აფხაზეთიდან 31 ქართველი გადმოასვენეს

აფხაზეთიდან 31 ქართველი გადმოასვენეს

აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველების ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა და ამით ბაბუშერას სამარხი პრაქტიკულად დაიხურა. 6 თვეში მოხდება სრული იდენტიფიკაცია და შემდეგ ცხედრები ოჯახებს გადაეცემათ. 27 მაისს გაიხსნება დიღმის ძმათა სასაფლაო, სადაც სავარაუდოდ 23 ცხედარი განისვენებს და არ არის გამორიცხული მათ შორის აფხაზ თანამემამულეთა ცხედრებიც იყოს.

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დაღუპული ბიჭების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სამებაში გადაიხადა. პანაშვიდს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე, დეპუტატი გია ვოლსკი და გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

„მისი უწმიდესობის და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღევლინა პანაშვიდი ქართველი გმირების სულის მოსახსენიებლად და მათი სახელები უკვდავყოფილი იქნება. მოხერხდა 31 ცხედრის გადმოსვენება და ამით ბაბუშერას სამარხი დაიხურა“, - განაცხადა დავით დარხველიძემ.

როგორც ცნობილია, ქართული თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად, სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში 1993 წლის 22 სექტემბერს 92 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის იყო ამერიკელი ჟურნალისტი ალექსანდრე ტეტვა, რომელიც სამშობლოში ერთი კვირის შემდეგ გადაასვენეს. 23 წლის განმავლობაში, ქართველთა ცხედრების გადმოსვენების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობდა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეიქმნა ორმხრივი კომისია. ქართულ მხარეს სათავეში ჩაუდგა დევნილთა მინისტრი, აფხაზეთიდან კი - დე ფაქტო ხელისუფლების ვიცე-პრემიერი ინდირა ვარდანია. პირველი შეხვედრა 25 იანვარს გაიმართა. ეს ძალიან რთული შეხვედრა იყო, მაგარამ კარგად დამთავრდა, რადგან აფხაზებმა ფორმატის გაფართოება მოითხოვეს და თქვეს, რომ ასეთი მოლაპარაკებები რაც შეიძლება ხშირად უნდა გამართულიყო. მოლაპარაკებებისას მიღწეულ იქნა შეთახმება, რომლის შედეგადაც, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპული 31 ქართველის ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს.

ცხედრების ანთროპოლოგიური ანალიზისთვის, მასალები ზაგრების ექსპერტიზის ბიუროში გაიგზავნება, ოჯახის წევრების დნმ–ის ანალიზს კი, სამხარაულის ეროვნული ბიურო ჩაატარებს. მონაცემების ჩაბარების შემდეგ, ცხედრების იდენტიფიცირება მოხდება და ისინი ოჯახებს გადაეცემა.

2006 წლის შემდეგ აფხაზეთიდან ცხედრების გადმოსვენების პროცესი გაყინული იყო. შარშან, ახალი ხელისუფლების პირობებში მხოლოდ 2 ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა.

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე, ნინო ჭავჭავაძის განცხადებით, აფხაზეთში 30-მდე სამარხი არსებობს და მუშაობა გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომარი, თუ სამოქალაქო პირი არ იქნება ნაპოვნი. ოფიციალური ინფორმაციით, 90–იანი წლების ქართულ-აფხაზურ მოვლენებში უგზო–უკვლოდ დაკარგულად 2 ათასზე მეტი ადამიანი ითვლება. 200-მდე დაკარგულს ეძებს აფხაზური მხარე.

დაკარგულთა მოძიება ომის დასრულებისთანავე დაიწყო და ამ დროს ყველაზე აქტიურნი უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა მშობლები იყვნენ, რომელთაც 1993 წელს ფონდი „მოლოდინი“ ჩამოაყალიბეს. 1996 წელს კი, შესაბამისი სახელმწიფო კომისია შეიქმნა. ფონდისა და კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად 165 ადამიანის გადამოსვენება მოხერხდა, ხოლო აფხაზურ მხარეს 49 ცხედარი და 87 ცოცხალი ადამიანი გადასცეს. ბოლო გადმოსვენება 2002 წელს განხორციელდა.

რაც შეეხება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სამარხებს, აფხაზეთის ტერიტორიაზე მსგავსი საფლავები საკმაოდ ბევრია. ეს ადგილებია - სოფელი ლინდავა, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მიმდებარე ტერიტორია, დაბა მაჭარკა, ბაბუშერა, დაბა მაჭარკა ე.წ. ცემენტის ქარხნის ტერიტორია, რესტორანი „აფხაზური ეზოს“ მიმდებარე ტერიტორია, სინოპში არსებული დახურული ლაბორატორიის ტერიტორია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მთავარი სამარხი კი სოფელ ცუგუროვკაში მდებარეობს, სადაც არა მარტო სამხედრო მოსამსახურეები, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებია დაკრძალული.

ამასთან, როგორც ცნობილია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სამარხი აღმოაჩინეს. სამარხი სოხუმის ცენტრში, „დიდების პარკში“ იქნა ნაპოვნი. სამარხი, სადაც, საერთო ჯამში, 64 ნეშტია აღმოჩენილი, საომარი მოქმედების დროს დაღუპულებს ეკუთვნით.

აფხაზური მედია წერს, რომ სამარხში აღმოჩენილი ნეშტი ქართველებს ეკუთვნით. როდესაც მოხდება ამ გვამების ექსგუმაცია, მხოლოდ ამის შემდეგ აფხაზურის მხარის მოთხოვნით მოხდება მათი გადასვენება ხორვატიაში, სადაც მოხდება დნმ-ის ანალაიზის გაკეთება. ამ პროცედურებს 6 თვე სჭირდება და სწორედ, ამის შემდეგ გახდება ცნობილი ვის ეკუთვნის ეს გვამები.

აფხაზეთიდან ქართველი მებრძოლების გადმოსვენების პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობას უხდის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„21 წლის შემდეგ აფხაზეთიდან 31 ქართველი მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენეს. ეს ის მებრძოლები არიან, რომლებიც თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში 1993 წლის 22 სექტემბერს დაიღუპნენ. ამ ტრაგედიას მაშინ 92 ადამიანი ემსხვერპლა.

მართალია, სხვადასხვა დროს ეტაპობრივად ხდებოდა ცხედრების გადმოცემა, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა ყველა დაღუპულის ჩამოსვენება. მადლობა მინდა გადავუხადო, ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს. დღევანდელი დღე ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პატივი მივაგოთ ყველას, ვინც თავი შესწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

გენერალი გიორგი შერვაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე საკამოდ ბევრი სამარხია, მათ შორის - მშვიდობიანი მოსახლეობის.
მისი თქმით, არსებობდა სპეციალური კომისია, მაგრამ, მერე ეს კომისიაც გაუქმდა. პრაქტიკულად, არავის არ უძებნია, არც აფხაზურ და არც ქართულ მხარეს ინფორმაციებიც არ მოუპოვებიათ ამასთან დაკავშირებით.
„ჭირისუფალმაც არ იცის სად არის დასაფლავებული მათი ოჯახის წევრი. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური მხარე მზად იყო, რომ გადმოგვესვენებინა ცხედრები, სამწუხადოდ, აქეთა მხრიდან ვერ მოხდა ამ საკითხის ორგანიზება, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი დაიძვრება. მეტსაც გეტყვით, აფხაზებს ჰქონდათ საუბარი, რომ მთლიანად, აფხაზეთის ტერიტორიაზე დაღუპული აფხაზების შესახებ, შესაძლებელია, რომ ინფორმაცია ჰქონოდა ქართულ მხარეს, ვინაიდან ისინიც ეძებენ ოჯახის წევრებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ გვქონდა ჩვენ ლაპარაკი აფხაზურ მხარესთან“, - აცხადებს გიორგი შერვაშიძე.

მისი თქმით, ქართულ-აფხაზური ურთიერთობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გმირთა საფლავების გახსნას.

„ჩვენი თანამოქალაქეების უგზო-უკლოდ დაკარგული აფხაზების შესახებაც გაგავჩნია ინფორმაცია. ეს რესურსი უნდა იქნას გამოყენებული. ვიცი რამდენიმე ადამიანი, რომელიც ამაზე მუშაობს. მერხეულში არის ერთი სამარხი, სადაც ოთხი ბიჭი მათი სახელებით და ამოსაცნიბი ნიშნებით, ერთ ორმოშია ჩაყრილი, არის თბილისში კაცი, ვინც იცის სად არის მათი საფლავი.

აფხაზები მზად არიან, რომ ამ საკითხში გვერდში დაგვიდგნენ და ყველანაირად დაგვეხმარონ. ერთი პერიოდი მათ შეწყვიტეს ამ საკიხზე საუბარი. პრეტენზია გაუჩნდათ, რომ ჩვენ კი გაძლევთ თქვენს დაღუპულებს, მაგრამ თქვენც გაქვთ ინფორმაცია ჩვენი დაღუპულების და უგზოუკლოდ დაკარგულების შესახებ და მოგვეცით, რომ ჩვენც დავიტიროთ ჩვენი დაღუპულებიო, ეს ხდებოდა 7-8 წლის წინ.

ახლა უკვე შიეცვალა მიდგომა. მზად არიან დასახმარებლად და ამას ბაბუშერას სამარხის გახსნაც ადასტურებს. მთავარია ერთმანეთს დავეხმაროთ. თუ ინფორმაცია გავქვს აფხაზების სამარხის შესახებ, მივცეთ მათ ეს ინფორმაცია.

ამასწინათ ჩემთან იყვნენ აფხაზები, ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ და მათ შორის ამ საკითხზე, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ვიმუშაოთ ამ საკითხზე და ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის, რომ არანიარი პრობლემა არ შეგვექმნას ამ მხრივ“, - აღნიშნა გიორგი შერვაშიძემ.