შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ავღანეთში (ვიდეო)

შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ავღანეთში (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ავღანეთში იმყოფება. ალუდა კოპალიანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანაშემწესთან, ნოდარ ეფრემიძესთან ერთად, ყანდაღარის და ჰელმანდის პროვინციებში დისლოცირებული ქართული ქვედანაყოფების ბაზები მოინახულა.

ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრები ყანდაღარის „საჰაერო ძალების“ ბაზაზე, ბაზა „პასაბსა“ და „აპაჩიზე“, ასევე ჰელმანდის პროვინციაში ბაზა „ლეზერნიკზე“ გაიმართა. ISAF-ის მისიაში მონაწილე სამხედროებმა სტუმრებს ადგილზე არსებული მდგომარეობა, ქართველი ჯარისკაცების მომზადებისა და ჯანმრთელობის პირობები, ასევე, ოპერაციის არეალში უშუალო მოქმედებებისა და არსებული ამოცანების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი „სამხრეთის რეგიონალური სარდლობა“ ქვეითი დივიზიის სერჟანტ-მაიორს, დავიდ კლარკსაც შეხვდა. ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მაღალი შეფასება მისცა. სერჟანტ-მაიორმა ქართულ კონტინგენტთან სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ნატოს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის მისიის ფარგლებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, კოალიციურ ძალებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და  პასუხისმგებლობის რაიონებში მშვიდობის დამყარებაა.