საკრებულოში იტალიელ და ქართველ არქიტექტორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საკრებულოში იტალიელ და ქართველ არქიტექტორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის საკრებულოში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ერთი მხრივ ქ. თბილისის საკრებულოს, მეორე მხრივ, იტალიური კომპანიებს „კინგ საიზ არქიტეკტს - მაურიციო ფავეტა“, „გლამურ კამინიტი“, “სტუდიო ლიპარინნი“, „სტუდია მარკო პივა“, „სტუდიო ლუკა სკაკეტი“ და საქართველოს არქიტექტორთა კავშირს შორის.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის შეთანხმებას იმაზე, რომ თითოეული მხარე - მისი კომპეტენციის ფარგლებში - გამოიყენებს ყველა საშუალებას და შესაძლო რესურსს, რათა ისტორიული კონტექსტისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-დაცვის გათვალისწინებით, შეიმუშავონ ქ.თბილისის ურბანული განვითარების ერთიანი სახელმძღვანელო პრინციპები.

მემორანდუმის თანახმად, კონკრეტულ სამუშაო პროგრამებზე შეთანხმების შემთხვევაში, ქ. თბილისის საკრებულო უზრუნველყოფს ტექნიკურ და სამართლებრივ მხარდაჭერას. „კინგ საიზ არქიტეკტს - მაურიციო ფავეტა“, „გლამურ კამინიტი“, “სტუდიო ლიპარინნი“, „სტუდია მარკო პივა“, „სტუდიო ლუკა სკაკეტი“ და საქართველოს არქიტექტორთა კავშირი კი კონკრეტულ სამუშაო პროგრამებზე შეთანხმების შემთხვევაში  ქ.თბილისის ურბანული განვითარების ერთიანი სახელმძღვანელო პრინციპების შესამუშავებლად განახორციელებენ საკონსულტაციო, საექსპერტო და სხვა შესაბამის პროფესიულ საქმიანობას.

როგორც თბილისის საკანონმდებლო ორგანოს  თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა აღნიშნა, საკრებულო აღმოჩნდა  ხიდი გამოჩენილი იტალიელი და ქართველი არქიტექტორების ურთიერთობებისთვის, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად დასჭირდება ქალაქს.

"აქ იმყოფებიან ყველაზე ცნობილი არქიტექტორები, რომლებსაც უკვე შეუყვარდათ საქართველო და სურვილი აქვთ ჩვენი დედაქალაქი აქციონ მომავლის ქალაქად“,- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

იტალიელი არქიტექტორის მაურო ლიპარინის თქმით, ეს არ იქნება ის პროექტი, რომელსაც უბრალოდ ლამაზი შენობები დაამშვენებს, რადგან თბილისი ისტორიული ქალაქია და აუცილებელია მოხდეს ახლისა და ძველის სინთეზი.

ლიპარინის განცხადებით, პროცესში აუცილებლად მოხდება თბილისელების ჩართვაც.

იტალიელი არქიტექტორ–დიზაინერები საქართველოში თბილისის საკრებულოს მოწვევით იმყოფებიან და თბილისის განვითარების სტრატეგიული კონცეფციის მუშაობაში ქართველ არქიტექტორებთან ერთად იღებენ მონაწილეობას.