ემზარ კვიციანის შიმშილობა შესაძლოა ფატალურად დასრულდეს

ემზარ კვიციანის შიმშილობა შესაძლოა ფატალურად დასრულდეს

კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი 20 მაისის შემდეგ შიმშილობს. როგორც მისი მეუღლე თეთნულდ ანსიანი აცხადებს, ამ რამდენიმე დღის წინ ემზარ კვიციანმა სახლში დარეკვის უფლება ითხოვა, რათა ბავშვებს დალაპარაკებოდა, რაზეც პროკურატურისგან უარი მიიღო.

„მაშინ, როცა მერაბიშვილი სრულ კომფორტში იმყოფება ციხეში, ემზარს შვილებთან დარეკვაზეც კი უარს ეუბნებიან. შვილებთან ერთხელაც არ დაარეკინეს! ამდენ უსამართლობას ვეღარ გაუძლო და ამიტომაც მიმართა პროტესტის უკიდურეს ზომას და მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. იმედია, ეს ყველაფერი სავალალოდ არ დამთავრდება და, ვისაც ეხება, დროულად მიაქცევენ ყურადღებას!“ - აცხადებს ემზარ კვიციანის მეუღლე.

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ექვსდღიანი შიმშილობის შემდეგ ემზარ კვიციანის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა. არსებული ინფორმაციით, სისუსტის გამო მან შაბათს ციხის „პრაგულკაზეც“ ვერ მოახერხა გასვლა.

ემზარ კვიციანის ადვოკატი რევაზ კახნიაური For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა აშფოთებს, რადგან ემზარ კვიციანის შიმშილობა შეიძლება ფატალურად დასრულდეს. ადვოკატი 27 მაისს დილით აპირებს ემზარ კვიციანის მონახულებას, თუკი მან საკნიდან გამოსვლა მოახერხა.

„ის არ არის ადამიანი, რომელიც 20 და 30 დღეს იშიმშილებს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო შიმშილობს, რომ მისი საქმე არ მთავრდება. 2006 წლიდან მოყოლებული, ამ საქმეს ერთი და იგივე გამომძიებლები იძიებენ. ემზარი თვითონ გამოცხადდა, თავად მისცა ჩვენება, თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამის მიუხედავად, გამოძიებას მაინც მიაჩნია, რომ ის შეიძლება დაემალოს გამოძიებას. ამიტომაც უხანგრძლივებენ საპატიმრო ვადებს. მან განცხადება დაწერა და 13 წლის ქალიშვილთან ტელეფონით დალაპარაკების უფლება მოითხოვა. შეჰპირდნენ, მაგრამ მოატყუეს, შემდეგ მისწერეს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ უფლებას არ მოგცემთო. მაშინ, როცა სხვებს ინტერნეტის, რადიოს, ტელევიზიის, პრესის გამოყენების უფლებას აძლევენ. ის ყველაფრისგან შეზღუდულია და გრძნობს, რომ მის მიმართ განსაკუთრებულ აგრესიას იჩენენ ის ნაციონალი პროკურორები, რომლებიც ადრეც გამოირჩეოდნენ ყოფილ ხელისუფლებასთან საეჭვო ურთიერთობებით“, - აცხადებს რევაზ კახნიაური და გაკვირვებას გამოთქვამს, რომ ემზარ კვიციანის საქმის პროკურორი თენგიზ ხარებავაა, ადამიანი, რომელიც, ამავდროულად, ვაზაგაშვილის საქმის პროკურორიცაა.

ადვოკატის თქმით, ემზარ კვიციანის საქმეში ჩართულია „რუსთავი 2“-იც, რომელიც მას ტერორიზმში ადანაშაულებს, რაც საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს. ერთადერთი რეალობა ისაა, რომ ემზარ კვიციანი ჯარს დაუხვდა და მოითხოვა, 1994 წლის 14 მაისის ოთხმრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არ შეიძლებოდა საქართველოს ჯარის შეყვანა კოდორის ხეობაში. ეს რუსეთსა და აფხაზეთს იმის უფლებას აძლევდა, თვითონაც შეეყვანათ ჯარი ხეობაში.

„დავკარგავთ ამ ხეობას, ეს არ გააკეთოთო, მაგრამ არ დაიშალეს. ოქრუაშვილმა ჯარი შეიყვანა და მართლაც დაიკარგა ეს ხეობა. ახლა ედავებიან 1103 ლარს, რაღაც ცნობა გასცა და ამით საშემოსავლო დამალაო, მაშინ, როდესაც მილიონობით თანხა ჩაყარეს და ამ დროს ტყვიის გაუსროლად გამოიქცნენ კოდორის ხეობიდან. ვინ არის საქართველოს მტერი? ფაქტობრივად, ლაჩრები და საქართველოს მოღალატეები ასამართლებენ საქართველოს გმირს, რომელმაც 15 წლის განმავლობაში აფხაზეთის ტერიტორიის 1/3 შეუნარჩუნა საქართველოს“.

ემზარ კვიციანის მეუღლე თეთნულდ ანსიანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ციხეში მისი მეუღლე რთულ პირობებშია. ერთადერთი, რასაც უყურებს, ტელევიზია „კავკასიაა“, ასევე, პირველი არხი, დანარჩენი არხების ყურების საშუალება არ აქვს, რადიო დახშულია, პრესა არ შედის.

„ყველა პატიმარს ოჯახში დარეკვის უფლება აქვს და ყველას უკვირს, რატომ არ ეძლევა მას ამის საშუალება. ამაში რა საშიშროებას ხედავენ? ამის პარალელურად, ვრცელდება მერაბიშვილის მოწოდებები, მას ინტერნეტის უფლებაც აქვს და სხვა პრივილეგიებიც გააჩნია. შიმშილობის დაწყების პირველი დღეებია და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ემზარს მოლოდინი ჰქონდა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში სამართალს იპოვიდა, ამიტომაც გაბედა და ჩამოვიდა საქართველოში. არც არავისთან იყო შეთანხმებული, არც მოლაპარაკება ჰქონია არავისთან. დღემდე ისეთი განცდა გვაქვს, რომ ემზარ კვიციანი კოდორის ხეობის შენარჩუნებისთვის ისჯება. შეიძლება არჩევნებამდე არ იყო იმის დრო, რომ ემზარის საქმე ბოლომდე შეესწავლათ, არჩევნების შემდეგ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ ემზარი ციხიდან გამოვა და სამართალი გზას იპოვის“, - გვითხრა თეთნულდ ანსიანმა.

ყოფილი პოლიტპატიმარი, ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ამ ხელისუფლებისგან სიმართლის აღდგენას ელოდებოდა, ამდენი ადამიანი თავდებში ჩაუდგა ემზარ კვიციანს, მათ შორის, 35 დეპუტატი, თუმცა გირაოს შუამდგომლობა მაინც არ დააკმაყოფილეს. 

„ადვოკატები, მედიკოსები, სასულიერო პირები მასთან შედიან. შეზღუდული აქვს ყოველგვარი კავშირი ოჯახთან. რაც ჩამოვიდა და დააპატიმრეს, იმ დღიდან მოყოლებული, თავის პატარა ბავშვთან დაკავშირებას ითხოვს. 21-ე საუკუნეში ეს რატომ უნდა იკრძალებოდეს? საკუთარი ფეხით ჩამოვიდა, ჩაბარდა, არ გაურბის არცერთ კითხვას. ამ დროს ოქრუაშვილმა აღიარა, თავდაცვის მინისტრობისას კვიციანის ლიკვიდაციის ბრძანება გავეციო. ეს ნიშნავს, რომ კრიმინალი მთავრობა გვყავდა. ახლა ბრალად სდებს, თითქოს კვიციანმა ორი ჯარისკაცი დაჭრაო, სინამდვილეში, იმ ორი ჯარისკაცის სროლამდე და ჭრილობამდე რომ მისულიყო საქმე, ცოცხალი ვერავინ გადარჩებოდა. ემზარმა არ ისროლა და ისე გაეცალა იქაურობას. ეგენი ერთმანეთს ესროდნენ, მათთვის ეგ პირველი არ იყო, ძალიან ბევრი შოუ დაუდგამთ. როცა საქმეს სჭირდება, ნაციონალები ერთმანეთსაც ხოცავენ. ბევრი ბიჭი შეეწირა კოდორის ხეობას, არ უნდოდათ, ეს ხეობა მტერს ჩაბარებულიყო. ვაკეთებდით იმას, რაც არავის გაუკეთებია, მაინც ბოლოს ეს ღალატად ჩაგვეთვალა, მეც დამაპატიმრეს ნაციონალებმა და სამართალი დღესაც ვერ ვნახეთ. ამიტომ პასუხი უნდა აგოს ოქრუაშვილმა ამ განცხადებისთვის“,  -აცხადებს ნორა კვიციანი.

შეგახსენებთ, სააკაშვილის პროკურატურა ემზარ კვიციანს რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით ეძებდა. ახალი ხელისუფლების შემდეგ კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი საქართველოში 28 თებერვალს დაბრუნდა, თუმცა იგი სააკაშვილისდროინდელი ბრალდებით (სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობა) აეროპორტში დააკავეს. მიმდინარე წლის 20 მაისს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ემზარ კვიციანს პატიმრობის ვადა 28 ივნისამდე გაუხანგრძლივეს. დაცვის მხარე ერთი მილიონის ღირებულების ქონების გირაოში ჩადების სანაცვლოდ კვიციანის გათავისუფლებას ითხოვდა, რაც ემზარ კვიციანის შვილის მეგობრებმა შესთავაზეს სასამართლოს, მაგრამ სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.