მიშა მესხის მოგებული 11 ბოცა „ადესა“

მიშა მესხის მოგებული 11 ბოცა „ადესა“

გუშინ უბანში (ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ახლოს), რომელიღაცა პარტიის ერთ-ერთი „მებრძოლი“ კანდიდატი გამოგვეცხადა (რაღაც არჩევნებია თურმე 15 ივნისს და იქ გამარჯვებისთვის იბრძვის). რასაკვირველია წინა დღეს ამ „კანდიდატის“ მხარდასაჭერად მოგვიწოდეს. „აგიტაციას“ „ბალზაკის ასაკის ქალბატონები“ აწარმოებდნენ. ეს „კანდიდატი“ დღის სამ საათზე გამოგვეცხადა. (მისი სახელი და გვარი არ ვიცი. ერთადერთი რაც მეზობლებმა მითხრეს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ყოფილა). ეს უცნობი პიროვნება მართლაც „გამოჩნდა“, სიტყვითაც გამოვიდა, მაგრამ მას ხანდაზმული ასაკის რამდენიმე დიასახლისის გარდა არავინ უსმენდა. ამ დროს უბნის „მამაკაცობა“ უახლოეს ტოტალიზატორებს სტუმრობდა და „რეალი“-„ატლეტიკოს“ შეხვედრისთვის, წინასწარ, წვალებით შეგროვებულ თანხებს მოსალოდნელი მოგების იმედით „სარფიანად აბანდებდა“.

გუშინ სრულიად საქართველო ჩემპიონთა თასის სავარაუდო გამარჯვებულზე ფიქრობდა. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ ამ შეხვედრის სავარაუდო შედეგზე ჩვენს ქვეყანაში არავინ ფიქრობდა. საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც კი იცოდა, რომ ქვეყნის თასის ფინალური მატჩი უნდა ჩატარებულიყო. სამწუხაროდ საქართველოში დღეს ფეხბურთი ყველას ფეხებზე ჰკიდია.

იყო დრო როდესაც ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა გახლდათ (საქართველოში). დღეს მორიგ მოგონებებს შემოგთავაზებთ.

ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი რამაზ ურუშაძე იქნება.

„1963 წელია, სსრკ ნაკრებში არ გამომიძახეს?! - იტალიას ვხვდებით მოსკოვის „ლუჟნიკის“ შესანიშნავ სტადიონზე.

თამაშის წინა საღამოს, ჩვენი და ნაკრების წევრები მიშა მესხი და სლავა მეტრეველი მეუბნებიან:

- რამაზ, ხვალ შენ დაიცავ სსრკ ნაკრების კარს!

- უყურეთ ახლა ამათ, - ვფიქრობ გულში. - კაცო, მაცალეთ ამ ტკბილი სიზმრიდან გამოსვლა.

- ხვალ შენ დაიცავ კარს! - ისევ გამიმეორეს ეს ოთხი... სანუკვარი და ჯადოსნური სიტყვა.

მოდი და დაიჯერე! მოდი და სიზმარი ნუ გეგონება! - მე, ლანჩხუთელმა ჭაბუკმა უნდა დავიცვა სსრკ ნაკრების კარი. სსრკ-ის ღირსება, თანაც როდის? როდესაც ნაკრების ძირითადი მეკარე ლეგენდა, მსოფლიოს მეკარეების ეტალონი, ლევ იაშინია.

- თქვენ რა იცით? -თითქოს გამოვედი სიზმრიდან. - არა, არა და არა! არ მჯერა.

- მაშინ ასე, - ამბობს მიშა მესხი, - თუ ხვალ შენ ითამაშებ, ერთ ბოცა „ადესას“ იკისრებ სამშობლოში. თუ არა, ჩვენ შამპანურში „გაბანავებთ“.

თამაშის დღეს, 12 საათზე ბესკოვმა კარში მართლაც მე დამაფიქსირა. კარგი ყოფილა, როცა სიზმარ-ცხადში ხარ. ის თამაში 2:0 მოვიგეთ. თუ გავითვალისწინებთ, რა მრისხანე მეტოქესთან მოვიგეთ და თან „მშრალად“, ლოგიკური დასკვნაც უნდა გამოვიტანოთ, რომ „ცუდად“ არ მითამაშია, როგორც დებიუტანტს. ყოველივე ამას ამაგრებს გასახდელში დიდი ლევ იაშინის სიტყვები ხელის ჩამორთმევის შემდეგ: „მალადეც რამაზ, მალადეც რამაზ პავლოვიჩ!“

ეს სიტყვები მთელ ჩემს კარიერას გადასწონიდა.

რჩებოდა პირობა... „ადესა“, რომელიც გურიაში „იშოვება“, ოღონდ ერთი ბოცა კი არა... 11 ბოცა ჩამოვუტანე მიშა მესხს (ის ხომ 11 ნომერი იყო)“.

ნება მომეცით დიდი მიშა მესხი კიდევ ერთხელ გავიხსენო და სიტყვა მსახიობ გივი სიხარულიძეს გადავცე.

„მაშინ საქართველო კი არა, მთელი მსოფლიო გადარეული იყო მიშა მესხის თამაშით. მეც მისი გულანთებული ფანი გახლდით, ოღონდ „შორიდან“.

თბილისელ კოლორიტთან, მაგარ დამრტყმელ, შესანიშნავ  პიროვნებასთან ამირან დუმბაძესთან ვმეგობრობდი და მის გვერდით თავი მძლეთაძლედ მიმაჩნდა.

სწორედ ამირანმა გამაცნო პირველად მიშა. ფეხბურთის „მეფე“ საკმაოდ ნასვამი აღმოჩნდა. რა დასამალია და სიმთვრალეში „ზომიერი“ ახირება იცოდა.

იმ ასაკში ვარ, კარგად ჩაცმას და კუნთების დემონსტრირებას რომ ახდენენ ბიჭები. ტანზე ლამაზად მომდგარ კოსტუმის ჯიბეში აკურატულად  დაუუთებელ-დაკეცილი ცხვირსახოცი მიდევს და სწორედ ამ აქსესუარს დაადგა თვალი სათაყვანო ფეხბურთელმა.

- ეს რა „ბაბოჩკაა“ , - მანიშნებს ცხვირსახოცზე. უხერხულად შევიშმუშნე... იღბლად ვიღაც ნაცნობმა დამიძახა და დროებით დავშორდი ამირანს და მესხს.

სულ რაღაც ხუთ წუთში მოვბრუნდი. ამირანს უკვე მოუსწრია ჩემი დახასიათება და მიშა შედარებით რბილ ხასიათზე დამხვდა:

- მეგობარო, ხომ არაფერი გეწყინა ჩემგან? - მეკითხება მეგობრულად.

- მეწყინაო?... რას ჰქვია, მე თქვენგან რაიმე მეწყინოს, ბატონო მიხეეილ... თქვენ ხომ ნებისმიერი ადამიანისთვის საამაყო და საფიცარი ბრძანდებით.

გაცნობის „მეორე ტაიმი“ რესტორანში გაგრძელდა“.

ბატონი გივის შემდეგ მიხეილ მესხს მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაია გაიხსენებს:

„სწორუპოვარი ბომბარდირი და მაყურებლის „კერპი“ მიშა მესხი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახლდათ.

ერთ დღეს მე და ბორია სიჭინავამ შინ მივაკითხეთ. მიშას სახლი მშენებლობის სტადიაშია, მაგრამ ეზოში აუზი უკვე მოუსწრიათ, ოღონდ წყალი ჯერ არ ჩაუსხამთ.

მესხს სუფრა და დროსტარება ფეხბურთზე არანაკლებ უყვარდა. გაიშალა სუფრა ეზოში. დაიწყო ტრადიციული სადღეგრძელოები ტრადიციული  „ჭინჭილით“.

ბუნებრივია, ერთი სფეროს წარმომადგენლები სუფრაზე პროფესიულ თემაზე საუბრობენ. ბორია და მიშა მაგრად გაერთნენ. იხსენებენ განვლილი მატჩების ეპიზოდებს, როგორ გაექცა ბორიას „იქაური“ მოწინააღმდეგე... როგორ მოატყუა მესხმა თავისი თავბრუდამხვევი ფინტებით „დამჭერი“ დოყლაპია. არც ერთი ჩემს საქმიანობას არ შეხებია.

- აუზი? - ვთქვი მოულოდნელად.

- რა აუზი? - გაიკვირვა მიშამ.

- რა და-შენ ხომ მაგარი ხარ? - შევუბრუნე კითხვა.

- რა უნდა ამ კაცს? - ბორისს გადახედა მესხმა. ბორიამ მხრები აიჩეჩა. - სუფრას სხვა სპორტსმენებიც უსხდნენ და ვერაფერს მიხვდნენ.

- ხომ მაგარი ხარ, ძმაო მოედანზე? - არ ვიხევ უკან - მოდი, ერთი-ერთზე ვითამაშოთ, ოღონდ... აუზში. ნაძლევი 50 მანეთზე იყოს. ვინც მოიგებს, ბიჭიც ისაა.

მიზანდასახული და ჯიუტი მიშა „ანკესზე“ წამოეგო და გამოწვევა მიიღო. გავიხადეთ შარვლები და პატარა საცურაო აუზში ვეკვეთეთ ერთმანეთს.

ტანთ მაღალი ვარ და დაცვაში ვაჯობე. ვერაფრით ბურთი ვერ გამიტანა. მხოლოდ მე მოვახერხე მესხის „კარში“ ერთი ბურთის „შეგზავნა“ და მოწმე მსაჯმა უყოყმანოდ დააფიქსირა ჩემი მოგება.

„რაც შენ მოედანზე თქვა - ჩემი აუზიც არ დაგავიწყდეს-მეთქი!“ - შევძახე და ქეიფიც გახურდა. ეგრეც ნუ მიყურებთ, მიშა მესხისთვის „აუზში“ მომიგია, მააშ!“

შემდეგი საფეხბურთო მოგონება ბატონ დემიკო ლოლაძეს ეკუთვნის.

„ერევნის „არარატში“ თამაშობდა სოხუმში დაბადებული და გაზრდილი თავდამსხმელი სარქის ოვივიანი.

ბუნებრივია, საქართველოში გაზრდილმა ჭაბუკმა ქართული შესანიშნავად, რომ იტყვიან, „წყალივით“ იცოდა და ეშმაკი თავდამსხმელი ამას ჩვენების წინააღმდეგ მოხერხებულად იყენებდა-ხოლმე.

მაგალითად, მცველებს დაუყვირებდა ხოლმე:

- გაატარეთ! გაატარეთ, ბურთიო... და ხელსაყრელ პოზიციაზე gaრბოდა.

ერთხელ... ორჯერ გაუვიდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ჩვენებმაც კარგად აითვისეს მისი ეს ეშმაკური „ილეთი“ და ადვილად აღარ ტყუვდებოდნენ.

ერთი ბედნიერი წელია. ჩვენი „დინამო“ ერევანში ხვდება ადგილობრივ „არარატს“, მასპინძლები თავგამოდებით, ძლიერად უტევენ ჩვენს კარს.

ბურთი მეკარის მოედნისკენ გადააწოდეს და მაშინვე სარქის ოვივიანი იქით გავარდა.

ჩვენმა ლეგენდარულმა მეკარე კოტრიკაძემ, ერთ-ერთი შეტევის დროს იგრძნო, რომ ბურთთან ვერ მიასწრებდა ოვივიანს და თუ მოწინააღმდეგე დარტყმას მოასწრებდა, გოლი გარდაუვალი იყო. არც აცია, არც აცხელა:

- სარქის თოღ - დაუყვირა

ოვივიანი, რა თქმა უნდა, ვერ ხედავდა, თუ რა ხდებოდა მის უკან და ინსტინქტურად. ეგონა მისი თანაგუნდელი იყო უკეთეს პოზიციაში და მართლაც გაატარა ბურთი.

დანარჩენი სერგო კოტრიკაძის  ტექნიკის საქმე იყო და ბურთი მის ხელებში აღმოჩნდა. რა სიტყვებით შეამკობდა ოვივიანი ჩვენს საყვარელ მეკარეს, - ადვილი გამოსაცნობია. თუმცა ვალში არც კოტრიკაძე დარჩენილა.“

დღევანდელი საფეხბურთო მოგონებების ბოლო სტუმარი მსახიობი სოსო ლაღიძე იქნება.

„დღე და თარიღი ზუსტად არ მახსოვს. ის დროა, როცა „დინამო“ დიდების ზენიტში იყო და სტადიონზე შესასვლელი ბილეთები სანთლით საძებნელი. დილიდან სტადიონის კარები ღია იყო. საზეიმო განწყობა მთელ ქალაქში იგრძნობოდა, სტადიონზე ორკესტრი გუგუნებდა. ჩვენ, მაშინდელი თინეიჯერები „დაუბრკოლებლად“ შევდიოდით ტერიტორიაზე და წინასწარშეგულებულ „კონსპირაციულ“ ორმოებში ვიმალებოდით.

3 საათიდან სტადიონის ჭიშკარი იკეტებოდა და უბილეთოდ ტერიტორიაზე ძეხორციელი ვერ შეაღწევდა.

ჩვენ კი ვიმალებოდით, მაგრამ არც ცხენოსანი მილიცია იყო გულხელდაკრეფილი. გულმოდგინედ ჩხრეკდნენ ტერიტორიის ყოველ კუთხე-კუნჭულს.

იმ დღეს თბილისში ინდოელი ფეხბურთელები იყვნენ ჩამოსული ჩვენებთან სათამაშოდ. საოცარი სანახაობა იყო, რადგანაც ინდოელები... ფეხშიშვლები თამაშობდნენ. მატჩის დაწყებას რომ 10-15 წუთი აკლდა, ცხენოსანმა მილიციამ „აღმოგვაჩინა“, ერთ-ერთ სამალავში. დაგვავლეს ხელი და შეგვრეკეს პატიმრებისთვის განკუთვნილ „ჩორნი ვორონაში“. შეგვრეკეს და მანქანაც დაიძრა გაურკვეველი მიმართულებით.

- ნამდვილად გაგვასამართლებენ! - გადამიჩურჩულა ჩემთან ერთად „დაპატიმრებულმა“ მეგობარმა.

- აბა... აბა, - დაემოწმა მეორეც, - სახლში მაინც იცოდნენ.

ამ კაეშანში ვართ და მანქანაც გაჩერდა.

- გადმოლაგდით! - გვეუბნება ფორმიანი მილიციელი - ბადრაგი.

ჩამოვლაგდით თუ არა, მანქანა დაიძრა და... ჩვენ დავრჩით.

მივიხედ-მოვიხედეთ და სიხარულის ყიჟინა აღმოგვხდა:

- ვაა, ეს ხომ თბილისის ზღვაა!

გამოვენთეთ და რა გამოვენთეთ უკან, თავდაღმართში მოკლე გზებით და ბილიკებით. მეორე ტაიმს მოვუსწარით სტადიონზე. „აბლავა“ მოხსნილი იყო და არხეინად წამოვსკუპდით ხუთივენი თამაშის საყურებლად“.