საექსპორტო გადაჯგუფებები კვლავ გაგრძელდება

საექსპორტო გადაჯგუფებები კვლავ გაგრძელდება

ქართული ძირითადი საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში, სავარაუდოდ, ცვლილებები მოხდება. ზოგიერთი ნაწარმი ახლა იკიდებს ფეხს უცხოურ ბაზრებზე, ზოგიერთი კი პოზიციებს თანდათან თმობს. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ტენდენცია უფრო გარე ფაქტორებიდან მომდინარეობს.

„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილებს იმპორტი 14%-ით არის დაკლებული. ამ სასაქონლო ჯგუფის იმპორტმა 200 მლნ აშშ დოლარი და იმპორტის 8% შეადგინა. შესაბამისად, იკლებს მანქანების ექსპორტიც (უფრო სწორად, რეექსპორტი). ჩვენი მეზობლად მდებარე ქვეყნების საკანონმდებლო ცვლილებების გამოისობით, ამ სეგმენტში ვითარება კარდინალურად იცვლება.

საქართველოში არ არის მანქანათმშენებლობის ინდუსტრია. ამის მიუხედავად, საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციაში მსუბუქი ავტომობილების წილი საკმაოდ მაღალია. ეს რეალურად, იმ მანქანების რეექსპორტია, რომლებიც ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებიდან შემოდის და შემდეგ რეგიონის იმ ქვეყნებში იყიდება, სადაც მოთხოვნა ხარისხიან მანქანებზე მაღალია. მოთხოვნა ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიიდანაა. ავტობაზარზე მაღალი კონკურენციაა, იმპორტ-რეექსპორტით 120-ზე მეტი კომპანიაა დაკავებული.

2014 წლის გაზაფხულზე ავტოექსპორტის პერსპექტივასთან დაკავშირებით საქართველოში სერიოზული კითხვები გაჩნდა. ამის მიზეზი საქართველოდან მანქანების იმპორტიორი ქვეყნების გადაწყვეტილებებია: აზერბაიჯანი წელს ევროპის სტანდარტებზე გადავიდა, რაც გულისხმობს ქვეყანაში ავტოპარკის განახლებას და 2005 წლამდე წარმოებული მანქანების იმპორტის შეჩერებას. სომხეთი კი ევრაზიული საბაჟო კავშირის წევრობისთვის ემზადება, რაც ასევე რადიკალურად ცვლის სავაჭრო ურთიერთობებს და საბაჟო განაკვეთებს ყველა პროდუქტზე, მათ შორის, ავტომობილებზე.

2004 წელს ავტომობილების ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში ერთ პროცენტზე ნაკლები იყო. 2012-13 წლებში კი ამ პროდუქციის წილი ექსპორტში თითქმის 25 პროცენტამდე გაიზარდა. იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ავტოიმპორტიორები გასაღების ძირითად ბაზრებს დაკარგავენ, საქართველოში ავტომობილების იმპორტიც შემცირდება და ამ სექტორის წილი ექსპორტის საერთო მაჩვენებელში თანდანთან რამდენიმე წლის წინანდელ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

საქართველოს ექსპორტის ყველაზე სუსტი მხარე, ალბათ, მისი რამდენიმე მთავარ საქონელზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა, თუმცა ამ მიმართულებით თანდათან ვითარება იცვლება და საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ფართოვდება. მაგალითად, 26 მაისიდან მთელი რიგი ქართული ხილისა და ბოსტნეულისთვის რუსული ბაზარი გაიხსნა. მანამდე კი აქამდე არნახულ პოზიციებს მიაღწია თხილისა და ღვინის ექსპორტმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს ინფორმაცია დაადასტურა და აღნშნა, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის აღდგენა მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგია.

„რამდენიმე დღის წინათ გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ბაზარზე კვლავ აღდგება ქართული პომიდვრის, კიტრის, კომბოსტოს, ბადრიჯნის, კარტოფილისა და ხილის მიწოდება. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ხალხს ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი გზა იმისა, რომ მოახდინოს პროდუქტის რეალიზება და მიიღოს მეტი შემოსავალი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ კი ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე ამ თემაზე „როსსელხოზნადზორთან“ მუშაობდა და უკვე მთელ რიგი ხილსა და ბოსტნეულისთვის (ატამი, გარგარი, ქლიავი, შეფუთული და ახალ კარტოფილი) გზა რუსული ბაზრისკენ გზახსნილია.