პოლიციის ოფიცერმა თინეიჯერი დები გააუპატიურა და ხეზე ჩამოკიდა

პოლიციის ოფიცერმა თინეიჯერი დები გააუპატიურა და ხეზე ჩამოკიდა

ინდოეთში 14 და 15 წლის თინეიჯერი დები ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი ხეზე ჩამოკიდეს. ჯგუფურ გაუპატიურებაში პოლიციის ოფიცერი მონაწილეობდა. 

შემზარავი ტრაგედია ინდოეთის შტატ უტარ-პრადეში მოხდა. სოფლელებმა ჩამომხრჩვალი დები მანგოს ხეზე, მათი გაუჩინარებიდან რამდენიმე საათის შემდეგ იპოვეს. გოგონები მინდორში გავიდნენ, რადგანაც სახლში საპირფარეშო არ ჰქონდათ. ხის გარშემო სოფლის ათასობით გაბრაზებული მოსახლე შეიკრიბა - ისინი სამართალდამცავთა უმოქმედობას აპროტესტებენ.

ინდოეთში შარშან გაუპატიურების წინააღმდეგ კანონი შემოიღეს - ჯგუფური გაუპატიურების მონაწილეები სიკვდილით ისჯებიან, მაშინაც კი თუ მსხვერპლი გადარჩება, თუმცა შედეგი ვერც ამ კანონმა გამოიღო. შეგახსენებთ, მთავრობამ ეს კანონი მას შემდეგ შემოიღო, რაც 2012 წელს 23 წლის ქალი ავტობუსში ჯგუფურად გააუპატიურეს.


როგორც ამბობენ, პოლიციამ 4 მამაკაცი დააპატიმრა, 3 ეჭვმიტანილის ძებნა კი გრძელდება. დაკავებულთა შორისაა პოლიციის ოფიცერი. როგორც გვამის გაკვეთისას დადასტურდა, გოგონები ჯგუფურად გააუპატიურეს, შემდეგ დაახრჩვეს და ხეზე ჩამოკიდეს. ამასთან, გულგრილობაში ადანაშაულებენ პოლიციელებს - მათ მამის განცხადებას, რომ გოგონები დაკარგულები არიან, ყურადღება არ მიაქციეს. ხალხს მიაჩნია - რომ არა სამართალდამცავთა გულგრილობა, გოგონები შესაძლოა გადარჩენილიყვნენ. 


ქალების გაუპატიურების თვალსაზრისით ინდოეთში საგანგაშო ვითარებაა - ქვეყანაში ყოველ 

22 წუთში გაუპატიურება ფიქსირდება. ეს მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკით, გაუხმაურებელი ფაქტების რიცხვი გაცილებით მეტია. ამასთან, გოგონების დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს - სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს დუმილისკენ ოჯახის წევრებიც მოუწოდებენ.
"ბიჭები ბიჭებად დარჩებიან. ისინი შეცდომებს უშვებენ", - ასე ამართლებს ქალზე ძალადობას ზოგიერთი ადგილობრივი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.