8-წლიანი პაუზის შემდეგ რუსულ ბაზარზე ქართული ხილისა და ბოსტნეულის გარკვეული სახეობები ბრუნდება. კიტრი, პამიდორი, კომბოსტო, სტაფილო, ბადრიჯანი, გარეცხილი და დაფასოებული ახალი კარტოფილი, ატამი, ბალი, ალუბალი და სხვა კურკოვანები, - ამ პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანა ქართველ მეწარმეებს 26 მაისიდან შეუძლიათ.
სოფლის მეურნეობის გარკვეული პროდუქტი: ვაშლი, კომში, ჩირი, ჩაი, დაფნის ფოთოლი და სხვა საქართველოდან რუსეთში უკვე ერთი წელია გადის, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი სახეობებისგან განსხვავებით, ისინი დაბალი საკარანტინო რისკის პროდუქციას განეკუთვნება. 26 მაისიდან ნებადართული ხილ-ბოსტნეული კი მაღალი ფიტოსანიტარული რისკის პროდუქციად მიიჩნევა და განსაკუთრებულ შემოწმებას საჭიროებს.
„უახლოეს დღეებში ჩამოვლენ ჩვენი მოწვევით რუსი სპეციალისტები და ადგილზე დააკვირდებიან კონტროლის პროცესს“, - განუცხადა for.ge-ს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა გიგა ქურდოვანიძემ და აღნიშნა, რომ კონტროლის შედეგად კონკრეტული კომპანიები, თითოეულ ფერმერი თუ ფერმერთა გაერთიანება პროდუქციის თითოეულ პარტიაზე მიიღებს რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებულ სერთიფიკატს და, სწორედ, მის საფუძველზე შეიტანს პროდუქციას რუსეთში.
„სერთიფიკატებს გასცემს სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო ტვირთების ფორმირებისას რუსეთის ფედერაციის სპეციალისტები დააკვირდებიან იმ კონტროლის მექანიზმებს, რომელიც აქვს სურსათის ეროვნულ სააგენტოს - თუ როგორ მოწმდება ესა თუ ის პროდუქტი. კონტროლს განახორციელებენ საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო, ქართველი სპეციალისტები. რუსი სპეციალისტები კი, უბრალოდ, დააკვირდებიან პროცესს, როგორ მოწმდება პროდუქტი“,- განმარტავს გიგა ქურდოვანიძე.
ფიტოსანიტარული კარანტინი ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე ჯანსაღი პროდუქციის შეტანის მიზნით ტარდება, რათა პროდუქცია არ შეიცავდეს ნარჩენებს, პესტიციდებს და თავისუფალი იყოს მავნებლებისა და დაავადებებისგან.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქართველოში დღესაც არის კომპანიები, რომლებსაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია ადგილობრივი ბაზრისთვის მოჰყავთ და აწარმოებენ, რუსული ბაზრის გახსნის შემდეგ კი ამ სფეროში, შესაძლოა, ახალი მეწარმეებიც გაჩნდნენ.
„ამ თვალსაზრისით გარკვეულ ღონისძიებებს ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო - კოოპერაციების სახით. ახალი საწარმოებისთვის სტიმული იქნება რუსული ბაზრის გახსნა. ფერმერების გაერთიანება, თავის მხრივ, გააიოლებს ექსპორტის პროცედურას და პროდუქტის დამკვიდრებას როგორც შიდა ისე გარე ბაზარზე. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ჩამოყალიბდეს ფერმერული მეურნეობა. ერთი მხრივ, მოქმედებს მცირემიწიანთა დახმარების პროექტი და არის ხელმისაწვდომი კრედიტები, ახლა ბაზარიც გაიხსნა, რის შემდეგაც ჯერი ბიზნესზეა - ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ ინიციატივები“, - აცხადებს გიგა ქურდოვანიძე.
ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის თანდათანობითი გახსნის ტენდენციის გაგრძელებას მიესალმება „საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი რომან გოცირიძე, თუმცა აღნიშნავს, რომ პროდუქცია, რომლის საქართველოდან რუსეთში გატანის შესაძლებლობა გაჩნდა, ამ დროისთვის საქართველოს თავად შემოქვს სხვა ქვეყნებიდან, თუმცა, არის გარკვეული სახეობები, მაგალითად ატამი, რომლის რუსულ ბაზარზე გატანა ქართველი გლეხებისთვის მიმზიდველი იქნება. „ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ყურადღებას რეექსპორტის საკითხზე ამახვილებს და მიიჩნევს, რომ ეს მიმართულება ქართველი იმპორტიორებისთვის, შესაძლოა, საკმაოდ მომგებიანიც აღმოჩნდეს.
„თუ ქართველი იმპორტიორები შეძლებენ სხვა ქვეყნიდან, მაგალითად, თურქეთიდან ხილის შემოტანას, საქართველოს შეუძლია, პროდუქტი რეექსპორტის სახით გაიტანოს რუსეთში. არ მგონია, საქონლის წარმოშობის დადგენას ვინმე ძალიან გამოეკიდოს. ჩვენთან, ფაქტობრივად, არ არსებობს საბაჟო გადასახადი და იმ საქონელზეც კი, რომელზეც ბაჟი არის დაწესებული, ის ძალიან დაბალია. ამიტომ, მეზობელი ქვეყნიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემოტანა და შემდგომ რუსეთში მისი გატანა მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს ექსპორტიორისთვის. რა თქმა უნდა, აქ გასათვალისწინებელია სატრანსპორტო ხარჯები და საბაჟო გადასახადები, რომელიც მოქმედებს რუსეთის ტერიტორიაზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რომან გოცირიძე.
მისივე თქმით, რუსული ბაზართან დაკავშირებული რისკები გასათვალისწინებელია, მაგრამ ამ რისკების გამო ექსპორტზე უარის თქმა არ ღირს.
„რისკი არის და კარგი იქნება, თუ ჩვენს საქონელს ბაზარი ექნება სხვა ქვეყნებში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა გვეთქვა ღვინის ექსპორტზე. სწორედ, რუსეთის ბაზარს უკავშირდება ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა. როცა გაქვს შანსი, უნდა გამოიყენო. მთლიანობაში კი ყოველთვის უნდა ვიფიქროთ ბაზრის დივერსიფიცირებაზე“, - აღნიშნავს რომან გოცირიძე. იგი არ გამორიცხავს, რომ ხილ-ბოსტნეულის ექსპორტის ზრდამ, სამომავლოდ შესაბამისი დარგების განვითარებასაც შეუწყოს ხელი.
ქართული ხილ-ბოსტნის გარკვეული სახეობებისთვის რუსული ბაზრის გახსნას დადებითად აფასებს ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი გიორგი აბაშიშვილიც, თუმცა, ქართველ მეწარმეებს მოუწოდებს, პარალალურად, მუდმივად იფიქრონ ალტერნატიულ ბაზრებზეც.
„როდესაც გვეძლევა შანსი, რომ პროდუქცია გავიტანოთ რომელიმე ქვეყანაში, ეს ცალსახად დადებითი ფაქტია, ამიტომ, კარგი იქნება, თუ საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის ოდენობა გაიზრდება. მაგრამ რუსეთში ექსპორტს ახლავს გარკვეული რისკები. ზუსტად ვიცით, რომ რუსეთი არასტაბილური პარტნიორია და არ არის მოტივირებული მხოლოდ ეკონომიკური სარგებლიდან გამომდინარე იურთიერთოს საქართველოსთან, მას სჭირდება პოლიტიკური სარგებელიც. როგორც წესი, იღებს კიდეც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. რისკი არის ზუსტად ამ ნაწილში - რაც მეტად მივებმებით რუსულ ბაზარს, იმდენად მეტად მტკივნეული შეიძლება იყოს მის მიერ გამოცხადებული ემბარგო. ამიტომ ქართველ მეწარმეებს ვურჩევ, ერთი მხრივ, გამოიყენონ რუსული ბაზარი, მეორე მხრივ, მეტი ენერგია დახარჯონ ევროკავშირის ბაზრის ათვისებაზე“,- აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი აბაშიშვილი.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქართული წარმოების ცალკეული სახეობის პროდუქციას, სეზონურობის ფაქტორის გათვალისწინებით, საექსპორტო პოტენციალი აქვს და მეტი ეფექტის მიღება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მიწოდება ორგანიზებული გახდება.
გიორგი აბაშიშვილი ვარაუდობს, რომ რუსულ ბაზარზე ქართული ხილ-ბოსტნეულის გატანის პროცესში ცალკეული ჯგუფებიც ჩაერთვებიან და გლეხებისგან პროდუქციის შესყიდვის და ლოჯისტიკურ სამუშაოებს, სწორედ, ისინი შეასრულებენ.
როგორც აღვნიშნეთ, ქართული წარმოების ხილისა და ბოსტნეულის გარკვეული სახეობებისთვის რუსული ბაზარი 26 მაისიდან გაიხსნა, თუმცა, შესაბამისი პროცესის გააქტიურება, ქართველი მეწარმეების მოსავალზე იქნება დამოკიდებული. ქართული პროდუქციის მნიშვნელოვანი პარტია რუსეთში, სავარაუდოდ, გვიან ზაფხულსა და შემოდგომაზე გავა.