კომპარტიის ყოფილ მაღალჩინოსნებს მაღალ თანამდებობაზე მუშაობა „თავისუფლების ქარტიის“ შესაბამისად ეკრძალებათ. განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარება. პირებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში და საგანმანათლებო დაწესებულებებში, მუშაობა ოფიციალურად აეკრძალებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში „თავისუფლების ქარტიის“ კანონის საფუძველზე შექმნილი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
კომისია დაკომპლექტებულია შსს-ს თანამშრომლებითა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებით. კომისიის მიზანია „თავისუფლების ქარტიის“ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე შეზღუდვები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც ფარულად თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ს სპეციალურ სამსახურებთან და უარი განაცხადეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობაზე, ან საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.
„თავისულფების ქარტია“ ასევე შეზღუდვას უწესებს იმ პირებს, რომლებსაც სსრკ-ს დროს ეკავათ მაღალი პოლიტიკური და პარტიული თანამდებობები. კომისიის ფუნქციაა ფაშისტური და კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიების, სიმბოლიკების და პროპაგანდის აკრძალვა.
პირველ სხდომაზე კომისის სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა. კომისიის წევრებმა „თავისუფლების ქარტიის“ კანონით განსაზღვრული სხვადასხვა საკითხებიც განიხილეს.
როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, საბჭოთა კავშირის დროინდელი პარტიის მუშაკების შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე ცნობილია, შესაბამისად „თავისუფლების ქარტიის“ ფარგლებში შექმნილი კომისია ამ პირებს თანამდებობის დატოვებისთვის ერთ თვიან ვადას აძლევს. კანონის შესაბამისად, ამ პირებმა თანამდებობა ერთი თვის ვადაში საკუთარი ნებით უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდება. შესაბამისად, ამ ადამიანთა ვინაობა ჯერ-ჯერობით არ სახელდება.
შსს-ს ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველოს უფროსის, ამავე კომისიის წევრის, ზვიად ოქროპირიძის განცხადებით, შეზღუდვები შეეხება მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის მინისტრებს, მათ მოადგილეებს, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეებს, მოსამართლეებს და საგანმანათლებო დაწესებულების ხელმძღვანელებს.
„ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული მუშაობის გეგმა. ორი მიმართულებით ვგეგმავთ მუშაობას. პირველ რიგში, იმ თანამდებობის პირების რეესტრი უნდა გავაკეთოთ, რომელიც ამ კანონის მიხედვით არის გათვალისწინებული, ესენი არიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომდგენლები, მოსამართლეები, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, ელჩები, საგანმანათლებო დაწესებულების ხელმძღვანელები. მოხდება ამ პირთა სრული იდენტიფიცირება გვარებისა და სახელების მიხედვით. მათი მონაცემები გადამოწმდება შსს-ს მონაცემთა ბაზებში, ანუ იმ არქივებში, რომელიც შსს-ში არსებობს“, - აცხადებს for.ge-სთნ საუბრისას ზვიად ოქროპირიძე.
გარდა ამისა, მოხდება უშიშროების სამსახურების ფარული თანამშრომლების ლუსტრაცაია. უმრავლესობის წევრი, „თავისუფლების ქარტიის“ კანონის საფუძველზე შექმნილი კომისიის წევრი, ლევან ბერძენიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კანონი ოფიციალურად შეეხება იმ პირებს, რომლებიც მუშაობდნენ იმ თანამდებობებზე, რომლის დადასტურებაც კომისიას შეუძლია.
„თუ ვინმეს შეეხება „თავისუფლების ქარტია“, ის შეეხება სამართლიანად, ისე, რომ მერე არ ჰქონდეს მას საშუალება იმისა, რომ გაასაჩივროს და კომისიის მუშაობა გააუქმოს. არასოდეს არ ყოფილა ამ კანონის ძირითადი შემადგენელი ნაწილი აგენტებზე ნადირობა. არც ერთ კანონში არ წერია, რომ არქივები არ უნდა გაიხსნას, მაგრამ სამწუხაროდ, ამ სფეროში ძალიან დიდი ხარვეზი გვაქვს, რადგან 1990 წელს ეს არქივები გაიტანეს საქართველოდან“, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
„შემოდის კონკრეტული შეზღუდვები, არის კონკრეტული თანამდებობის ჩამონათვალი, რომლის დაკავება ეკრძალებათ როგორც იმ პირებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ საბჭოთა კავშირის ორგანოებთან, ასევე იმ პირებს რომლებსაც ეკავათ საჯარო თანამდებობა როგორიც არის მაგალითად რაიკომის მდივნები“, - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატი, ამავე კომისიის წევრი გიორგი კანდელაკი.
„თავისუფლების ქარტიის“ კანონის ერთ-ერთი ავტორი, ყოფილი პარლამენტარი გია თორთლაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არქივი განადგურებული არაა, მისი თქმით, ამ დროისათვის შსს-ს არქივში 100-ზე მეტი საქმე არსებობს, რომელთა შესწავლა, წესით, კომისიას არ უნდა გაუჭირდეს.
„არ გამოვრიცხავ, რომ ეს კომისია შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, რომელთა მოშორებაც უნდა ხელისუფლებას. რაც უფრო ადრე მივიღებთ ამ კანონს, მით უფრო ადრე განთავისუფლდება ქვეყანა ამ უბედურებისგან. თავისთავად კარგია, რომ შეიქმნა ეს კომისია. ბოლო ორი არჩევნები, როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო ამ კანონის დარღვევით ჩატარდა. როდესაც კომისიის წევრები ამბობენ, რომ ჩვენი მიზანი არაა მხოლოდ კომუნისტური პარტიის და კომკავშირის მაღალჩინოსნების გამოვლენა, ამას გამოვლენა არ სჭირდება, ეს ისედაც ცნობილია. ეს ინფორმაცია დამალული არაა, დამალული და დაფარული იყო ე.წ. კაგებეს აგენტები, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ მიმართულებითაც უნდა იმუშაონ სწორედ“, - აცხადებს თორთალაძე.
მისივე თქმით, არსებობს არქივების ასლები, რომელიც თავის დროზე, ბორის ელცინმა გახსნა, სახელწოდებით, „კაგებეს და კომუნისტური პარტიის არქივები“. როგორც თორთლაძე აცხადებს, უცხო ქვეყნებში კონკრეტულ კომპანიებში გაიყიდა 25 მილიონი დოკუმენტი.
„შემიძლია კომისიას დავუსახელო ორი დაწესებულება და ის ორი ქვეყანა, სადაც არის ეს არქივი. შეიძლება ამ ქვეყნებმა კეთილი ნება გამოხატონ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია გადმოგვცენ, ან შესაძლოა, გარკვეულ თანხად შევიძინოთ კიდევაც. ასე რომ, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. დაგვიანებული არაფერი არაა, ამას უნდა მუშაობა და საქართველოში ჩამოტანა, ხოლო ადგილზე რომელიც არის, ამას უნდა გამოყენება. კონკრეტულად ვის შეეხება ეს კანონი, ამას ვერ გეტყვით იმიტომ, რომ მე არ მიმუშავია არქივებში“, - ამბობს გია თორთლაძე.
„თავისუფლების ქარტიის“ შესახებ კანონი ჯერ კიდევ 1996 წელს შეიქმნა, თუმცა მაშინ კანონპაროექტი კანონმდებლებმა არ მიიღეს. პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ეს პროცესი ხან ინტენსიური იყო, ხან მიჩუმათდებოდა-ხოლმე. იურისტი ლევან ალაფიშვილი, რომელმაც ამ კანონზე ჯერ კიდევ 1996 წელს იმუშავა, აცხადებს, რომ ამ კანონის მიღება დაგვიანებულიც არის, რადგან ბევრი ღირებული ინფორმაცია დაკარგულია.
„დაგვიანებულად მიმაჩნია ამ პროცესის დაწყება. თუმცა, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს კანონი და ეს რეგულაცია, რომელიც იდეაში სახელმწიფოებრივია და უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს, არ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად. ეს ცალსახად და მკაფიოდ უნდა დაისახოს ამოცანად, როგორც საჯარო ადმინისტრაციამ, ასევე საზოგადოებამ. ნებისმიერი მცირეოდენი საფრთხეც კი, ამ მიმართულებით, მყისიერი რეაგირების საგანი უნდა გახდეს“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.