე, რომ ძეგლს სტატუსი შეუწყდეს, აბსოლუტური სიცრუეა.

თქვენ ამბობთ, რომ საყდრისის საბადოს გარედან შესწავლა დაგევალათ. გამორიცხავთ, რომ თქვენი ხელმოწერა გამხდარიყოარ-ემ-ჯი გოლდისიერ დაინტერესებული ადამიანებისთვის იმის საშუალება, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინათ ამ ძეგლის თაობაზე? ცალკეულმა პირებმა ხომ არ გამოიყენეს ეს დოკუმენტი?

- მე მარტო ბორცვზე არ მიმუშავია, მე ვიმუშავე ბორცვის სამხრეთითაც, სადაც არის ადრე შუასაუკუნეების ნამოსახლარი. ბორცვთან დაკავშირებით ჩემი დასკვნა ვერავისთვის ვერ გახდებოდა რაიმე გადაწყვეტილების საფუძველი, რადგან ცხრა წლის განმავლობაში გერმანულ-ქართული ექსპედიციების მიერ ანგარიშები წარდგენილია ჩვენთანაც და ამ ანგარიშების მიხედვით, მეცნიერულ წრეებს აქვთ ძალიან დიდი კითხვები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.

თუმცა ამის საპირისპიროდ, არსებობს არქეოლოგ ირინე ღამბაშიძის, ამ საბადოს ერთ-ერთი აღმომჩენის, ასევე, გერმანელი ექსპერტის განსხვავებული დაკვნები, რომლებიც ამ ობიექტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ირინე ღამბაშიძის თქმით, ამ ძეგლით დასტურდება, რომ საქართველოში ოქროს მოპოვება ეგვიპტეზე ადრე დაიწყეს.

- მე არ ვიცი, გამოქვეყნებულია თუ არა ეს დასკვნა.

მე ჩავწერე ქალბატონი ირინე და მან ისაუბრა ამ ძეგლის უნიკალური მნიშვნელობის შესახებ.

- მე ოფიციალური დასკვნის შესახებ ვსაუბრობ, სადაც ექსპერტები წინადადებით შემოდიან და წერენ ასეთ რამეს, რომ აქ არქეოლოგიური კვლევის განახლებას აზრი არ აქვს, რადგან ახალს არაფერს მოგვცემს და, რომ „არ ემ ჯი გოლდმა“ უნდა განაგრძოს აქ მუშაობა, მაგრამ მკაცრი მონიტორინგის ქვეშ. ანუ, აქ იგულისხმება ქართულ-გერმანული ექსპედიციის წევრების მიერ ზედამხედველობის გაწევა, თუკი რაიმე ახალი არქეოლოგიური ფენა დადასტურდება, ან არქეოლოგიურ ნივთს წააწყდებიან. ასეთ შემთხვევაში, „არ ემ ჯი გოლდი“ ვალდებულია, შეწყვიტოს მუშაობა, დაფიქსირდეს არქეოლოგიური ფენა და შემდეგ ამ კომპანიამ ისევ უნდა განაგრძოს მუშაობა. სწორედ ეს არის დასკვნაში, რაც ამ ორი უცხოელის მიერაა გამოთქმული. ესაა მათი რეკომენდაცია.

რაც შეეხება საყდრისს, ასეთივე ძეგლი ძალიან ბევრია, ერთია ბულგარეთში, სადაც ჩვენს მიერ ჩამოყვანილი გერმანელი ექსპერტიც მუშაობდა, იქაც ანალოგიური სიტუაცია იყო და მან არქეოლოგიურად დააფიქსირა ყველაფერი, რათა არქეოლოგიური ძეგლი არ წაშლილიყო. ეს ყველაფერი ფიქსირდება, დოკუმენტირდება და შემდეგ ფირმა, რომელიც ოქროს მოპოვებაზე მუშაობს, ისევ აგრძელებს მუშაობას. ეს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაშია მისაღები. ის, რომ საყდრისი „უძველესი“ მაღაროა, დადგენილი არ არის თარიღით და იმ თარიღს, რასაც გვაძლევენ ჩვენი მეცნიერები (იმავე ქალბატონი ირინე ღამბაშიძის ექსპედიციიდან გამომდინარე), ვერ დავეყრდნობით, რადგან ის თარიღი, რომელიც აღებულია ვითომდა ე.წ. ფენიდან, არ შეიძლება იყოს ამ შახტის და მაღაროს დამთარიღებელი. ის კადრები, სადაც ქალბატონი ირინე მთელი სიმაღლით დგას, ეს არ არის ის უძველესი მაღარო. ეს არის 80-იან წლებში ჩვენი გეოლოგების მიერ გაყვანილი შახტები. არადა, მათი თქმით, ეს გახლავთ უძველესი ოქროს მაღარო, რომელიც თურმე ეგვიპტეს ამარაგებდა ოქროთი.

რაჭის მთიანეთში რომ აბრძანდეთ, ასეთი მაღაროები ძალიან ბევრია. სადაც ადამიანის ხელი ატყვია, ეს რომ ჩვენ ძეგლად გამოვაცხადოთ, მაშინ მთელი საქართველო უნდა იყოს არქეოლოგიური ძეგლი. აქ საუბარი გვაქვს უძველეს ოქროს მაღაროზე, ამ სახელწოდებასთან გვაქვს პრობლემა. თორემ არ არის გამორიცხული, მანდ სპილენძი მოიპოვებოდეს.

გერმანელი მეცნიერი - თომას შტოლნერი რატომ აცხადებდა ამ ძეგლს უძველეს ოქროს მომპოვებელ საბადოდ და ქართული ძეგლის გადარჩენას რატომ ითხოვდა?

- სამეცნიერო წრეებში არსებობს ჯანსაღი დავა. არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ შევხვედრივარ სიტუაციას, რომ ეს დავა გადასულიყოს პირად დაპირისპირებაში. სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ ხდება და არავინ ითვალისწინებს, რომ სხვას შეიძლება ჰქონდეს სულ სხვა აზრი. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს მათ კვლევასთან დაკავშირებით და არა მარტო მე. ეს სამეცნიერო განხილვის თემაა. უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ, არ უღიარებიათ, რომ ეს არის უძველესი ოქროს მაღარო. შეიძლება, მანდ ადამიანის კვალიც იყოს და ემჩნეოდეს, ადამიანს სამუშაო ჩატარებული ჰქონდეს ამა თუ იმ პერიოდში, მაგრამ ეს ვერ ადასტურებს და ვერც ეს ექსპერტები ვერ ადასტურებენ, რომ ეს არის უძველესი ოქროს მაღარო.

ბულგარელი და გერმანელი მეცნიერები ხომ თავად არ-ემ-ჯი გოლდმაჩამოიყვანა? გავრცელებული ინფორმაციით, ისინიც ადასტურებენ პრეისტორიული მაღაროს არსებობას.

- ისინი „არ-ემ-ჯი გოლდს“ არ ჩამოუყვანია, არამედ ჩვენმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ჩამოიყვანა, ნიკოლოზ ანთიძის მეთაურობით. „არ-ემ ჯი-გოლდს“ სრული უფლება ჰქონდა, მარტში, როდესაც მან აიღო ნებართვა აქ სამუშაოს გაგრძელებაზე, ბორცვი მთლიანად დაენგრია. თუმცა სააგენტოს მოთხოვნით, ეს შეჩერდა, სანამ უცხოელი ექსპერტები რეკომენდაციებს არ დადებდნენ. უცხოელი ექსპერტების ვალდებულებაში არ შედიოდა წარსული კვლევების შეფასება ან ახალი სამეცნიერო დასკვნების დადება, მათ უბრალოდ, რეკომენდაცია უნდა გაეწიათ, როგორ მოვიქცეთ, როგორ შევინარჩუნოთ, თუ ეს არის ძეგლი და როგორ განაგრძოს „არ ემ ჯი გოლდმა“ მანდ მუშაობა?

თქვენ ემხრობით, რომარ ემ ჯი“- აქ მუშაობა განახლოს და დაინგრეს ძეგლი? სხვათა შორის, თანამდებობაზე თქვენს დანიშვნას საყდრისთან დაკავშირებულ დასკვნას უკავშირებენ.

- ჩემს თანამდებობაზე დანიშვნას არანაირი კავშირი არ აქვს, რომ მე საყდრისთან ვიმუშავე. ეს ჩვეულებრივად მოხდა. ჩემი ასაკის არქეოლოგი, სამწუხაროდ, არავინ არის. სააგენტომ და მისმა გენერალურმა დირექტორმა გადაწყვეტეს, პრეროგატივად გაეხადათ არქეოლოგია და ეს დარგი წამოეწიათ. ამიტომ შემომთავაზეს არქეოლოგიური სამსახურის უფროსობა, რასაც დავთანხმდი.

როდის შემოგთავაზეს თანამდებობა?

- მაისის დასაწყისში. სხვათა შორის, საქართველოში „ბი-პი“-ს ნავთობსადენის გაყვანის შედეგად ძალიან ბევრი არქეოლოგიური ძეგლი გადაკვეთა ამ გაზსადენმა. „ბი-პი“-მ დააფინანსა არქელოგიური გათხრები, საფუძვლიანად შეისწავლეს ცალკეული ობიექტები და შემდეგ მთლიანად აიღეს ეს ობიექტები, რათა „ბი-პი“-ს გაეგრძელებინა მუშაობა. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ საყდრისი არქეოლოგიური ძეგლია, მაშინ რატომ არ ვიღებთ ხმას, რომ „ბი-პი“-მ ასეთი ძეგლები დაანგრია და გააგრძელა მუშაობა? არსებობს კიდევ ბევრი ძეგლი, თუნდაც დავით გარეჯამდე უდაბნოში, საგარეჯოდან 17 კილომეტრში - უდაბნო 1-ელი, უდაბნო მე-2, უდაბნო მე-3, სადაც გერმანელ არქეოლოგებთან ერთად ათწლიანი პროექტის განმავლობაში, ჩვენ გავთხარეთ დიდი ნაწილი. ასეთი ძეგლი ამიერკავკასიაში შეიძლება არცკი მოიძებნოს, თავდაცვითი ციტადელის კედელი მარტო ოთხი მეტრი სიგანისაა, რომელიც დღესდღეობით საერთოდ მიგდებულია და მას არანაირი ყურადღება არ ექცევა. ინგრევა თვალსა და ხელს შუა. ამაზე ხმას არ ვიღებთ და ამ რაღაც ბორცვის გამო - საყდრისზე ბევრ ენერგიას ვხარჯავთ.

კონსტანტინე ფიცხელაურის განცხადების საპასუხოდ, საყდრისის ერთ-ერთი მცველი, ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კონსტანტინე ფიცხელაური ერთ-ერთი მათგანია, ვინც, ნებით თუ უნებურად ხელს უწყობს საყდრისის დანგრევას. მართალია, იმ 11-კაციან კომისიაში უშუალოდ ფიცხელაური არ ყოფილა და იქ იყვნენ პაატა გაფრინდაშვილი, ბესარიონ მაცაბერიძე (ამ ორმა ხელი არ მოაწერა დასკვნას), გურამ ფირცხალავა, ომარ ქუცნაშვილი, დავით ლომიტაშვილი, ლალი ახალაია და სხვები, მაგრამ ის რომ, საყდრისში არის სპილენძი და უფრო მეტი ოქრო, ამას ბულგარელი და გერმანელი მეცნიერების დასკვნაც ადასტურებს, რომელიც ნინო მიქიაშვილმა თავად ნიკოლოზ ანთიძის უწყებიდან გამოითხოვა.

„ხელთ მაქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ უცხოეთიდან ჩამოყვანილი სპეციალისტების შუალედური ანგარიშის ოფიციალური თარგმანი, რომელიც ერთი-ერთზე ემთხვევა აქამდე გავრცელებულ არაოფიციალურ თარგმანს. საყდრისის მაღაროს უნიკალურობა და ის, რომ ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის კვალი წაშლილია, დადასტურებულია უცხოელი სპეციალისტების: ბულგარელი გეოლოგის, ვენელინ ჟელევ ჟელევისა და გერმანელი არქეოლოგის ალბრეხტ იოკენჰოველის მიერ მომზადებულ შუალედურ ანგარიშში, სადაც იკითხება: „თითქმის წაშლილია ქართულ-გერმანული ექსპედიციის არქეოლოგიური გათხრების კვალი... აშკარაა ადამიანის კვალი 27-28 მეტრის სიღრმეზე და მადნის (სპილენძი-ოქრო) მოპოვებასთან დაკავშირებით. დასკვნა ნათელია - იქ ნამდვილად ხორციელდებოდა მადნის მოპოვება... “, - აცხადებს ნინო მიქიაშვილი.

მასვე მოეპოვება ბულგარელ გეოლოგთან - ვენელინ ჟელევ ჟელევსა და გერმანელ არქეოლოგ - ალბრეხტ იოკენჰოველთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელშიც მეტად საგულისხმო პუნქტებია. კერძოდ, უცხოელი სპეციალისტები ვალდებულნი არიან, გაითვალისწინონ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შენიშვნები და რეკომენდაციები. ჟურნალისტის აზრით, აშკარაა, როგორი „რჩევების და რეკომენდაციის“ გათვალისწინების წინაშე დადგებოდნენ უცხოელი სპეციალისტები, რადგან ნიკოლოზ ანთიძის პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია. უფრო კონკრეტულად, 2014 წლის 5 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში იმ პირთა სიაც არის ჩამოთვლილი, ვისი რეკომენდაციების გათვალისწინებაც ევალებოდათ უცხოელ სპეციალისტებს - პაატა გაფრინდაშვილი, კონსტანტინე ფიცხელაური, ლალი ახალაია და მანანა ვარძელაშვილი. მათგან ახალაიამ საყდრისის დანგრევას ხელი მოაწერა. ის იყო იმ 11-კაციანი კომისიის წევრი, რომლის დასკვნაზე დაყდრდნობითაც კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საყდრისს მოუხსნა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ნინო მიქიაშვილი აცხადებს, რომ საყდრისში რვა ტაძარი დაინგრა, რომლებიც მდებარეობენ კერძო კომპანიის სალიცენზიო ტერიტორიაზე, იქ, სადაც ისმის აფეთქებების ხმა.

„სააგენტოში რა პასუხი აქვთ ამ დანგრეულ ტაძრებთან დაკავშირებით, რას აპირებენ და საერთოდ, იციან თუ არა მათი არსებობის შესახებ, ეს არ ვიცი“, - ამბობს ჟურნალისტი.