საქართველოს მოსახლეობა კვლავ განსაკუთრებით პოლიტიზირებული „შეიქმნა“. 15 ივნისს მორიგი არჩევნებია დანიშნული და ჩვენი თანამემამულეების უმეტესობა ამ ღონისძიების „ჩატარებაში“ აქტიურად „მონაწილეობს“, რასაკვირველია მორალურად და არა ფიზიკურად. სრულიად საქართველო ნარმანია-ლორთქიფანიძე-კუკავა-ნიკანორ მელიას შანსებზე საუბრობს.
დღეს კვირაა, მორიგი მოგონებები უნდა წარმოგიდგინოთ და გადავწყვიტე სიტყვა „ადგილობრივ“ პოლიტიკოსებს გადავცე.
პირველი სტუმარი ბატონი კახა კუკავა იქნება, რომელიც ერთ „სახალისო“ ისტორიას მოგვიყვება.
„ზვიად ძიძიგურს „დიდი ტერორისტის“ სახელი აქვს, რითაც ამაყობს კიდეც და ყველას უმტკიცებს, მაგარი მსროლელი ვარ, ტყვიას ტყვიაში ვაჯენო. ნოემბრის არჩევნების დროს იარაღს ვატარებდი, რეზინის ტყვიებს რომ ისვრის.
დასავლეთ საქართველოში ვართ, ცოტა გართულებული სიტუაციაა და ზვიად ძიძიგური შემიჩნდა:
- ბიჭო, რად გინდა, სროლა მაინც არ იცი?
- შესაშინებლად.
- რომ არ შეეშინდეთ? მომეცი, მე მექნება, ხომ იცი, სნაიპერი ვარ და საქმე საქმეზე რომ მიდგეს, გამივიყენებ.
- ამის ხმარებაც იცი?
- აბა! იარაღი არ არსებობს თვალდახუჭულმა რომ ვერ დავშალო და ავაწყო.
რაღა მექნა, იარაღი უხალისოდ მივაწოდე. აიღო, ხელში შეათამაშა, ვა, რა მაგარია, რა მაგარიაო, შესძახა - „ბახ“ და თავისი პირადი დაცვის უფროსი ძირს არ გააგორა?! კიდევ კარგი, ფეხში მოხვდა და პატარა ზელვითა და კრუსუნით გადარჩა.
ძიძიგურს შევხედე, გაფითრებული დგას, ხმას ვერ იღებს.
- ყოჩაღ, - ვეუბნები, - ახლა კი მჯერა, რომ მართლა დასაჭერი იყავი.
- რატომ? - დაიბნა.
- კაცო, რეზინის ტყვიით ლამის კაცი მოკალი და იმ თოხითა და ბარით, რისთვისაც დაგიჭირეს, ვახუშტის ხიდს ვერ ააფეთქებდი?
ამ ამბის შემდეგ მისი დაცვა მე დამყვებოდა, მაგის ხელში აქეთ ვართ დასაცავებიო“.
ამ არჩევნებში ქალბატონი ნინო ბურჯანაძეც მიიღებს მონაწილეობას. კახა კუკავას ბურჯანაძესთან დიდი ხნის ნაცნობობა გააჩნია.
„ამ საპარლამენტო ოპოზიციას ძალიან გვჩაგრავენ. არც ერთ დელეგაციაში არ გვსვამენ, რომელიც საზღვარგარეთ მიდის. რაც დეპუტატი გავხდი, მარტო ბაქოში ვარ ნამყოფი და ისიც მეგობარი კოლეგების მიწვევით.
ჩვენც ავდექით და ჩეჩნეთთან მეგობრობის ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ. ამის მერე კი იცოცხლეთ, წამოვიდა მოწვევები პარიზიდან, ჰელსინკიდან.
რამდენიმე დღის წინ ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ დამიბარა. კონსულტაცია უნდოდა, ჩეჩნეთის რაღაც საკითხთან დაკავშირებით. საუბრის ბოლოს საყვედურით მეუბნება:
- კი მაგრამ, რა აუცილებლობა იყო, ეს ჯგუფი რომ ჩამოაყალიბეთ?
- რა ვქნა, ქალბატონო ნინო, - ვპასუხობ, - პარლამენტარობა ოთხი წელი გრძელდება და თბილისში გამოვიხრუკოთ?...“
ნება მომეცით ყოფილი პარლამენტარი, ბატონი გია მეფარიშვილი წარმოგიდგინოთ.
„1998 წელს ამერიკაში მომიწია ჩასვლა საქმიანი ვიზიტით. იმ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი.
აქ რომ აზრია გავრცელებული, ამერიკელები დღეში მარტო 7 საათს მუშაობენ და მერე გასართობად გარბიანო, ტყუილია. გაოცებული დავრჩი, როცა ვნახე, როგორ უფრთხილდებიან, უყვართ და თავს აკლავენ საკუთარ სამუშაოს.
ვბრუნდები უკან ემოციებით დატვირთული, ჩაფიქრებული და დაბნეული, კენედის აეროპორტში პირველი შემოწმება გავიარეთ. ჯიბეზე ხელი მოვისვი და სადღაა პასპორტი?! გამისკდა გული, მოვიჩხრიკე ყველა ჯიბე, აღარც პასპორტი მაქვს, აღარც ბილეთი. მაგარ „საზეიმო“ განწყობაზე დავდექი, ბილეთი ორი ათასი დოლარი ღირს, კაცო!
ბილეთი ჯანდაბას, პასპორტის გარეშე არაფერს არ წარმოადგენ. ახლა, პირდაპირ თბილისში რომ მოვდიოდეთ, კიდევ რამეს იზამ, გადარეკავ, მიშველეთო, ან დაადებ თავს, გადაახტები რკინის ღობეს და გდიონ მერე.
თვითმფრინავი ჯერ თურქეთში ჯდებოდა და უპასპორტოდ მიწაზე ფეხს ვინ დაგადგმევინებს? შავ დღეში ვარ, აღარ ვიცი რა ვქნა და დამიწყეს თანამშრომლებმა დამშვიდება:
- გია, ნუ გეშინია, თურქეთი თუ არ მიგიღებს, ამერიკაში დაგაბრუნებენ.
- მერე? - ვეკითხები.
- თუ არც ამერიკამ მიგიღო, თურქეთში გამოგიშვებს, თურქეთი-ამერიკაში და...
- გამოდის თვითმფრინავში ვკვდები? - ფერი დავკარგე.
სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა. ორი ვარიანტი მრჩებოდა, ან პოლიტიკური თავშესაფარი უნდა მეთხოვა რომელიმე ქვეყნისთვის, ან ტერორისტობა მეცადა და თვითმფრინავის თბილისში დაჯდომა მომეთხოვა.
ამ დროს სალონში ინგლისურ ენაზე რაღაც გამოაცხადეს და თითქოს „მეფარიშვილი“ მომესმა.
- მგონი შენი გვარი ახსენეს. - მეუბნებიან.
- ეტყობა, გაიგეს ბილეთი რომ არ მაქვს, - ამოვიოხრე, - სჯობია ახლავე დაგემშვიდობოთ, თქვენს იმედზე ვარ, მთავრობას უთხარით, დასაკარგი კაცი არ არის-თქო და მიშველონ.
ამ დროს აღელვებული ქალბატონი მოვიდა და მეკითხევა:
- მეფარიშვილი?
- იეს!
ჩემი ბილეთი და პასპორტი არ გამომიწოდა?! მერე მარტო ის მახსოვს, რომ ჩემი გადამრჩენი ძლივს გამაგდებინეს ხელიდან. ის დალოცვილი რომ არა, დღესაც თვითმფრინავში ვიჯდებოდი“.
გია მეფარიშვილი კიდევ ერთ, მართლაც რომ სახალისო ისტორიას მოგვიყვება.
„გენერალური პროკურორობისას ძირითადად მძიმე საქმეების განხილვა მიწევდა. ზოგი მკვლელობას ეხებოდა, ზოგი შეიარაღებულ ყაჩაღობას.
ერთხელაც, 2001 წელია, საქმის მოსმენა მაქვს და ერთი პროკურორი მოხსენებას აკეთებს:
- ამაზრზენი შემთხვევა დაფიქსირდა გაუპატიურებასთან დაკავშირებით. ბრალდებული სახლში შეუვარდა მეზობლად მცხოვრებ 40 წლის მარტოხელა ქალს და ბოროტი სურვილი აისრულა. ჩემი აზრით, სამაგალითოდ უნდა დავსაჯოთ, რომ სხვებისთვის ჭკუის სასწავლებელი გამოდგეს. საზოგადოებიდან უნდა მოვკვეთოთ ასეთი საზიზღარი ბოროტმოქმედები!
- მოიცა, კაცო, - ძლივს გავაჩერე, - ძალით შეუვარდა?
- არა, მოტყუებით შეაპარებინა თავი, კვნესოდა, ეს მტკივა, ის მტკივა, წამალი მინდაო და მერე ეძგერა.
რაღაც ეჭვმა გამკრა და ვეკითხები:
- ბრალდებული რამდენი წლისაა?
- 82-ის.
- რაო, რამდენიო, - დავიბენი, ხომ არ მომესმა-მეთქი, - 42-ის?
- არა, ბატონო გია, 82-ის.
გადავირიე, კაცო, სიცილი ამიტყდა, ვეღარ ვჩერდები.
პროკურორი გაწითლდა, გამწვანდა, პირდაღებული მომჩერებია, რა დაემართაო.
- ნამდვილად ასე იყო, - ამოიკვნესა ბოლოს.
- მერე, შე ოჯახაშენებულო, - ძლივს მოვითქვი სული, - 82 წლის კაცმა ჩვენი ქვეყანა ასახელა, მთელი მსოფლიო გაიგებს, ყველას „საქართველო“ ეკერება პირზე და ამხელა გმირობისთვის დაჭერას უპირებ?...“
ჩვენი მომდევნო სტუმარი ბატონი თემურ შაშიაშვილი იქნება. ამ ადამიანს განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება.
„ჯაბა იოსელიანთან არ მქონდა იდეალური ურთიერთობა და ყველა რომ მის ქებაში იყო, მარტო მე ვუპირისპირდებოდი.
ერთხელ ქუთაისის მერიის შენობას მხედრიონი ტანკებით მოადგა, სამი ქურდის ციხიდან გამოშვებას ითხოვდნენ. ჯაბას განმარტებით, ისინი, თურმე, ტანკისტები იყვნენ და ძალიან სჭირდებოდა. ვერ შემაშინეს.
- აქედან ფეხს არ მოვიცვლი, - ააფეთქეთ შენობა, - ვეუბნები. წავიდნენ, ციხის უფროსი ნახეს და ძალით გამოაშვებინეს.
ეს ამბავი დამთავრდა და ახლა ქობალიას ხალხი მომადგა - იმათაც სამი ქურდის გამოშვება უნდოდათ. ცივ უარზე დავდექი და ყოფილი გენერალური პროკურორის დადგენილება მომიტანეს. სხვა რა გზა მქონდა - გავატანე ხალხი. წავიდნენ აეროპორტში და ცოტა ხანში ფაცაცია მიკავშირდება.
- თემურ, გვიშველე, ვერ მივდივართ.
- რატომ, რა მოხდა? - ვეკითხები.
- რა და იმ ჩვენმა გამოშვებულებმა აეროპორტში ვერტმფრენი მოგვპარეს“.
დღევანდელ „პოლიტიკურ“ მოგონებებს ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი დაასრულებს.
„პარლამენტში სხდომაზე შესვენებაა, დერეფანში ვიღაცას ველაპარაკები. ამ დროს ერთმა ნაცნობმა დეპუტატმა გამოიარა. ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად და ზედაც არ შეხედა.
- რა მოხდა? - ვეკითხები.
- მე იმ ხელს ვერ შევეხები, რომელმაც ხელი მოაწერა საქართველოს სნგ-ში შესვლაზე.
რაღა უნდა მეპასუხა, პატარა ლექსი დავწერე და შევარდნაძეს დავუდე მაგიდაზე:
„ასე გვითხრა შევარდნაძემ,
ტრიბუნაზე შემდგარმა,
შეხვალთ, დედა მოგეკვლებათ,
თუ არ შეხვალთ, დედ-მამა“.
წაიკითხა და აუტყდა სიცილი. სხდომის შემდეგ გამოვიდა და მეუბნება:
- შენ რა გითხარი, ჯანსუღ. ისე, მამა შემეცოდა, კაცო, დედა გაუძლებს, შეჩვეულია“.