ბოლო დროს ქართულ ავიაციაში დაპირისპირება ჩვეულებრივ ამბად იქცა. მთავრობას, აეროპორტების ხელმძღვანელებსა და ავიაკომპანიებს შორის საერთო ენა ვერაფრით გამოიძებნა. ამჯერად ერთმანეთს პირისპირ ავიაბიზნესმენი გიორგი კოდუა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო წარსდგნენ.
ავიაკომპანია „ეარ კავკასუსის“ პრეზიდენტი გაუქმებული კომპანიის აღდგენას და ხელისუფლებისაგან მხარდაჭერას ითხოვს. წინა ხელისუფლებამ მის კომპანიას ლიცენზია ჩამოართვა და ავიაკომპანია გააუქმა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, კომპანიის აღსადგენად მუშაობა დაიწყო და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სინგაპურულ კომპანიებთან ერთად, ინვესტიციები განახორციელა. თუმცა, გიორგი კოდუას ინფორმაციით, ახლახანს კომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ჯერ ლიცენზია შეუჩერა, შემდეგ კი მთლიანად კომპანიის გაუქმებას მოაწერა ხელი.
ამ ფაქტთან დაკავშირებით კოდუამ 10 დღის წინ საჩივრით მიმართა ეკონომიკის სამინისტროს. ამ ბიზნესში კომპანიამ დაახლოებით 5 მილიონი ინვესტიცია განახორციელა, ხოლო 2 მილიონი - სინგაპურულმა კომპანიებმა. „ეარ კავკასუსის“ პრეზიდენტი ხელისუფლებას მიმართავს - ნუ გადაუყრიან წყალში განხორციელებულ ინვესტიციებს.
„სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ნებისმიერ ავიაკომპანიას, პირიქით, ხელისშემშლელად გვევლინება. სააგენტომ ჯერ ლიცენზიები შეაჩერა და მერე მთლიანად კომპანიის გაუქმებას მოაწერა. ამ მთავრობის მთავარი მესიჯია „ავამუშავოთ საქართველო“ და ვხედავთ, რომ მუშაობისას აჩერებენ“, - აღნიშნა კოდუამ.
მან კორუფციული გარიგების შესახებ გამოთქვა ვარაუდი და დასძინა, რომ ეჭვი ეპარება ეკონომიკის სამინისტრომ ამ პრობლემის მოგვარება შეძლოს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ბევრი არ დაუხანებია და მყის გამოეხმაურა კოდუას ბრალდებას: „საქართველოს სამოქალაქო ავიაცია ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ფრენის უსაფრთხოების წესები არ და ვერ შეიცვლება, ქვეყანაში ხელისუფლებების ცვლის მიუხედავად და ავიასაწარმოების კომერციული ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით“, - აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
„რაც შეეხება „ეარ კავკასუსისათვის“ საჰაერო ხომალდის სერტიფიკატის გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, ის ეფუძნება „საჰაერო ხომალდის ექსპლოატანტის სერტიფიცირების წესს“, რომლის თანახმად, სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ექსპლოატანტის მიერ საჰაერო ხომალდების არქონა, რომელიც, თავის მხრივ, არის სერტიფიკატის ფლობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, „ეარ კავკასუსის“ ექსპლოატაციაში მყოფ ორივე საჰაერო ხომალდთან დაკავშირებული ლიზინგის ხელშეკრულება შეწყდა მესაკუთრის - swift aircargo private ltd-ის მოთხოვნით“.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სააგენტოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუ მხარე მას არ ეთანხმება, შესაძლებელია გასაჩივრდეს როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ასევე, სასამართლოში, რაც განხორცილდა კიდეც კომპანიის წარმომადგენლის მიერ.
ეს კონკრეტული დაპირისპირება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართულ ავიაციაში ბოლო დროს ვითარება დაიძაბა. სხვათა შორის, ავიაბაზარზე არსებული საკითხებით პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭო დაინტერესდა. შესაბამისად, მოსალოდნელია ავიასაკითხების შემსწავლელი კომისიის გააქტიურებაც, რომელიც ბოლოს 1 წლის წინ შეიკრიბა.
ავიაკომპანია „აირზენას“ გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკურ საბჭოს სხდომაზე და საავიაციო სააგენტოსთან შეხვედრაზე უკვე იმსჯელეს. საუბარია ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის სატარიფო პოლიტიკის და სიხშირეების დადგენაზე. მისი თქმით, უნდა დაწესდეს გონივრული ფასი, მოხდეს ტარიფების ფორმირება და ქვედა ზღვარის დადგენა.
ზაუტაშვილი აეროპორტების ტარიფების გასაჯაროებასაც ითხოვს. მაგალითად, ქუთაისის აეროპორტის გახსნის მთავარი მიზეზი იყო, რომ ყოფილიყო იაფი ტარიფები და იაფი ფრენები. თუმცა, სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ქუთაისის აეროპორტში ტარიფები ბევრად მაღალია, ვიდრე ბათუმში.