რა იმალება საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის უკან

რა იმალება საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის უკან

[ნიკა ასლანიძე]

მარტში საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია იწყება.  წესით და რიგით უკვე ყველა დეტალი ცნობილი უნდა იყოს, მაგრამ კონკრეტულად რას გულისხმობს პროცესი, ამის გარკვევა სპეციალისტებსაც უჭირთ. არსებობს ვარაუდი, რომ ავტორიზაცია უმაღლესი სასწავლებლების ხელოვნურად შესამცირებლად არის მოგონილი. 

საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად ავტორიზაცია უკვე სავალდებულოა. 2010 წლის სექტემდრიდან ამოქმედებულია კანონი განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, ცვლილებები შევიდა უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების შესახებ კანონებშიც. 

საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად სავალდებულო ხდება ავტორიზაცია, იმის მიუხედავად, ჰქონდა თუ არა დაწესებულებას შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია. ავტორიზაციის გარეშე დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, გამოიყენოს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და განახორციელოს ამ სტატუსიდან გამომდინარე საქმიანობა: მიანიჭოს ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაცია, ან გასცეს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი. 

ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურია 500 ლარი, რომლის გადახდის დასტურადაც ამა თუ იმ სასწავლებელმა საავტორიზაციოდ წარდგენილ განცხადებას გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა დაურთოს. 

ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტების დასკვნის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე. 

თუ საგანმანათლებლო დაწესებულება დააკმაყოფილებს ავტორიზაციის ყველა სტანდარტს, ავტორიზაციის ვადა 5 წელია.  ავტორიზაციის შემთხვევაში, საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას ავტორიზაციის ვადის განმავლობაში.

ავტორიზაციისთვის 3 სტანდარტია დასაკმაყოფილებელი:  საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური რესურსი და ადამიანური რესურსი. 

ეს ყველაფერი კომპიუტერში და ქაღალდზე კარგადი იკითხება, მაგრამ წესით რა და როგორ უნდა განხორციელდეს, არავინ იცის.  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ყოფილი დირექტორი სიკო ჯანაშია ამბობს, რომ ავტორიზაციის მხრივ ბევრი არაფერია ცნობილი. 

”თვითონ სტანდარტები რას მოიცავს, არ მინახავს და ამიტომაც გამიჭირდება იმის თქმა, რა განსხვავებაა აკრედიტაციასა და ავტორიზაციას შორის. თუმცა, რამდენადაც ვიცი, მათ შორის დიდი განსხვავება არ არის. ყოველ შემთხვევაში, მაშინ, როცა ავტორიზაციის პროექტი შემოდიოდა, განსხვავება არ ჩანდა”, - ამბობს ჯანაშია.

პროფესორი ჯემალ მებონია ვარაუდობს, რომ ავტორიზაციის პროცესი უმაღლესი სასწავლებლების ”დაფერთხვას” გულისხმობს. 

”რა არის ამ სტანდარტებში ჩადებული, არავინ იცის.  გამოქვეყნებული ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაჭრით არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ დაახლოებით მაგდაგვარი რამ იქნება ჩადებული.

პირდაპირ ჩანს ის, რომ ყველა სასწავლებელს ავტორიზაციის გავლის პრეტენზია აქვს, მაგრამ რეალურად იმის საშიშროება, რომ ბევრი სასწავლებელი ვერ გაივლის ამ პროცესს, არსებობს.  სამაგიეროდ, გაიზრდება სწავლების ხარისხი. ეს ცუდი ჩანაფიქრი არ არის. მაგრამ მე ამათი კარგი ჩანაფიქრის რეალურად განხორციელება ჯერ არ მინახავს”, - ამბობს მებონია.