რას მოუტანს საქართველოს ჰიბრიდული მცენარეების მასობრივად გაშენება

რას მოუტანს საქართველოს ჰიბრიდული მცენარეების მასობრივად გაშენება

[ლევან სეფისკვერაძე]

რამდენიმე დღის წინ, თითქმის ყველა ქართული ტელევიზიით გადაიცა, საქართველოს პრეზიდენტის დასავლეთ სქართველოში სტუმრობა. მიხეილ სააკაშვილმა გლეხებთან ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრა. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული ერთი მეტად საგულისხმო ფრაზა, როდესაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოსავლიანობის ხარისხისა და რაოდენობის გასაუმჯობესებლად, სახელმწიფო აპირებს ამერიკული სიმინდისა და ხორბლის თესლის შემოტანას და ქართველ გლეხებში მასიურად გავრცელებას. 

ამერიკული სათესლე ხორბლის საქართველოში მასიური შემოტანა, ერთი შეხედვით კარგი და საჭირო პროექტი უნდა იყოს, მაგრამ თუკი ეს იდეა განხორციელდება, ფაქტობრივად უარი უნდა ვთქვათ ტრადიციულ ქართულ ჯიშებზე, რომელთა ხარისხიანობა ეჭვს არასოდეს იწვევდა და სხვა თუ არაფერი, ქართული სოფლის მეურნეობა, საუკუნეების მანძილზე, სწორედ ადგილობრივი ჯიშის ხორბლით იყო წელგამართული. 

მეტად სავალალოა, მაგრამ ფაქტია, რომ უნიკალური ქართული ჯიშები სრული გაქრობის პირასაა. არადა, ჩვენგან წაღებულ თესლს სხვა ქვეყნები თავისად წარმოაჩენენ და ამით ამაყობენ; ხოლო საქართველოში ექსპორტირებული ხორბალი და პურის ფქვილი, რომელიც მოხმარებული პროდუქციის 91% შეადგენს, იმდენად დაბალი ხარისხისაა, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 

როგორც ჩანს, პრობლემა უფრო მეტად სერიოზულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენ ვესაუბრეთ სოფლის მეურნეობის სპეციალისტს, ბატონ დავით ასათიანს, რომელიც აღნიშნავს, რომ თუკი პრეზიდენტის იდეამ ფრთები შეისხა, ეს შეიძლება ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდეს. 

დავით ასათიანი: “მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყანა საქართველო, როგორც ვაზისა და ღვინის, ისე ხორბლის ერთ-ერთ სამშობლოდ მოიაზრება. ამას ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მრავალი ვაზისა თუ ხორბლის ადგილობრივი ჯიშების არსებობა. 

და მაინც, რატომ არის ქართული ჯიშები უმჯობესი?

– ესენი მხოლოდ მცენარეები არ არის. მათ უდაოდ ძალზედ დიდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩვენი ერის დღევანდელ დღემდე მოღწევაში, წარმოადგენენ ქართული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ნაწილს. ქართული ჯიშების ეს არ იყო არც ერთი და არც ორი წლისა და თუ გნებავთ ათწლეულის საქმე, მათ შექმნასა და გამოყვანას ქართველმა კაცმა ათეული და ასეული წლები მოანდომა, რომელი დროც ქართული კულტურის შექმნისა და ჩამოყალიბების პარალელურად მიმდინარეობდა. აღნიშნული ჯიშების სახით საქმე გვაქვს არამარტო ქართულ, არამედ მსოფლიო საგანძურთან. 

მხოლოდ საქართველოში ხომ არ დგას ეს პრობლემა? რამდენადაც ცნობილია, სხვა ქვეყნებშიც არის მაღალხარისიანი ადგილობრივი ჯიშები...

– სულაც არ გვინდა ჩრდილი მივაყენოთ სხვა ქვეყნის კულტურას, მაგრამ მაშინ რას ნიშნავს ის ფაქტი, როდესაც ძალიან ბევრი ხორბლის ახალი ჯიშების გამოსაყვანად “საფუძვლად” გამოიყენება სწორედ ქართული ჯიშები?

ამა თუ იმ ერის კულტურას ბევრ სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს ასევე მისი ბუნების მრავალფეროვნებაც. თუკი შესაძლოა რიგი ქვეყნების ბუნების სიმდიდრედ უდაბნოს ქვიშა, კაქტუსები და მორიელები ჩაითვალოს, მაშინ რაღა ითქმის ქართულ ფლორასა ფაუნაზე, სადაც ველური ბუნების პარალელურად ქართველმა კაცმა გამოიყვანა მცენარეთა ისეთი ჯიშები, რომლებიც არათუ მხარისა და რეგიონის არამედ ხშირ შემთხვევაში სოფლებისა ან სოფლებში კონკრეტული უბნებისა თუ ფერდების სახელს ატარებენ? 

ანუ, ადრე საქართველოში მემცანარეობა მაღალ დონეზე იყო განვითარებული და უფრო მეტიც – საკუთრივ ჩვენი ჯიშები გვქონდა?

– რა თქმა უნდა... ყოველოვე უდაოდ სოფლის მეურნეობის ამ დარგების მაღალ დონეზე და განვითარებაზე მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ სიმინდი ჩვენს ქვეყანაშიც ამერიკიდან შემოვიდა, ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი ისეთივე პრობლემებს გამოიწვევს, როგორც ჰიბრიდული ხორბალი. 

სამწუხაროდ საქართველოში ყოველ დროში არსებობდნენ და დღევანდელ დღესაც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არათუ სათანადოდ ვერ აფასებენ ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეს თავიანთი ჭკუის მოკლეისობის გამო, არამედ ყოველივე ქართულისა და ტრადიციულის წინააღმდეგნიც კი არიან. ვერ ვხვდები რამ დაუბინდა ამ ხალხს გონება, როდესაც მათ ქართული სოფლის მეურნეობის აღორძინება მხოლოდ უცხოეთიდან ვაზის, სიმინდის ხეხილისა და ხორბლის ჯიშების შემოტანაში მიაჩნიათ?

მაშინ როდესაც თავად უცხოელები, როგორც ზემოთ ითქვა ჩვენს, ქართულ ვაზისა თუ ხორბლის ჯიშებს იპარავენ კიდეც და მცირედი სახესხვაობის შემდეგ თავისად ასაღებენ. 

ყველაზე უფრო გულსატკენი კი ამ ყველაფერში ისაა, რომ ეს ჩვენი შინაური მოკეთეები ამ ყველაფრის ქადაგებას მთავრობის ტრიბუნებიდან ეწევიან. მინდა ერთი შეკითხვა დავსვა, საქართველოს მთავრობა დაინტერესებული უნდა იყოს ქართული გენოფონდის გადარჩენით თუ პირიქით მის განადგურებას და მოსპობას ცდილობდეს?“ 

არავინ დავობს, რომ ამერიკული მანქანათმშენებლობა, ქიმიური მრეწველობა თუ თანამედროვე ტექნოლოგიები, მართლაც რომ უმაღლესი დონისაა და ამერიკელებისაგან ასეთი ტიპის სფეროებში უდავოდ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი, მაგრამ იმედია ერთხელ და სამუდამოდ იმასაც მივხვდებით, რომ ყოველივე უცხო - საუცხოო ნამდვილად არ არის!