საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყნებისთვის შესაძლოა, საუკეთესო სტიმულად იქცეს რეფორმების გატარების კუთხით.
გეოპოლიტიკური კვლევის ცენტის დირექტორი, თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ სურვილი ერთია, მაგრამ სურვილით არაფერი გამოდის, რადგან ეს არაა სადღაც კლუბში შესვლა, თუ გინდა ევროპულობა, ევროპული უნდა იყო და ეს უნდა გამოჩნდეს ყველა ასპექტში. თუ ამას მიაღწევ, მაშინ უკვე ხარ ევროკავშირი.
რატომ გახდა დასავლეთში საქილიკო თემა ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას და ვინ აცოცხლებს ქვეყანაში პოლიტიკურ დინოზავრებს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.
ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში თავს აფარებდნენ რუსეთს, მათ ეთმობათ ტრიბუნა და მოთხოვნებს უყენებენ ხელისუფლებას. თენგიზ კიტოვანის განცხადებები და „ევრაზიული კავშირის“ გამოსვლები. ეს არის ის საფრთხე, რომელიც ქვეყნას ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პარალელურად ემუქრება რუსეთიდან?
- თავისთავად ცხადია, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან მიახლოვება ააქტიურებს გარკვეულ ვნებათაღელვებს. ვერ ვიტყოდი, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა არის ის პიკი, სადამდეც ეს ყველაფერი მივა და გაჩერდება. ასეთი ახალი ტალღები გამორიცხული არაა ასოცირების ხელშეკრულების მერეც, მანამ, სანამ მთლიანად საზოგადოება არ მივა იმ დასკვნამდე, რომ ნათლად დაინახოს რა არის კარგი და რა არის ცუდი. საზოგადოებაში არ უნდა დარჩეს ადგილი ისეთი მარგინალებისათვის, რომლებიც ცდილობენ, რომ სიტუაცია არიონ და საქართველო დააბრუნონ იმ წლებში, საიდანაც ძლივს ამოვედით.
ამ ყველაფერში გარედან იხარჯება სერიოზული ფული. არერთხელ მითქვამს, რომ განსხვავებით უკრაიანისგან, მოლდოვასაგან და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის თუ ასპირანტი ქვეყნებისგან, საქართველოში ძალიან დიდი არის ევროკავშირის და ნატოს მხარდამჭერთა რიცხვი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ჩვენს მოწინააღმდეგეს, რომელსაც რბილად რომ ვთქვათ, არ სიამოვნებს ეს პროცესი, აცხადებს, რომ ის არ დაუშვებს საქართველოს ამ გზით წასვლას და მის ინტეგრაციას. ის ყველანაირად შეეცდება, რომ სწორედ საზოგადოებაში შეიტანოს განხეთქილება და ამ ერთიანობაში გააჩინოს ბზარები.
ის, რაც მოხდა გარდაბანში, შესაძლებელია იმ გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყოს? შუღლი ეთნიკურ ნიადაგზე სახეზეა...
- რა თქმა უნდა და მოწინააღმდეგე, რომ ამას გააკეთებს, ამაში ეჭვი არ მეპარება. უბრალოდ, არ მინდა, რომ ამ საქმეში მისი მეკავშირე გახდეს ჩვენი გულუბრყვილობა და რაღაც-რაღაც საკითხების მიმართ გულგრილობა. ეს ეხება საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც. ძირითადი კონცენტრაცია გადატანილია სწორედ არჩევნებზე და თუ ეს ყველაფერი ასე გაგარძელდა, შესაძლებელია რაღაცა პროცესები ხელისუფლებას ხელიდან გაექცეს და უკვე დაშვებული შეცდომები რთულად გამოსასწორებელი გახდეს.
მესმის, რომ მოდის არჩევნები და ყველა პოლიტიკური ძალისათვის ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არჩევნების იქით ცოტა სხვა რაღაცასაც უნდა შევხედოთ და ცოტა ფართეთ უნდა გავიხედოთ. ეს არჩევნები და ნებისმიერი სხვა არჩევნებიც ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რასაც საქართველოს სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განხორციელება ჰქვია. მზარდი ესკალაციის ფონზე, ძალიან ცუდი იქნება ეს პროცესები ასოცირების ხელშეკრულებისთვისაც და მისი საბოლოო იმპლემენტაციისთვისაც. ასე რომ, უნდა დავფიქრდეთ, რადგან საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რაღაცა-რაღაცა პროცესები ხელიდან არ უნდა გაუშვას.
სახელმწიფომ რაღაცა-რაღაცეები ხელიდან არ უნდა გაუშვას, მაგრამ საქართველოს პარლამენტის წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ თენგიზ კიტოვანს ბევრი დადებითი ჰქონდა...
- თუ რაღაცა კითხვის ნიშნები დარჩა გიას განცხადებიდან, ეს უნდა ვკითხოთ გიას. რაც შეეხება კიტოვანს, კიტოვანის „მოხატული“ თბილისი, აფხაზეთი და კიდევ ბევრი სხვა, დიდხანს გვემახსოვრება! მისი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ საქართველოში უნდა შეიქმნას რაღაც შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც გააკონტროლებს არ ვიცი რას, მოვისმინე, რომ თურმე ნარკოტრაფიკსაც დაიცავს და ა.შ. მხედრიონის და საძმოების დრო გავიარეთ. ძალიან კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც არა რაიონებად, არამედ საძმოებად იყო დაყოფილი თბილისი. ეს დრო არასოდეს არ უნდა დაბრუნდეს საქართველოში.
ძალიან სერიოზულად უნდა მუშაობდეს სახელმწიფო აპარატი და მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები. არსებობს კანონი და არსებობს კონსტიტუცია. არ ვიცი კანონი, რომელიც უფლებას აძლევდეს არასამთავრობო ორგანიზაციას ან საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომ შეიძინოს იარაღი და მომინდომოს რაღაც-რაღაცეების გაკონტროლება. კიტოვანი იქნება თუ სხვა, თუ ვინმეს მიმართ არსებობს შეკითხვები და ალბათ, უნდა არსებობდეს, ამ შეკითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.
ამ ქვეყანამ უნდა ისწავალოს თავის შეცდომებზე და ამ შეთხვევაში შეკითხვები უნდა დაისვას და უნდა დაისვას არა მხოლოდ 9 წელთან მიმართებაში. რეალურად უნდა შევხედოთ იმას, რა გზა გვაქვს გავლილი და ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ - სად შეგვეშალა და ყველა კითხვის ნიშანი დავხუროთ, რათა ჩვენივე შეცდომები მომავალში აღარ გავიმეოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად ვიქნებით ჩაკეტილ მოჯადოებულ წრეში, რომელიც შექმნის იმ ილუზიას, რომ თითქოს, რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ ისევ უკან ვბრუნდებით. ფაქტია, რომ პოლიტიკური დინოზავრების გაცოცხლება დაწყებულია, ვის აწყობს მათი გაცოცხლება?
- პოლიტიკური დინოზავრები ცოცხლდებიან მაშინ, როდესაც ხედავენ სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არც ერთმა პროცესმა არავითარ შემთხვევაში ხელი არ უნდა შეუშალოს სახელმწიფო ორგანოების გამართულ ფუნქციონირებას. ადგილზე უნდა მოქმედებდეს ყველა ის რგოლი, რომელიც უნდა მოქმედებდეს, მაშინ, უკვე, ფიზიკურად ადგილი არ დარჩება ისეთი პროვოკაციებისათვის, რაც განხორციელდა გარდაბანში. სახელმწიფოს განვითარებამ თავისთავად უნდა მოსპოს ადგილი იმ ტიპის აზროვნებისათვის, რაზედაც ახლა ზოგიერთები ცდილობენ დაგვაბრუნონ. ამის ერთადერთი წამალი კი, არის განვითარება.
ამბობთ, რომ პოლიტიკური დინოზავრები ცოცხლდებიან მაშინ, როდესაც ხედავენ სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტეს. ის რაც ხდება მთავრობის მეთაურსა და პრეზიდენტს შორის, შიდა დაპირისპირება და კინკლაობა პოლიტიკური დინოზვარების გაცოცხლებას ხელს უწყობს?
- ასეთი შიდაკინკლაობა ასუსტებს სახელმწიფოს. მართლა სასაცილო გახდა კონსტიტუციის ისეთი მანიპულირება რასაც დღეს ვხედავთ. სასაცილოსთან ერთად, უკვე სამარცხვინოც ხდება. ვლაპარაკობთ იმაზე, რომ წინ უნდა წავიდეთ, ვსაუბრობთ ევროპული ტიპის სახელმწიფოს შექმნაზე და ამ დროს ელემენტარული რამე ვერ გაგვირკვევია, არა მხოლოდ ვერ გაგვირკვევია, არამედ გარკვევის ფორმაც კი სასაცილოდ გადაიქცა. ძალიან ნათლად არის მითითებული კანონმდებლობაში როგორ უნდა მოხდეს კითხვის ნიშნის წარმოშობის შემთხვევაში კანონის განმარტება.
სამწუხაროდ, ამ საკითხზე კომენტარს აკეთებს ყველა, გარდა იმისა, ვინც უნდა აკეთებდეს. ამიტომ არსებობს რაღაცა პროცედურები, როდესაც სახელმწიფომ თავის თავს უნდა სცეს პატივი. ყველამ უნდა გაიგოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას აკისრია. სირცხვილია როდესაც ასეთი კინკლაობა მიდის თემაზე - ვინ უნდა მოაწერის ხელი. ყველაფერი საბოლოო ჯამში აკნინებს ქვეყნის პრესტიჟს.
დამერწმუნეთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ცუდად ჩანს საერთაშორისო არენაზე. ამ ბოლო დროს არაერთ საერთაშორისო ღონისძიებაზე ვიყავი, ყოველთვის სიამაყით ვლაპარაკობ, რომ საქართველოში პროგრესია, ჩვენ ხელს ვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას და, ამ დროს, ყველაფერ ამის ფონზე საქილიკო თემა ხდება როდესაც გეკითხებიან - ბოლოს და ბოლოს, გაიყვეს ერთმანეთში, ვინ უნდა მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებასო?
ამ კითხვას თქვენი უცხოელი კოლეგები გისვამენ?
- ამ კითხვას უცხოეთში უკვე იუმორის ჟანრში სვამენ. ამიტომ, მოდით რა, პატივი ვცეთ საკუთარ თავს, საკუთარ ქვეყანას და საკუთარ კონსტიტუციასაც. მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ქვეყანას.