რაიგანი და მარგიანი

რაიგანი და მარგიანი

გავრცელებულია აზრი, რომ წარმატებულ კარიერად იღბლიანი მეწარმეობა, შოუ-ბიზნესის პოპულარული წარმომადგენლობა ან წარმატებული პოლიტიკოსობა ითვლება.

ამათგან საქართველოში განსაკუთრებულად მაინც პარლამენტარობა ფასობს. უბრალო ობივატელის აზრით პოლიტიკოსები ბედს არ უჩივიან და ამა სოფლის ყველა სიკეთითაც მაქსიმალურად სარგებლობენ. სამწუხაროდ მედალს მეორე მხარეც გააჩნია და ძლიერნიც ამა ქვეყნისა ხშირ შემთხვევაში ერთი უბედური და კომპლექსებით დაჯილდოებული ადამიანები არიან.

დღევანდელი საკვირაო მოგონებები თანამემამულე პოლიტიკოსებს დაეთმობა და პირველი სტუმარი ბატონი ჯონდი ბაღათურია იქნება.

ჩვენს პარლამენტში რას არ მოისმენს კაცი. აქ უამრავი საინტერესო განცხადება გაკეთებულა. დეპუტატმა ჯონდიმ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და კოლეგებს მულტფილმის შინაარსი მოუყვა.

დეპუტატის ყურადღება ქართულმა მულტფილმმა „ლურჯი მელია“ მიიპყრო. დეპუტატმა პარლამენტი სწორედ ლურჯ მელიას შეადარა.

ოპოზიციის მულტფილმურმა გაბაასებამ პარლამენტის თავმჯდომარე აღაფრთოვანა. დავით ბაქრაძემ ნაციონალებს ალალად სთხოვა, რაიმე მულტფილმი თქვენც გაიხსენეთ, თორემ მოგვეჭრა უმრავლესობას თავიო.

ამით მან პოზიციაც გააღიზიანა და ოპოზიციაც. ლევან ვეფხვაძემ ბაღათურიას ქმედებას ჯამბაზობა უწოდა. და კოლეგა მულტფილმ „ყურშა გაყოყოჩდა“-ს მთავარ პერსონაჟს შეადარა.

დღევანდელი პოლიტიკური „მოგონება-კურიოზების“ მომდევნო სტუმარი ბატონი ავთანდილ მარგიანი იქნება.

თავის დროზე თბილისში რეიგანის ძეგლის გამოჩენას ყოფილი ვიცე-პრემიერი ავთო მარგიანი სიხარულით შეხვდა.

- რეიგანი დიდი პოლიტიკოსია. მოხარული ვარ ის რომ აქ იქნება. სიხარულისთვის მე რამდენიმე მიზეზი მაქვს, - განაცხადა „ათბ-ნიუსთან“ საუბარში მარგიანმა.

მისი თქმით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მას გვარითაც წააგავს და გარეგნობითაც.

- შევარდნაძემ შეამჩნია, რომ მე რეიგანს ვგავარ. განსაკუთრებით, მაშინ როცა დრაფის პალტო მაცვია. ჩვენი გვარებიც ერთნაირად ჟღერს. რეიგანი და მარგიანი, რაღაც ერთნაირი ჟღერადობა აქვს, - ამბობდა ექს-ვიცე-პრემიერი.

ბატონი ავთანდილი „ჩინებული პოეტიც“ ბრძანდება და საკუთარი ნიჭი არაერთხელ გამოიყენა. ერთხელ ყოფილი ქართველი პარლამენტარი თავად „დიდ“ ჟირინოვსკისაც დაუპირისპირდა, რასაკვირველია პოეზიის გამოყენებით.

ვლადიმერ ჟირინოვსკიმ სტალინს ლოთების და მრეცხავების ჩამომავალი უწოდა. ამ შეფასებამ სტალინის დიდი ფანი, ავთო მარგიანი აღაშფოთა. მისი მტკიცებით, ჟირინოვსკი არის „ბოზი-ბუზი“ და მას რუსეთში პატივს არავინ სცემს

მარგიანი ისეთი აღშფოთებული იყო, რომ ჟირინოვსკის სპეციალური ლექსი დაუწერა:

შენს ბაგედან ხშირად გვესმის,

შხამი ფერად-ფერადი.

ჯუღაშვილის მოძულენო

ქაქში ზიხართ ყელამდი.

სპორტული ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, ავთანდილ მარგიანი ესტაფეტას ბატონ ჯანსუღ ჩარკვიანს გადასცემს.

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი სამი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. სამივე პარლამენტში ის თავისი ორიგინალური გამონათქვამებით ახალისებდა კოლეგებს, მისი ლექსები კი ხშირად უკმაყოფილების მიზეზი ხდებოდა, თუმცა - არა ყველასთვის.

„იმელის" პარლამენტის წევრი იყო ქართლოს ღარიბაშვილიც. ადვოკატი  პარლამენტში თავისი განუყრელი ჩიბუხით დადიოდა. ესენგეში შესვლის შემდეგ მას ზვიადისტებმა ესენგოსა ღარიბაშვილი შეარქვეს.

ერთ მშვენიერ დღეს ჯანსუღ ჩარკვიანი თავისთვის მშვიდად დადიოდა „იმელის" პარლამენტის ფოიეში. მასთან უცნობი მანდილოსანი მივიდა და ჰკითხა, ქართლოს ღარიბაშვილის ოთახს ხომ ვერ მიმასწავლითო. ჯანსუღ ჩარკვიანმა მანდილოსანს უთხრა, ხომ იცით, რა უცნაური კაცია ეგ ღარიბაშვილი, ხელში სულ ჩიბუხი უკავია და თავისი სამუშაო კაბინეტის კარზეც ჩიბუხის სურათი უკიდიაო. მანდილოსანმა ჩარკვიანს მადლობა გადაუხადა და ჩიბუხიანი კარის მოსაძებნად წავიდა. მალევე იპოვა, შიგნითაც შეიხედა და ატყდა კივილი...

ჯანსუღ ჩარკვიანი სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. „იმელის" პარლამენტში მამაკაცების ტუალეტებზე ჩიბუხის სურათები იყო გაკრული.

ერთხელ პარლამენტში დეპუტატობის დროს ჯანსუღ ჩარკვიანმა გადაწყვიტა, ნესტან კირთაძეს გახუმრებოდა და ასეთი ლექსი გაუგზავნა: „ნესტან, ნესტან, ბარაქ მზეს, შენ ძუძუდან მოვწოვ რძეს“, ქვემოთ კი მოაწერა ხელი - გივი შუღაროვი.

მაშინ დეპუტატებს მაგიდაზე ედოთ კანონების მთელი წყება და ისე იყო ახუნძლული ერთმანეთზე, თავად ძლივს ჩანდნენ. ნესტანი გაეცნო რამდენიმე კანონს, ბოლოს კი, ეს ლექსი რომ წაიკითხა, გაავებული გაქანდა დიდი დავთრით ხელში და მთელი კანონთა შეკვრა თავში დაუშინა საწყალ გივი შუღაროვს.

გივი გაოგნებული და შეშინებული კითხულობდა, რა გინდა ჩემგან, რას მერჩიო. როცა ნესტანმა ლექსი გაუწოდა, ეს რა დაგიწერია, შე გათახსირებულოო.

გაგიჟდა კაცი, - ნესტანჯან, ამას მე როგორ დავწერდიო, - თან მოჯღანული სახით თავზე ისვამდა ხელებს, ისე ტკივილს ვერ იყუჩებდა. მერე კი გაირკვა ყველაფერი და იუმორმა თავისი ქნა, ყველამ გულიანად იცინა და ნესტანიც შემოირიგეს.

წერილის ბოლო გმირი ქალბატონი ელენე თევდორაძე გახლავთ. ეს ადამიანი ქართულ ენასთან „ახლო ურთიერთობით“ ვერ დაიკვეხნის და ამ მიზეზის გამო უხერხულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩავარდნილა. ნება მომეცით თევდორაძის „გმირობების“ შესახებ ერთდროულად ოთხი „სახალისო“ ისტორია წარმოგიდგინოთ.

პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ელენე თევდორაძე ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. კომიტეტის თავმჯდომარე თავდაპირველად ციხეებში არსებული ვითარებით დაინტერესდა, რამდენიმე საპატიმრო ნახა და ნანახით შეძრწუნებული დარჩა. თავისი განცდების გადმოცემა მან პარლამენტის სხდომაზე სცადა, მიკროფონთან მივიდა და თავისი ქართულით განცხადების გაკეთება დაიწყო: - მე ვიყავი ციხეებში და ვნახე, რა შემაშფოთებელი მდგომარეობაა იქ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა საშინლად ხმარობენ პატიმრებს, - განაცხადა აღშფოთებულმა თევდორაძემ. დეპუტატებს ხომ მეტი არ უნდოდათ და დიდი სიცილ-ხარხარი ატეხეს. ამან თევდორაძე გაამწარა და კიდევ ერთხელ მოითხოვა სიტყვა. მიკროფონი ჩაურთეს.

- პატიმრებს საშინლად ხმარობენ, თქვენ კი იცინით! - ლამის ტირილით თქვა თევდორაძემ. დეპუტატები ისევ ახარხარდნენ და სანამ თევდორაძე მესამედაც მოითხოვდა სიტყვას, საქმეში სპიკერატი ჩაერია. მათ გაარკვიეს, რომ თევდორაძეს სიტყვა „ხმარების“ ნაცვლად უნდოდა, სიტყვა „ეპყრობიან“ ეთქვა.

ამ „შემთხვევას“ ელენე თევდორაძე თავად მოგვიყვება.

„იყო ასეთი ადამიანი, კაკო ელიავა, - იხსენებს ქალბატონი ელენე, - ის პერიოდია, როცა ქუთაისიდან შეიარაღებული ადამიანები დაიძრნენ. სიტუაცია ცოტა რომ ჩაწყნარდა, ჩავედი სამეგრელოში, შევხვდი დაკავებულ ჯარისკაცებს და მერე წავედი კაკო ელიავასთან შესახვედრად. როცა ამ შეხვედრის შესახებ პარლამენტში ვყვებოდი, ასეთი ფრაზა ვთქვი მიკროფონში: მე მივმართავ მინისტრ კახა თარგამაძეს, თავი დაანებოს კაკო ელიავას. მე შევხვდი მას, მე მას მივაწექი, ის მე მომაწვა და ამ მიწოლ-მოწოლაში მოვნახეთ საერთო ენა. ატყდა სიცილი, მთელი პარლამენტი იატაკზე დაწვა. მე, რა თქმა უნდა, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, ძალიან გავბრაზდი და ვაგრძელებ: რა არის სასაცილო, თუ მე იმ კაცს კარგად მივაწექი და შედეგი მივიღე, თქვენ ამაზე უნდა იცინოთ?!”

ისევე, როგორც პარლამენტის სხდომებზე, დეპუტატები ბიუროზეც ძირითადად ერთობოდნენ. კანონპროექტების განხილვა მათ დამღლელ საქმიანობად მიაჩნდათ. ერთ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა შეიმუშავა მორიგი წინადადება. ეს წინადადება თევდორაძემ ბიუროზე წარადგინა. ბიუროს სხდომას ვიცე-სპიკერი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. ბიუროს წევრები საკუთარი მანქანების თავისებურებებზე საუბრობდნენ და თევდორაძის წინადადება არც კი გაუგონიათ. მის ინიციატივას მხოლოდ ვიცე-სპიკერი ვახტანგ ყოლბაია გამოეხმაურა და წინადადება მოუწონა. მადლიერმა თევდორაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. - დიდი მადლობა, ბატონო ვახტანგ, რომ მხარი დაუჭირეთ ამ ჩემისას, - განაცხადა თევდორაძემ. დეპუტატების მოსაბრუნებლად კინაღამ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.

პარლამენტის ბიუროს ოთახში დეპუტატები ორ გრძელ მაგიდასთან ისხდნენ. ერთ-ერთ სხდომაზე ელენე თევდორაძე რაღაცას წერდა, მისი კოლეგები კი ჭორაობით ერთობოდნენ და, როგორც ჩანს, ზედმეტად აქტიურად იქნევდნენ ხელებს. მაგიდა ყანყალებდა და თევდორაძეს მუშაობაში ხელი ეშლებოდა. -ოიჰ, ვინ ანძრევს?! -იკითხა აღშფოთებულმა თევდორაძემ.