ორი დღის წინ საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ებრაელ თანატოლებთან მარცხი განიცადა და ამ ასაკობრივ ჯგუფში ევროპის პირველობის ფინალურ სტადიაზე მოხვედრა ვერ მოახერხა. ეს გუნდი პერსპექტიული მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და თანამემამულე გულშემატკივრები ქართული ფეხბურთის მომავალ აღორძინებას ამ ბიჭების სახელს უკავშირებენ.
დასანანი მარცხის შემდეგ წარუმატებლობის გაანალიზების დრო მოვიდა. ჩემი პირადი აზრით, ჭაბუკები წინასწარ გადაიწვნენ და მღელვარებას ვერაფერი მოუხერხეს. სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ჩვენმა ფეხბურთმა მაჩანჩალათა რიგებში გადაინაცვლა და მოთამაშეებს უიმედობისა და წარუმატებლობის ფსიქოლოგიური „დაავადება“ გაუჩინა. ჩვენი ჭაბუკები თავისი ოსტატობით ებრაელ მოთამაშეებს აშკარად აღემატებოდნენ, მაგრამ ისრაელში მოწესრიგებული საფეხბურთო სტრუქტურაა ჩამოყალიბებული, განსხვავებით ჩვენი ქვეყნისა, სადაც ფეხბურთელებს ხეირიან მინდვრებზე ბურთის გაგორება ენატრებათ.
წინასწარი შესავლის შემდეგ გაცნობებთ, რომ დღევანდელ წერილში წინა საუკუნის 80-იანი წლების თბილისის „დინამოზე“ ვისაუბრებ.
1981 წლის 13 მაისს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში თბილისის „დინამომ“ ქართულ ფეხბურთს ჯერჯერობით უკანასკნელი დიდი წარმატება მოუტანა. საბჭოთა კავშირის საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში, ევროპის კონტინენტის პრესტიჟული თასების მფლობელთა თასი მხოლოდ ორ კლუბს - თბილისისა და კიევის „დინამოს“ მოუპოვებია (უკრაინელებს ორჯერ). რაც შეეხება ჩემპიონთა და უეფას თასებს, საბჭოელებს ამ ასპარეზობებში დიდი წარმატებები იშვიათად (ნახევარფინალურ ეტაპზე გაღწევა) ჰქონიათ.
ქართველი ფეხბურთელების მაშინდელი გამარჯვების მთავარი შემოქმედი ბატონი ნოდარ ახალკაცი ბრძანდებოდა.
თბილისის „დინამოში” ნოდარ ახალკაცი გუნდის უფროსად 1974 წელს მივიდა, 1976 წელს კი უფროს მწვრთნელად დაინიშნა. იმავე წელს „დინამომ” ორჯერ აიღო საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი და პირველად კლუბის ისტორიაში საკავშირო თასიც მოიგო. 1978 წელს გუნდმა საკუთარი ისტორიის განმავლობაში მეორედ საკავშირო პირველობაზე იმარჯვა, 1979 წელს კი კვლავ იგებს საბჭოთა კავშირის თასს.
უცნაური ხალხი ვართ ქართველები. წარმატებების შემდეგ ნოდარ ახალკაცს არაერთი მტერი გამოუჩნდა და გუნდიდან მისი მოშორება გადაწყვიტეს. ახალკაცი ძლიერი პიროვნება გახლდათ და იმდროინდელ ადგილობრივ პარტიულ ნომენკლატურას კლუბის შიდა სამზარეულოში ხელის ფათურის საშუალებას არ აძლევდა. ამ ხალხმაც შურისძიება განიზრახა.
იმ პერიოდს ბატონი ნოდარის ქალიშვილი, მედეა ახალკაცი გაიხსენებს:
„რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, 1979 წელს, საკავშირო თასის მოპოვების მიუხედავად, ზოგიერთმა პარტიულმა ფუნქციონერმა გუნდიდან ნოდარის გადაყენება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ „დინამომ“ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა. წერილი მთავრობაში შეიტანეს დასამტკიცებლად. იმდროინდელმა პირველმა პირმა წერილი ბოლო მომენტში დახია და ნოდარი გუნდში დატოვეს. რაღაცით მაინც რომ გაემწარებინათ, საკავშირო თასის მომგები ნოდარ ახალკაცი საქართველოს 10 საუკეთესო მწვრთნელთა სიაში არ მოახვედრეს. თუმცა, მამა ასეთ უსუსურ ინტრიგებზე არც კი რეაგირებდა.
1981 წელს, გამარჯვებული „დინამო” დიუსელდორფიდან მოსკოვში რომ ჩაფრინდა, მამას აეროპორტში საკავშირო სპორტკომიტეტის წარმომადგენელმა მილოცვის მაგივრად წერილი დაახვედრა. წერილში მამას საყვედურს უცხადებდნენ პირად საქმეში შეტანით იმის გამო, რომ გუნდი „ადიდასის” ფორმით ათამაშა. მამას ვარაუდით, ამ საყვედურის ნამდვილი მიზეზი სხვა იყო - დიუსელდორფში შეკრებილი „დინამოს“ გულშემატკივარი, წითელი საბჭოთა დროშის ნაცვლად „დინამოს“ ცისფერ-თეთრ დროშას აფრიალებდა, რაც კომუნისტური პარტიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ეს ნოდარის პირველი და ერთადერთი საყვედური არ ყოფილა.
ერთხელ, მოსკოვში თამაშის დროს, გუნდები შესვენებაზე რომ გადიოდნენ, მამამ გაიგო, ერთ-ერთმა მსაჯმა მეორეს როგორ უსაყვედურა - ამ შავტრ... ქართველებს რატომ არ ახრჩობო და ამ მსაჯს ისეთი დღე აყარა, ძლივს გააშველეს.
1985 წელს იგი მეორედ დააბრუნეს გუნდში, სადაც, წარუმატებელი თამაშების ფონზე (სამი ფრე და ექვსი წაგება) ძალიან არეულ-დარეული სიტუაცია იყო შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ მამა გუნდში მოსკოვის „სპარტაკთან“ თბილისში 3 სექტემბერს გასამართ მატჩამდე 9 დღით ადრე მივიდა, მაინც მოახერხა გუნდის ძირეული გარდაქმნა. იმ წელიწადში გუნდი გავარდნას გადაურჩა. მომავალ სეზონში კი მამამ „დინამო“ ხუთეულში და, შესაბამისად, „უეფას“ თასზე გაიყვანა.
სეზონის დამთავრებამდე ოთხი თამაში რომ იყო დარჩენილი, ისევ, მიუხედავად წარმატებული სეზონისა, მამა გუნდიდან გაათავისუფლეს. ასეთი ალოგიკური გადაწყვეტილების გასამართლებლად სასაცილო შავი პიარ-კამპანია იქნა წამოწყებული კომპარტიული აპარატის ზოგიერთი წევრის მხრიდან: მამაზე დაუჯერებელი ჭორები გაავრცელეს - თითქოს ის უნივერსიტეტში ხალხს აწყობდა და ამაში ფულს იღებდა. ამას გარდა, თითქოსდა „დინამოს“ დიღმის საწვრთნელ ბაზიდან ფეხბურთელებისთვის განკუთვნილი თაფლს ყიდდა! მამას მეგობრებს მილიციაში იბარებდნენ და დაჭერით ემუქრებოდნენ, თუ ნოდარზე ცუდ რაღაცეებს არ იტყოდნენ. ხან, მამას მიერ ჯაფარაულში აშენებული სახლის შესამოწმებლად კომისიებს გზავნიდნენ - იქნებ, დარღვევები აღმოეჩინათ, ხან კი, ამ გაურემონტებელ სახლში (ჭავჭავაძეზე) ლიფტებსა და მარმარილოს ეძებდნენ, მაგრამ, დასაჭერ მიზეზს ვერ პოულობდნენ. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ საქმეში კვლავ ქვეყნის პირველი პირი ჩაერია და მამას წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია შეაჩერა. „დინამოდან” წამოსვლის შემდგომი ოთხი წელიწადი მამას მწვრთნელად აღარ უმუშავია.
ამ პერიოდში ნოდარს უამრავი შემოთავაზება ჰქონდა სხვა გუნდებიდან - რუსეთიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან და იმ დროისთვის არნახულ ხელფასს სთავაზობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა, მამამ ამ შემოთავაზებებზე უარი თქვა“.
სამწუხაროდ ბატონი ნოდარი ცოცხალი აღარ არის, ისევე როგორც დიუსელდორფის ბატალიების კიდევ სამი გმირი - რამაზ შენგელია, ვიტალი დარასელია და დავით ყიფიანი (ჩვენგან წასულთა რიცხვში გუნდის უფროსი კახი ასათიანი, მწვრთნელი გივი ნოდია და იმდროინდელი „დინამოს“ დუბლების მოთამაშე ნოდარ ანდღულაძეც არიან). ნება მომეცით დღევანდელ წერილში ეს სამი ადამიანიც გავიხსენო.
სრული ჭეშმარიტებაა რომ რამაზ შენგელიას დონის თავდამსხმელი ქართველებს დღემდე არ გვყავს. სიტყვას ცნობილ პუბლიცისტს დემიკო ლოლაძეს გადავცემ.
„თბილისის „დინამოს“‚ თავისი სახელოვანი ისტორიის განმავლობაში, ძალიან ბევრი უმაღლესი რანგის ფეხბურთელი ჰყავდა, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული რამაზ შენგელია იყო.
როდესაც ნოდარ ახალკაცმა ის ქუთაისიდან გადმოიყვანა, სულ სხვანაირად გაიბრწყინა: ჩიტივით დაფრინავდა მოედანზე. შეამჩნიეს და საბჭოთა კავშირის ნაკრებში წაიყვანეს. თბილისის „დინამომ“ ყველაზე დიდი წარმატება 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში მოიპოვა - ევროპის თასების მფლობელთა თასი. ამ თამაშში რამაზს გოლი არ გაუტანია, მაგრამ, „პასები” გააკეთა - საგოლე პასი მიაწოდა გუცაევს და მან ანგარიში გაათანაბრა. პიროვნულად რამაზი იყო უნაკლო კაცი: განათლებული, მხიარული, მეგობრების მოყვარული. რამდენჯერმე მასთან ერთად მოვხვდი საზეიმო სუფრაზე, მისი ერევნელი კოლეგები, ვეტერანები რომ იყვნენ ჩამოსულები და, არ დამავიწყდება, როგორ ცეკვავდა რამაზი, რა კარგ განწყობაზე იყო.
ფოტოც მაქვს გადაღებული. ფეხბურთელებზე ორმოცამდე წიგნი მაქვს გამოცემული. რამაზს ვეუბნებოდი, ნუ დაიზარებ, სანამ ცოცხალი ვარ‚ გამომიყენე, კვირაში რამდენიმე საათი დამიჯექი და გავაკეთოთ შენზე წიგნი-მეთქი. კი, კიო, მაგრამ‚ სამწუხაროდ‚ ისე დაგვტოვა, რომ წიგნის დაწერა ვერ მოვასწარი.
სადარდებლად მაქვს, უნდა დამეძალებინა. დარასელიასა და ყიფიანს, ამ ოქროს გულის ბიჭებს, ნოდარ ახალკაცსა და სხვებს, ასე ნაადრევად მიჰყვა და დააობლა ქართული ფეხბურთი. როგორც თავმდამსხმელიც შეუდარებელი იყო.
თბილისის „დინამოს“ ყველა დროის გუნდი რომ შეადგინო, ერთ-ერთ პოზიციაზე უცვლელი იქნებოდა. როგორც თეატრში დადიოდა ხალხი ჭაბუკიანის, გოძიაშვილის, ხორავას, შავგულიძის, ზაქარიაძის სანახავად, ასე დადიოდა მაყურებელი სტადიონზე რამაზ შენგელიასა და მისი თანაგუნდელების სანახავად. სულ ვფიქრობ, როგორ მივაგო გარდაცვლილ ადამიანს პატივი, გადავუხადო მადლობა. სიცოცხლეში ვერ ვუთხარით, მაგრამ, ახლა მაინც ვუთხრათ“.
დიუსელდორფის ისტორიული შეხვედრის გადამწყვეტი ბურთი ვიტალი დარასელიამ გაიტანა. ამ ამბიდან რამდენიმე წელიწადში მოთამაშე ავტომანქანით დასავლეთ საქართველოში მიემგზავრებოდა. სამწუხაროდ მის სიცოცხლეში ეს გზა უკანასკნელი აღმოჩნდა.
მარინა მამალაძე (ვიტალი დარასელიას მეუღლე):
„მე რომ ჩავდიოდი ხოლმე ჩემებთან, ოჩამჩირეში, ჩვეულებრივად მხვდებოდნენ. ვიტალი რომ ჩადიოდა, ერთი ფოიერვერკებს არ უწყობდნენ, თორემ დანარჩენი ყველაფერი იყო სახლში.
იმ დღესაც, როცა ვიტალი დაიღუპა, ჩვენები ელოდებოდნენ, პურმარილი ჰქონდათ გაშლილი ორმოცდაათ კაცზე. მე თბილისში, სახლში ვიყავი. ჩემებმა უკვე იცოდნენ. მეგონა, უკვე წულუკიძეში იყო და იქიდან დამირეკავდა. ძმასთან მიდიოდა ციხეში. წინა დღეს დედამისმა დაურეკა - შენს ძმას კიდევ რაღაც დაუშავებია და წლები რომ არ დაუმატონ, ჩადი, მიხედეო.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ იმ დღეს წასვლა არ უნდოდა. ალბათ, გული ცუდს უგრძნობდა. თავის მეგობართან, ტარიელთან ერთად წავიდა. ვიღაც მამაკაცმა დამირეკა - ქალაქში ხმა დადის, ვიტალი დარასელია ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა, მართალია თუ ტყუილიო. ყურადღება არ მივაქციე, რადგან ასე ბევრჯერ დაურეკავთ, ხან რა უთქვამთ და ხან - რა.
საღამოს ჩემები რომ მომადგნენ სახლში, გადავირიე. შეშლილი სახეები ჰქონდათ. ასეთი და ასეთი ამბავია, მაგრამ არ ვიცით, ცოცხალია თუ მკვდარი, ვერ იპოვესო. ვიტალი არსად წამსვლელი არ იყო ასეთ დროს, მით უმეტეს, ძმაკაცს არ მიატოვებდა. თვითონ ძალიან ცუდადაც რომ ყოფილიყო, მაინც ტარიელს გადაარჩენდა. ტარიელი კარგად ატარებდა მანქანას, მაგრამ ეტყობა, ესეც ბედი იყო. მანქანა გაუფუჭდა და ვიტალი თავის მანქანით წავიდა. არ იცოდა კარგად ტარება. ღამე დაჯდებოდა ხოლმე საჭესთან და ქალაქში დადიოდა“.
დავით ყიფიანის შესახებ არაერთი მოგონებაა გამოქვეყნებული, მაგრამ დღეს ამ პიროვნების შესახებ ერთ არასაფეხბურთო ისტორიას, ყოველგვარი კომენტარის გარეშე შემოგთავაზებთ.
ეს ამბავი დავით ყიფიანის გარდაცვალების შემდეგ მისმა ერთ-ერთმა სიყრმის მეგობარმა გაიხსენა.
დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მწვრთნელობა დაიწყო. მისი მეგობარი მაშინ უმუშევარი გახლდათ და თავისთან წაიყვანა - ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეების აღმოჩენა, შერჩევა და მსგავსი საქმეები დაავალა. ისიც ჩაერთო მუშაობაში - დადიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დაბრუნებული კი დეტალურად აცნობდა მოპოვებულ ინფორმაციას დავით ყიფიანს, რომელიც, როგორც მეგობარს ეჩვენებოდა, ყურადღებით ისმენდა მის რჩევებს და ითვალისწინებდა კიდეც. ყოველი თვის ბოლოს „სელექციონერი“ მშვიდი სინდისით მიდიოდა მოლარესთან კუთვნილი გასამრჯელოს ასაღებად. ასე გადიოდა დრო.
ერთ დღესაც დავით ყიფიანმა მწვრთნელობას თავი დაანება და მისმა მეგობარმა მხოლოდ ამის შემდეგ გაიგო საოცარი ამბავი: „სამსახურში“ მისულმა აღმოაჩინა, რომ მისი თანამდებობა არ არსებობდა.
ეს ყველაფერი, თავის სელექციიან-ხელფასიანად, დავით ყიფიანის მოგონილი და დადგმული „კომბინაცია“ აღმოჩნდა და „ხარჯსაც“ „ყიფო“ (როგორც მას ბავშვობის მეგობრები და თანაგუნდელები ეძახდნენ) საკუთარი ჯიბიდან იღებდა, რომ გაჭირვებულ მეგობარს მხარში ამოსდგომოდა.