ჭიკაიძემ „ქბრბ მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი

ჭიკაიძემ „ქბრბ მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი

2014 წლის 2-5 ივნისს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი" ტარდება.

შსს-ს მიერ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართ ერთიანი და ინოვაციური მიდგომებიდან გამომდინარე, წელს მსოფლიო კონგრესი საქართველოში პირველად იმართება და მას შინაგან საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს.

საერთაშორისო კონგრესი უკვე მეორე ათწლეულია ხორვატიასა და შვეიცარიაში ტარდება და მას ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 250-მდე მონაწილე ესწრება.

კონგრესის საპატიო დირექტორია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის ინიციატივაც არის ქვეყნის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება. ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, გარემოსა და ბუნებრივი რესუსრების დაცვის მინისტრები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში ენდრიუ ვებერი, ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი აჰმეთ უზუმჩუ და კონგრესის აღმასრულებელი დირექტორი სტეფ სტინსტრა.

კონგრესი ეხება ქბრბ ნივთიერებების გაუვრცელებლობას, ქბრბ ინციდენტების შედეგების მართვას, ქბრბ უსაფრთხოებასა და სხვა საკითხებს. ღონისძიება წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა და გადაწყვეტილების მიმღები პირების ქართველ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებისა და ქბრბ პოლიტიკის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას.

კონგრესს ესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აშშ-ს სამხედრო ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქბრბ სფეროს ექსპერტები მსოფლიოს 38 ქვეყნიდან.

კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი ვარჯიშის ჩატარება რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტისა და აშშ-ს ევროპული სარდლობის პირადი შემადგენლობის მიერ.

კონგრესზე ასევე დაგეგმილია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მთავრობათშორისი შეთანხმების ხელმოწერა განსაკუთრებით საშიში ინფექციების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემისა და საქართველოს რიჩარდ გ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მომავალი მდგრადობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ქართული მხარისთვის გადმოცემის შესახებ. შეთანხმებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოში აშშ-ს ელჩი მოაწერენ ხელს.

„ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი" განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონისთვის და საქართველოსთვის. საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულია ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც მსგავსი დოკუმენტი შეიმუშავა. შემუშავების პროცესშია სტრატეგიის სამოქმედო გეგმაც.

ასევე აღსანიშნავია, რომ შსს-ს აკადემიაში განთავსებულია ევროკავშირის ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრების თბილისის რეგიონული სამდივნო. სულ მსოფლიოს მასშტაბით 8 ასეთი სამდივნო არსებობს. თბილისის სამდივნო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, სამხრეთ კავკასიას, მოლდოვასა და უკრაინას აერთიანებს.