სკოლის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა და სერიოზული მსჯელობის საგნადაც იქცა. საქმე ისაა, რომ წელს წარჩინებულმა ბავშვებმაც კი გაუგონრად დაბალი შეფასება მიიღეს. ისინი და ზოგიერთი ექსპერტიც მიიჩნევს, რომ ტესტებში უამრავი შეცდომა იყო, რასაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება.
38 ათასზე მეტი მეთორმეტეკლასელიდან სკოლის ატესტატის გარეშე 4% დარჩა. ისინი, ვერც ეროვნულ გამოცდებში მიიღებენ მონაწილეობას. მეორე შანსი კი მომავალ წელს ამავე დროს ექნებათ.
21-25 მაისს ერთდროულად 1500-მდე სკოლაში მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები ჩატარდა. გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით, cat-ით ჩატარდა. გამსვლელი ბარიერი ყველა საგანში 5.5 ქულით იყო განსაზღვრული.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსწავლეთა 2.19%-მა ვერ გადალახა, ინგლისურში – მოსწავლეთა 3.83%-მა, ისტორიაში – 3.89%-მა, რუსულში – 11.85%-მა, გერმანულში – 6.53%-მა, ფრანგულში – 7.9%-მა, გეოგრაფიაში – 1.37%-მა და ფიზიკაში – 3.03%-მა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ივა მინდაძის თქმით, თითქმის ყველა გამოცდა ერთნაირი სირთულის იყო, თუმცა შედეგებიდან გამომდინარე, მოსწავლეებს ყველაზე მეტად რუსული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება გაუჭირდათ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ტესტებში არსებულ შეცდომებთან და ტექნიკულ პრობლემებთან დაკავშირებით მინდაძე აცხადებს, რომ ხმები გაზვიადებულია.
„უშეცდომო არაფერია, თუმცა ხმები, თითქოს ძალიან ბევრი პრობლემა და ხარვეზი იყო – გადაჭარბებულია. ეს ინფორმაცია, რომ სინამდვილეს შეესაბამებოდეს, ალბათ, უფრო დიდი რეზონანსი მოჰყვებოდა. მოსწავლეებს ტესტები გამოცდიდან ზეპირად, მეხსიერებით გამოაქვთ, შესაძლოა, კარგად აღარც ახსოვდეთ“, – განაცხადა მინდაძემ.
საგამოცდო ცენტრის მონაცემებს განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი არ იზიარებს და პრემიერ-მინისტრის დონეზე კომისიის შექმნას მოითხოვს, რომელიც გამოცდების ეროვნული ცენტრის იმ ჯგუფის საქმიანობას შეისწავლის, რომელმაც ტესტები მოამზადა.
ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ წლევანდელ გამოსაშვებ გამოცდებზე წარჩინებულმა მოსწავლეებმა „გაუგონრად დაბალი შეფასება“ მიიღეს. მისი აზრით, ძლიერმა ბავშვებმა საატესტატო გამოცდებში მაღალი ნიშნები პროგრამის გაუმართავად მუშაობის ან ტესტების უხარისხობის გამო ვერ მიიღეს.
„პრემიერის დონეზე კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას და მან უნდა გამოიკვლიოს, რატომ მოხდა ისე, რომ ყველა წარმატებულმა ბავშვმა, თითქმის 99%-მა, წელს დაბალი შეფასება მიიღო. წინა წლებში მაღალი შეფასება იწერებოდა, წელს კი წარჩინებულმა ბავშვებმა დაბალი შეფასება მიიღეს.
როდესაც ამ ბავშვებს გაუჩნდათ პრეტენზიები, რომ საკუთარი ნამუშევრები ენახათ, მათ ამის უფლება არ მისცეს. ამოუბეჭდონ თავისი პასუხები, ანახონ შეცდომები და მისცენ სწორი პასუხებიც. ამის მერე ვინმეს ხმა აქვს ამოსაღები? როგორ გამოცდას აწყობენ? ამ საქმეს მე ასე არ დავტოვებ. დოკუმენტაციას შევისწავლი, გაურკვეველი არაფერი დარჩება“, - აცხადებს ნიკოლაიშვილი.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ამ ბრალდებას არასერიოზულს უწოდებს და აცხადებს, რომ გამოცდებმა სერიოზული ხარვეზების გარეშე ჩაიარა.
„ჩვენი თვითმიზანი არანაირად არ არის, რომ გამოცდები გავართულოთ. პირიქით, ის ზოგადად განათლების დონეს უნდა მოვარგოთ. იმის ანალოგი, რაც ჩვენ ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში დავნეგრეთ, არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. არსად პროცესი ასეთი გამჭვირვალე არ არის, როგორც ჩვენთან. ჩვენ ვაძლევთ აბიტურიენტებს იმის საშუალებას, რომ საკუთარი ნამუშევარი ნახონ. ეს არის ასმაგი და ათასმაგი შრომა ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან იმის გამო, რომ საზოგადოების ნდობა მოგვეპოვებინა“ - აღნიშნა მიმინოშვილმა.