ექსპორტიორები მთავრობას დარიალის ხეობაში მიმდინარე საგზაო სამუშაოების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ. ისინი უკვე მოსალოდნელ ზარალზეც ალაპარაკდნენ. ჯერჯერობით ახალი ცნობა გზის საბოლოოდ გახსნის თაობაზე არ არსებობს.
მთავრობის განკარგულების თანახმად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დარიალის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოები შეუფერხებლად შეზღუდულ ვადებში, ორ ეტაპად უნდა ჩაატაროს. პირველ ეტაპზე მდინარის კალაპოტისა და საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება, ხოლო მეორე ეტაპზე დაზიანებული საავტომობილო გზის შეზღუდულ ვადებში აღდგენა მოხდება.
განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს, ფინანსთა სამინისტრომ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, პირველ ეტაპზე 7 მილიონი ლარი უნდა გამოუყოს.
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის თანხა დუშეთის მუნიციპალიტეტსაც გამოეყო. 660 ათასი ლარით მუნიციპალიტეტმა სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, სანიაღვრე არხების, ბოგირების, გაბიონების, ნაპირსამაგრი ნაგებობის და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოების და მათთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა უნდა უზრუნველყოს.
ამასობაში, დარიალის ხეობაში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი მუშაობის ორცვლიან რეჟიმზე გადავიდა, მაგრამ თუ როდის გაიხსნება გზა ჯერაც უცნობია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე აცხადებს, დროებითი გზის მეშვეობით მოხერხდა მოწყვეტილი მთის მხარეს ტექნიკისა და მუშების სრულად მობილიზება, საწვავის, საკვების მიწოდება, რამაც მუშაობის ტემპი დააჩქარა. ფანჩულიძე მხოლოდ იმას დასძენს, რომ ტერიტორიაზე, სადაც სამაშველო სამუშაოები სრულდება, გზის მოწყობის სამუშაოები იწყება. რაც შეეხაბ დროებით გზას, იგი მხოლოდ სამუშაო ტექნიკის გადაადგილებისთვის იქნება გამოყენებული.
ექსპორტიორი კომპანიები კი მთავრობას კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ. მათთვის ნებისმიერი ტიპის ცნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა თავიანთი სტრატეგია დაგეგმონ.
კომპანია „ნაბეღლავი“, ექსპორტიორების სახელით, მთავრობას დარიალის ხეობაში საავტომობილო გზის აღდგენის შესახებ ინფორმაციის მოწოდებას სთხოვს, რადგან კომპანიებს ექსპორტის აღდგენის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვთ და გაურკვეველ სიტუაციაში რჩებიან.
ალტერნატიული გზების განხილვის პროცესშია „საირმეც“. როგორც კომპანიის საექსპორტო განყოფილებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე არ ზარალობენ, თუმცა თუ გზა ერთ კვირაში არ გაიხსნება, მათ სხვების მსგავსად პრობლემები შეექმნებათ. გაცილებით უკეთეს ვითარებაშია მინერალური წყლის კომპანია „ბორჯომი“, რომლის პროდუქციაც რუსეთში, ძირითადად, აზერბაიჯანის გავლით, რკინიგზის საშუალებით შედის.
ყველაზე რთულ ვითარებაში კი მეღვინეები არიან. ამ რამდენიმე თვის წინ მათთვის ძლივ რუსეთის ბაზარი გაიხსნა და ახლა სტიქიის გამო პროდუქციის ტრანსპორტირებას ვერ ახერხებენ. თუ გზის პრობლემა დროულად ვერ მოგვარდა, ექსპორტიორებს პროდუქციის გადაზიდვისთვის ალტერნატიული გზის გამონახვა მოუწევთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ტრანზიტის საფასური გაუძვირდებათ, პარალელურად, ბაზარზე პროდუქციის დეფიციტიც გაჩნდება.
„თელავის ღვინის მარნის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ზურაბ რამაზაშვილის შეფასებით, გზის დიდი ხნით ჩაკეტვა ქართული პროდუქციის რუსეთში გადაზიდვებს შეაფერხებს, რაც თავისთავად ექსპორტიორთა შემოსავლებს შეამცირებს. „პროდუქციის გატანა შეფერხდება და დროში გაიწელება, რაც ავტომატურად აისახება კომპანიის შემოსავლებზე“, - განუცხადა რამაზაშვილმა რადიო „კომერსანტს“.
რუსეთში ღვინის მიწოდება შეჩერებული აქვს კომპანია „მარნისკარსაც“. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, საუბარი უკვე მიდის ალტერნატიული გზების მოძიებაზე, თუმცა ღვინით დატვირთული მანქანები ამ დრომდე რჩება დარიალის ხეობაში და მიმოსვლის აღდგენას ელოდებიან. ლაშა რევაზიშვილის თქმით, ამ ეტაპზე კომპანია ზარალს არ განიცდის, თუმცა თუ რუსეთში ექსპორტი დროულად არ აღდგა, ბაზარზე დეფიციტი შეიქმნება.