საქართველო არჩევანის წინაშე: ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი (მეთერთმეტე ნაწილი)

საქართველო არჩევანის წინაშე: ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი (მეთერთმეტე ნაწილი)

მე-19 საუკუნის 40-იანი წლები ის პერიოდია, როცა ჩრდილო კავკასიის ხალხებში შამილის მეთაურობით რუსეთის წინააღმდეგ დიდი განმათავისუფლებელი ომია გაჩაღებული, რომლის იდეოლოგიურ საფუძვლად ისლამური მიურიდიზმი იქცა, რომელიც თავისი შინაარსით საკმაოდ ემსაგავსება დღევანდელ ვაჰაბიზმს და ქრისტიანთა წინააღმდეგ წმინდა ომის „ჯიჰადის“ წარმოებას ქადაგებს.

რუსეთს ამ ომში თავის მოკავშირედ კავკასიის ქრისტიანი ერები და უპირველესად ქართველები მიაჩნდა, ამიტომ იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა კავკასიის მთავარმართებლად შეარჩია მიხეილ ვორონცოვი (1782-1856), ეროვნულ საკითხებში ლიბერალური შეხედულებების მქონე განათლებული გენერალი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი.

ვორონცოვმა საქართველოში განახორციელა ის პოლიტიკა, რასაც იმ პერიოდში ესწრაფვოდა ეროვნულად მოაზროვნე ქართველი მოღვაწეები დიმიტრი ყიფიანის მეთაურობით და ეს ნიშნავდა რუსეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტეგრაციის პარალელურად, ქართველთა ენობრივი და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და აღორძინებას.

სწორედ ამას აღნიშნავდა ცნობილი ქართველი პუბლიცისტი არჩილ ჯორჯაძე: „ვორონცოვის პოლიტიკა იყო სწორედ ის პოლიტიკა, რომელსაც ამაოდ ეძებდა რუსეთის მმართველობის წლებში ქართველთა პოლიტიკური აზროვნება - ერთგულება და მჭიდრო კავშირი რუსეთთან, ხოლო ნაცვლად ამისა, ქართველების ეროვნულ-კულტურული აღორძინების უზრუნველყოფა რუსეთის მფარველობის ქვეშ. ეს ოცნება რეალობად იქცა...“ ა. ჯორჯაძე „წარსულის გაკვეთილი. „დროება“, 25. XI. 1909

 საქართველოში ვორონცოვის 9 წლიანი მმართველობის პირობებში თბილისში დაარსდა რუსული და ქართული თეატრები, იტალიური ოპერა, საბალეტო დასი, საჯარო ბიბლიოთეკა, სალიტერატურო ჟურნალი „ცისკარი“, კავკასიის მუზეუმი, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება(თავისი პერიოდული გამოცემით), კავკასიის სასწავლო ოლქი. სავალდებულო გახდა სასწავლებლებში ქართული ენისა და სიტყვიერების სწავლება (მათ შორის, არაქართველთა და იმ სამხედრო პირთა შვილებისათვის, რომლებიც მხოლოდ დროებით იმყოფებოდნენ საქართველოში), ახალგაზრდებისათვის ხაზინის ხარჯზე დაარსდა 160 სტიპენდია რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად, გაიხსნა გიმნაზიები თბილისსა და ქუთაისში, მთელი საქართველოს მასშტაბით დაფუძნდა სკოლები. ვორონცოვმა თბილისსა და ქუთაისში დაარსა წმ. ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებლები. 1855 წლის მონაცემებით, საქართველოში უკვე არსებობდა სხვადასხვა ტიპის 147 სასწავლებელი 6023 მოწაფით.

ცნობილი მკვლევარის სარგის კაკაბაძის აზრით „ვორონცოვი ამზადებდა ნიადაგს საქართველოს ავტონომიისათვის რუსეთის იმპერიის ფარგლებში“. სარგის კაკაბაძე ქართველი ხალხის ისტორია (1783-1921). თბ. 1997. სწორედ ამიტომაც მთავარ თანამოაზრედ, თანამშრომლად და დასაყრდენად აირჩია დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ასევე საქართველოს ავტონომიაზე ოცნებობდა.

ვორონცოვს აქებდა აკაკი წერეთელი, რომელიც წერდა თავის წერილში „ვორონცოვი“: „მმართველი, რომელსაც აღტაცებით უყვარდა ქართველები, დიდ პატივს სცემდა მათ წარსულს და მომავალზე იმედობდა“.

მაგრამ იყვნენ ისეთი ცნობილი პიროვნებებიც, რომლებიც ვორონცოვის მოღვაწეობას უარყოფითად ახასიათებდნენ. ამის მიზეზები ყველაზე უკეთ გამოთქმული აქვს მე-19 საუკუნის ცნობილ პოეტს ალექსანდრე ორბელიანს: „ის დრო ვარანცოვისა საქართველოში, ჩუენგნით გამოუცდელი სულ სხუა გუარი მოსატყუებელი დრო იყო... მითამ კაიკაცობას გვაჩვენებდა, ნამეტნავად უფრო კიდევ იმათ მომატებით, ვინც რუსეთის ინტერესზე იქცეოდა... ვარანცოვამდისინ ქართუელები შორს ვიდექით რუსებზე და იმან რუსებში გაგვრია, შეგვაერთა ამ ცფიერმა დიპლომატმა“. ალ. ორბელიანი, სიტყვა მამულის ტრაპესზედ. ნ. ვახანია, თბ. 1999.

ვახტანგ კოტეტიშვილის შეხედულებით: „ვორონცოვმა დიდი სამსახური გაუწია რუსეთს, მაგრამ რა მფარველობა გაუწია საქართველოს, - არა ჩანს. მართალია, მან ენერგიულად მოკიდა ხელი ჩვენს ქვეყანას, კულტურას თითქოს სათავეში ჩაუდგა, მაგრამ იგი თავის საქმეს აკეთებდა. და თუ ზოგჯერ ქართულ საქმეს გადმოხედავდა, ეს იყო თვალის ახვევა და შირმა... იგი ქმნიდა იმ ცენტრებს, სადაც აჩქარებით და სისტემით ხდებოდა ეროვნული დეგრადაცია...” ვ. კოტეტიშვილი, რჩეული ნაწერები თბ. 1965 გვ. 171-172. 

აქ ისმება კითხვა: რატომ იქმნება მოაზროვნე ადამიანებში ერთი და იგივე აშკარად წარმოჩენილი მოვლენის მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებები? თითქოს ყველაფერი ცხადია, ვორონცოვმა დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა გასწია საქართველოში, რაც ემსახურებოდა ქართველი ხალხის თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ეს ხომ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენდა და ამის არ შემჩნევა გამორიცხული იყო, მაგრამ ამგვარი მოღვაწეობა, თავისთავად, რუსეთთან პოლიტიკური დაახლოებისა და მისი რეჟიმისადმი ლოიალურობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ ეს ფაქტორი მიაჩნდათ ქვეყნის დეგრადაციად და ანტიეროვნულ საქმიანობად იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთს უპირობოდ დამპყრობლად მიიჩნევდნენ და ამის გამო იმპერიულ ადმინისტრაციულ მმართველობასთან თანამშრომლობის პოზიცია მათთვის მიუღებელი იყო.

ამგვარი პოზიცია შეიძლება შეფასდეს ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლის დროს, როგორც რადიკალური და უკომპრომისო, მაგრამ რამდენად სასარგებლო და რაციონალური იყო საქართველოსთვის ამგვარი შეხედულებები ეს არის მთავარი საკითხი, თორემ თავისუფლებისათვის ბრძოლის ყიჟინა ყოველთვის მიმზიდველია საზოგადოებისათვის, მაგრამ პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მიმართ იმაში გამოიხატება, თუ თითოეულ ქმედებას რა შედეგი მოჰყვება ქვეყნისთვის, ანუ ამით სიკეთეს ვიღებთ თუ ზიანს.

ილია ჭავჭავაძე, რომელიც სამართლიანად არის აღიარებული საქართველოს უგვირგვინო მეფედ, იმდროინდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე საქართველოსთვის ეროვნული ავტონომიის მოპოვებას მიიჩნევდა უპირველეს პოლიტიკურ ამოცანად. ეს უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული ერთეული საკუთარი ენით, კულტურით, ისტორიული ტერიტორიით და შინაურ საქმეთა დამოუკიდებელი მართვა-გამგეობით. სწორედ ილიას ამ შეხედულებათა საფუძველზე შეიქმნა 1903 წელს სოციალ-ფედერალისტთა პარტია არჩილ ჯორჯაძის, კიტა აბაშიძის, თედო სახოკიას და სხვათა შემადგენლობით.

1905 წელს ილიას ინიციატივით ქართველმა თავად-აზნაურობამ იმპერატორ ნიკოლოზ II-ს საქართველოს ავტონომიის მოთხოვნით წერილობით მიმართეს: „მშვიდობიანი და კულტურული განვითარება ქართველი ხალხისა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ საქართველოს, რუსეთის სახელმწიფოს ამ განუყოფელ ნაწილს და ნებაყოფლობით იმასთან შეკავშირებულს, მიენიჭება უფლება საკუთარი კანონებით მართვა-გამგეობისა. ეს კანონები უნდა დადგენილ იქნას ადგილობრივი წარმომამდგენლობითი კრების მიერ, არჩეულის მთელი საქართველოს მცხოვრებთა საყოველთაო, პირდაპირი, საიდუმლო და თანასწორი ხმის უფლებით“.

1906 წლის 9 მარტს ილია აირჩიეს რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრად, ხოლო იმავე წლის აპრილში სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი გახდა. პირველი სათათბირო მეფემ გარეკა, მაგრამ მეორე სათათბიროს პერიოდში ნიკოლოზ II-მ გასცა ბრძანება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს შეესწავლა საკითხი, თუ რა საფუძველზე მოხდა საქართველოს რუსეთთან შეერთება. მაგრამ რუსეთში კვლავ აირია პოლიტიკური ვითარება, ხოლო ამასობაში ეროვნულ იდეასთან მებრძოლმა სოცდემოკრატებმა მოკლეს ილია ჭავჭავაძე და ეს დიდებული საქმე ჩანასახშივე ჩაკვდა.

ასე იყო თუ ისე იყო, ვორონცოვიდან და დიმიტრი ყიფიანიდან დაწყებული ილია ჭავაჭავაძითა და მისი თანამებრძოლებით დამთავრებული, რუსეთის მონარქიული იმპერიის შემადგენლობაში მოხერხდა ქართველი ერის არა მარტო ეროვნული იდენტურობის შენარჩუნება, არამედ მისი საგანმანათლებლო-კულტურული განვითარება რუსეთის გავლით ევროპული კულტურის მიღწევების გაზიარების საფუძველზე. სწორედ ამან განაპირობა ეროვნული თვითშეგნების ამაღლებაც და ეროვნული თავისუფლების იდეის გამარჯვებაც, რომელსაც რუსეთის იმპერიაში მიმდინარე რევოლუციურმა ცვლილებებმაც შეუწყო ხელი.

მიუხედავად იმისა რომ 1918-21 წლების დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას წარმოადგენდა სოც-დემოკრატიული (მენშევიკური) მთავრობა, რომელიც მთელი თავისი არსებობის მანძილზე ილიას ეროვნული იდეის მტერი და მისი პირადი მესაფლავე იყო, იგი იძულებული გახდა ხალხის ნება აღესრულებინა და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის მშენებლობის მესაძირკვლე გამხდარიყო.

ანტიეროვნული სოციალისტური და ათეისტური იდეოლოგიის მქონე საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შედეგად ძლიერ შეფერხდა ქართველი ხალხის ეროვნულ-კულტურული პროგრესი, მაგრამ ეროვნული იდეის გამძლეობა და სიმტკიცე იმითაც გამოიკვეთა, რომ საბჭოთა წყობის პირველი წლების აბსურდულ კოსმოპოლიტურ სოციალისტურ რეალიზმს მალე ჩაენაცვლა ეროვნული თვითშეგნების მატარებელი ხელოვნება და თავად სახელმწიფო სისტემაც ხისტი ცენზურით აღარ ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა რესპუბლიკების ნაციონალური კულტურის განვითარებას, რისი შედეგიც არის ეროვნული მსოფლმხედველობის გამომხატველი უამრავი პოპულარული ნაწარმოების შექმნა.

1978 წელს ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შეზღუდვის საკითხმა ამ ნაწარმოებებზე აღზრდილი ქართველი ხალხის იმხელა საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, რომ სსრკ-ს შედარებით შერბილებული რეჟიმის მქონე ხელისუფლებამ უკან დაიხია. ხოლო გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მასობრივ მოძრაობაში გადაზრდილმა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლა, განსაკუთრებით 90-იანი წლების დასაწყისში სწორედ ეროვნული გრძნობით გულანთებული ახალგაზრდა თაობის სისხლით არის გაჯერებული, რომელიც აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ საკუთარი ნებით, მოხალისედ მიდიოდა საომრად და რომ არა შევარდნაძის კაპიტულანტური სამხედრო სტრატეგია, რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური დეგრადირების პერიოდში სეპარატისტებთან ბრძოლის წარმატებით დასრულების დიდი შანსი არსებობდა.

90-იანი წლების აფხაზეთისა და ცხინვალის საქართველოსთვის კატასტროფულად დამთავრებული ეთნოკონფლიქტები სამართლებრივად აუცილებლად შესასწავლია, რომ გაირკვეს, თუ რატომ ხდებოდა ქართული მთავარსარდლობის მიერ საეჭვო ბრძანებებით გარდაუვალი სამხედრო წარმატებებისთვის ხელის შეშლა რამდენიმეჯერ სრული დამარცხების წინაშე მდგომ სეპარატისტებთან ბრძოლაში. არადა, ხომ ფაქტია, რომ იმავე პერიოდში ჩვენზე ბევრად პატარა ჩეჩნეთის მცირერიცხოვანმა ჯარმა რუსეთის რეგულარული არმიას ორ სხვადასხვა წელს გამართულ სამხედრო კომპანიაში სძლია და ომი სასურველი ზავით დაასრულა.

მათზე ნაკლები საბრძოლო შემართება და სიმამაცე არც ქართველ მებრძოლებს ჰქონდათ, რაც უამრავ საბრძოლო ოპერაციაში მშვენივრად გამოვლენილა და საკუთარი თვალითაც მაქვს ნანახი, მაგრამ ნაპოლეონის სიტყვები ესადაგება იმ პერიოდს: - სჯობს ცხვრის ფარას ლომი მიუძღვოდეს, ვიდრე ლომების ჯოგს ცხვარიო. აღნიშნული საქმის საგამოძიებო კომისიის მუშაობა, რომელსაც ცნობილი იურისტი ალექსანდრე შუშანაშვილი ხელმძღვანელობდა, სწორედ შევარდნაძის ბრძანებით არის შეჩერებული, რომელიც დღეს დასავლეთისგან ხელშეუხებლობის გარანტიით კრწანისის რეზიდენციაში კომფორტულად ატარებს სიცოცხლის ბოლო წლებს, ხოლო ჩვენს მარიონეტულ ხელისუფალთ სიმართლის დასადგენად სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გაბედულებაც კი არ გააჩნიათ.

სადავო არ უნდა იყოს, რომ აფხაზეთის დაკარგვაში დამნაშავეთა დაუსჯელობამ წარმოშვა სააკაშვილისა და მისი მთავრობის უპასუხისმგებლო და ავანტიურისტული პოლიტიკა, რომელმაც 2008 წლის მასშტაბური სახელმწიფოებრივი კატასტროფა მოუტანა საქართველოს. როგორც ვხედავთ, ეს მოვლენებიც საფუძვლიანი გამოძიებისა და სამართლიანი განაჩენის გარეშე დარჩა, რაც, ანალოგიური უპასუხისმგებლობით გამოწვეული მომავალი დიდი პოლიტიკურ-სამხედრო კატასტროფებისათვის ხელსაყრელ გარემო-პირობებს ქმნის.

ყოველივე ზემოთქმულს მივყვართ იმ დასკვნამდე, რომ რუსეთის მონარქიულ და საბჭოთა იმპერიაში ქართველმა ხალხმა არათუ შეინარჩუნა თავისი თვითმყოფადი ეთნოკულტურა, არამედ მისი პროგრესული განვითარებაც შეძლო შესაბამისი ეპოქებისთვის დამახასიათებელი ხელოვნების ახალ დარგებშიც, კონკრეტულად საუბარი მაქვს ქართულ კონოხელოვნებაზე, რომლის გამორჩეული ფენომენი ევროპის მასშტაბით იყო აღიარებული.

თანამედროვე ეპოქაში სპორტიც სავსებით სამართლიანად კულტურის ერთ-ერთ დარგად არის მიჩნეული, რადგან მისგან კაცობრიობა იღებს დადებით ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ემოციებს, ხოლო მის სახეობებში საერთაშორისო ტურნირები ეროვნულ ცივილაზაციებს შორის მშვიდობიანი ჭიდილის გამოხატულებაა, რაც თითოეული ინდივიდის თავის ეთნოსთან ერთობის ამაღლებულ განცდას ბადებს.

ამიტომაც არის ასეთი დაძაბული პატრიოტული გრძნობების მომტანი ეროვნული ნაკრებების თამაშები, როცა ეროვნულ სპორტულ გუნდებთან თუნდაც გარკვეულ დროში მთელი ერი ასოცირდება და ამიტომ მის გამარჯვებას მთელი ერი გულშემატკივრობს. სპორტის პოპულარულ სახეობებში დიდი წარმატებები კი დიდი ეროვნული სიხარულისა და სიამაყის საფუძველი ხდება. ქართველებს ეს გამოგვიცდია უამრავ სპორტულ სახეობაში დიდი მიღწევებით და ახლა მახსენდება თბილისის დინამოს საოცრად მომხიბლავი და უმაღლესი დონის წარმატებები ფეხბურთის მსოფლიოს გრანდ გუნდებთან, რომლის მწვერვალი იყო 1981 წლის 13 მაისს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგება, რაც საქართველოში ზეამაღლებული ეროვნული ზეიმის ღამედ იქცა. ამგვარი მონაცემებით ქართული ფეხბურთის ფენომენს მსოფლიოში აღიარებულ ბრაზილიურ ფენომენსაც კი ადარებდნენ.

სამწუხაროდ, ქართული რაგბისა და ჭიდაობის ზოგიერთი სახეობის გარდა ზოგადად სპორტის კულტურის დონე დამოუკიდებლობის წლებში საგრძნობლად დაეცა, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ სპორტიც კულტურის ერთ-ერთი დარგია და სახელმწიფოებრიობის კრიზისი და აქედან გამომდინარე ერის უარყოფითი პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა უშუალოდ აისახება მის რეიტინგზე.

სახელწიფოს მესამე ფუნქცია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს არის ამ სახელმწიფოს შემქმნელი ერის სასიცოცხლო სივრცის, მისი ისტორიული განსახლების ტერიტორიის დაცვა და შენარჩუნება. უცხო სახელმწიფოების მიერ ხანგრძლივი ვადით ჩვენი ერის ტერიტორიის დაპყრობა და მასზე განხორცილებული დემოგრაფიული და კულტურული ექსპანსია იწვევდა მისი მესაკუთრე ქართველი ერისთვის ამ ტერიტორიის სამუდამო დაკარგვას (სადღეისოდ ტერიტორიის შეიარაღებული დაპყრობის გარეშეც ხდება შესაძლებელი სუვერენული ქვეყნის დემოგრაფიულ-ეკონომიკურ-კულტურული ექსპანსია, საბოლოო ჯამში იმავე შედეგებით, რაც ამ ტერიტორიების ანექსიით ხორციელდება, რაც განსაკუთრებული ინტენსიურობით საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მიმდინარეობს).

ხანგრძლივი ვადით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების, ან ახალი ტერიტორიების მიერთების, ანუ სახელმწიფოთა შორის ტერიტორიების გადანაწილების ხელსაყრელი პირობები მეტად იშვიათად იქმნება, რასაც მასშტაბური საერთაშორისო პოლიტიკური კატაკლიზმები, კონფლიქტები და ომები უდევს საფუძლად, რისი მოწმეც კაცობრიობა ადრე უფრო ხშირად იყო, ხოლო ატომურ ეპოქაში ბევრად იშვიათად ხდება.

ქართველი ერის სახელმწიფოებრივი ტერიტორიები გიორგი ბრწყინვალის ერთიანი საქართველოს ეპოქამდე ისტორიკოსების გათვლით 150 ათას კვ.კმ-ს შეადგენდა და მოიცავდა არსებული ტერიტორიების გარდა დღევანდელი თურქეთის შემადგენლობაში დაახლოებით 30 ათას კვ.კმ-ს, სამცხე-საათაბაგოთი და ტრაპიზონის სამეფოთი (ლაზეთი), რადგან იქ ძირითადად ქართული ორიენტაციის ლაზები ცხოვრობდნენ, ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთით დვალეთ-ნიკოფსიას, სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთით ჰერეთ-საინგილოს და ტაშირ-ლორეს. ეს რეგიონები ირანისა და თურქეთის აგრესიის შედეგად დაკარგა საქართველომ, გარდა ჩრდილოეთ ტერიტორიებისა, რომელიც ბოლშევიკური რუსეთის მიერ არის მისაკუთრებული.

ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს შეერთების წინ ირან-თურქეთს უკვე დიდი ხნის წინ დაპყრობილი ჰქონდათ საქართველოს დღევანდელი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიც: ახალციხე-ახალქალქი, ბორჯომის მხარე, აჭარა, ფოთი, სოხუმი და სამეგრელო-აფხაზეთის მთელი სანაპირო ზოლი, რაც მიუთითებს, რომ თურქეთს მთელი დასავლეთ საქართველოს დაპყრობის პლაცდარმიც ჰქონდა უკვე შექმნილი. ქვემოთ მოცემულ რუკაზე კარგად ჩანს, თუ რა დაგლეჯილ-მისაკუთრებული იყო მტრის მიერ ქართული მიწა-წყალი.

კასპიისპირეთისა და საქართველოს დაკარგვას უომრად ირანი ვერ შეეგუა და 1804-13 წლებში საკმაოდ სისხლისმღვრელი და ხანგრძლივი ბრძოლები მიმდინარეობდა ერევნის, ბაქოს, ყუმის, ნახჭევანის სახანოებში, საიდანაც რამდენიმეჯერ თბილისზე გამოლაშქრების საშიშროებაც კი შეიქმნა, რომლებმაც საბოლოოდ რუსეთის ქვეშევრდომობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. რუსეთისთვის ამ ომს ართულებდა ის ფაქტორი, რომ ირანს მხარს უჭერდა ინგლისი და ნაპოლეონის საფრანგეთი, რომლის განადგურების შემდეგ მარტოდ დარჩენილი ირანი ბრძოლის ველზე უამრავი დამარცხების შემდეგ იძულებული გახდა 1813 წელს ხელი მოეწერა გულისტანის ზავისთვის (ყარაბახი), რომლის მიხედვითაც ირანმა აღიარა რუსეთის შემადგენლობაში საქართველოსა და მთელი კავკასიის შესვლა.

რუსეთ-თურქეთის ომებს რაც შეეხება, რაც საქართველოსთან იყო დაკავშირებული, მე-18 საუკუნეში მიმდინარე ომებზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, ხოლო საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდგომ პირველი ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობდა 1806-12 წლებში. სერბეთსა და მოლდავეთში მიმდინარე ომის გარდა საომარი ფრონტი იყო გაშლილი კავკასიაშიც. აქ უკვე იმერეთის მეფე სოლომონ II 1808 წელს თავისი ჯარით თურქებთან ერთად იბრძოდა რუსული არმიის წინააღმდეგ და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია, თუმცა ერევანთან თურქებმა მარცხი იწვნიეს.

1809 წელს სერბეთში განსაკუთრებული სიმამაცით იბრძოდა გენერალი პეტრე ბარტიონი, რომელიც მაშინ რუსეთის არმიის მთავარსარდალი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ომში თურქეთის არმიას დიდ დახმარებას უწევდა ინგლისი. 1809 წელს კავკასიის ფრონტზე გენერალ ტორმასოვისა და ორბელიანის მეთაურობით აღებული იქნა ფოთის ციხესიმაგრე. იმავე წელს ტყვედ ჩაიგდეს სოლომონ მეფე და რუსეთის ერთგულებაზე დააფიცეს. 1810 წელს რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა აიღო სოხუმი.

1828-29 წელს რუსეთ-თურქეთს შორის მორიგი ომი მიმდინარეობდა ევროპაში დუნაის ნაპირებსა და კავკასიაში. კავკასიის ფრონტის მიერ 23 ივნისს აღებული იქნა ქალაქი ყარსი, რომელიც საუკუნეების მანძილზე საქართველოს შემადგენლობაში იყო. ასევე საქართველოს გუბერნიას დაუბრუნდა ქალაქები ახალციხე და ახალქალაქი, სადაც დატრიალდა საქართველოსთვის უარყოფითი მოვლენები. ქართველი მუსულმანების უმეტესი ნაწილი ვერ შეეგუა ქრისტიანული რუსეთის ჯარის მათ ტერიტორიაზე შესვლას და თურქეთის შიდა რეგიონებში გადასახლდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ვინც დარჩა, მათგან ძალიან ბევრი პროთურქული ორიენტაციისა იყო და სტალინის მიერ დაგეგმილ თურქეთთან ტერიტორიული კონფლიქტის შემთხვევაში ჩათვალეს რომ პოლიტიკურ-სამხედრო საშიშროებას წარმოადგენდნენ, რის გამოც 1944 წელს ისინი გადაასახლეს მათთვის რელიგიურად შესაბამის შუა აზიის ისლამურ რესპუბლიკებში.

კიდევ ერთი ომი თურქებთან მოხდა 1853-56 წლებში, როცა რუსეთის წინააღმდეგ ომში ინგლის-საფრანგეთიც ჩაერთო, რომელთაც სურდათ რუსეთის შავიზღვისპირეთში შევიწროება, კერძოდ ყირიმსა და კავკასიაში. იმ დროისთვის რუსეთის სამხედრო მრეწველობა ტექნიკურად ბევრად იყო ჩამორჩენილი ევროპის ქვეყნების ტექნოლოგიებს, რამაც გამოიწვია ამ ომში წარუმატებლობა, თუმცა პარიზის ზავით რუსეთს დიდი ტერიტორიული დანაკარგი არ მიუღია და კავკასიაში მხოლოდ დაპყრობილ ყარსზე თქვა უარი, მაგრამ ამ ხელშეკრულების მიხედვით რუსეთს უნდა დაეცვა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც უკვე იცავდა ინგლისი, საფრანგეთი და ავსტრია.

საქართველოს ინტერესებისათვის ყველაზე სასარგებლო აღმოჩნდა რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომი. იგი ბალკანეთის სლავი ერების თურქეთის ბატონობისგან განმათავისუფლებელ ომად იქცა, მაგრამ ამავე დროს საქართველოს სამი საუკუნის წინ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობა მისცა. ამ ომის მასშტაბებზე მეტყველებს ის, რომ ევროპაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს დაახლოებით 200 ათასიანი არმიები, ხოლო კავკასიაში რუსეთს ჰყავდა 150 ათასიანი არმია 372 ქვემეხით, ხოლო თურქეთს 70 ათასკაციანი 200 ქვემეხით. კავკასიაში რუსულ არმიასთან ერთად იბრძოდა ასევე ქართველ მოხალისეთა ლაშქარი, რომლის რაოდენობა 35 ათას კაცს აჭარბებდა. რუსეთის პოზიციებს ასუსტებდა ის რომ შავ ზღვაზე ბატონობდა თურქეთის ფლოტი, რადგან 1856 წლის პარიზის ზავით რუსეთს სამხედრო ფლოტის ქონის უფლება არ ჰქონდა, რომელიც მხოლოდ 1771 წელს მოიპოვა პრუსიის მხარდაჭერით, მაგრამ სრულყოფილი აღდგენა ვერ მოასწრო.

ნურავინ იფიქრებს რომ თურქებთან ბრძოლა თუნდაც რუსეთის არმიისთვის იოლი გასეირნება იყო. იმავე ევროპის ფრონტზე თურქებმა მანამდე სერბეთის არმია სასტიკად დაამარცხეს, ასევე დაუნდობლად გაუსწორდნენ ბულგარელ აჯანყებულებს და მხოლოდ ამ ინფორმაციის ევროპაში გავრცელების შემდეგ, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ ფრანგ მწერალს ვიქტორ ჰიუგოს, ინგლისელ მწერალს ოსკარ უაილდს, ინგლისელ მეცნიერს ჩარლზ დარვინს, იტალიის განმათავისუფლებელ გმირს ჯუზეპე გარიბალდის.

ინგლისმა და საფრანგეთმა დადო პირობა, რომ რუსეთ-თურქეთის ომის შემთხვევაში არ ჩაერეოდნენ თურქების მხარეს. ესეც დიდი შეღავათი იყო რუსეთისთვის, რადგან თავად თურქეთის არმია, რომელსაც ინგლისისა და საფრანგეთის მოწინავე შეიარაღება გააჩნდა, იმ დროისთვის ერთ-ერთ ბრძოლისუნარიან არმიად ითვლებოდა და ეს ევროპის ფრონტზე შეტაკებებისას გარკვეულ საბრძოლო ოპერაციებში ორივე მხარის თითქმის ერთნაირი რაოდენობის მსხვერპლითაც კარგად ჩანდა. მხოლოდ დიდი ძალისხმევითა და შეუპოვრობით ახერხებდნენ რუსები თურქებზე გამარჯვებებს.

კავკასიის ფრონტზეც საწყის ეტაპზე ანალოგიურად გარდამავალი უპირატესობით წარიმართა ბრძოლა. 1878 წელს თურქებმა გამოიყენეს აფხაზების რუსეთის წინააღმდეგ აჯანყება და თურქეთის საზღვაო ესკადრის არტილერიის გამოყენებით აიღეს ქალაქი სოხუმი, შემდგომ ოჩამჩირე და ადლერი. ამ ფაქტის საფუძველზე ჩეჩნეთსა და დაღესტანში რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებებმა ახალი ძალით იფეთქა. სექტემბერ-ოქტომბერში რუსეთის არმიამ ყარსთან გაანადგურა თურქეთის 30 ათასკაციანი არმია, შემდგომ ერზრუმთან დამარცხდა თურქეთის არმია, თუმცა ერზრუმის აღება რუსებმა ვერ შეძლეს.

ქართული შენაერთები აფხაზეთში იბრძოდნენ რუსი გენერლის, წარმოშობით ქართველის იაკობ ქაიხოსროს ძე ალხაზოვის (ალხაზიშვილი) მეთაურობით და მათ გაწმინდეს იგი თურქებისა და აჯანყებულებისაგან. სამწუხაროა, რომ ერთი საუკუნის შემდგომ პოლიტიკური გაუთვლელობის გამო აფხაზი სეპარატისტების მხარეს რუსეთი აღმოჩნდა, რის გამოც მათ მიერ დაწყებულ სეპარატისტულ ბრძოლებში მოგებულნი სწორედ აფხაზები გამოვიდნენ.

რუსეთი კონსტანტინოპოლის აღებით იმუქრებოდა, თუ მის მოთხოვნებს არ შეასრულებდნენ და ინგლისის ჩარევის შემდეგ დაიდო სან სტეფანოს ზავი, რომლის შემდეგ პრუსიის კანცლერის ბისმარკის ინიციატივით მოხდა მისი კორექტირება ბერლინის კონფერენციაზე.

რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა კავკასიაში ყარსის მხარე, რომელიც ქართველებითა და სომხებით იყო დასახლებული, ამავე დროს, შავშეთი, კლარჯეთი, იმერ-ხევი, კოლა-არტაანი, ოლთისი და რაც მთავარია აჭარა ქალაქ ბათუმით, რომელიც პორტო-ფრანკოდ, ანუ თავისუფალი ვაჭრობის ქალაქად გამოცხადდა, რაც შემდგომ რუსეთმა ცალმხრივად გააუქმა. ამ ახალ ვითარებაში ქართველ განმანათლებებლებს მიეცათ საშუალება ეზრუნათ ქართულ მოსახლეობაში ქართული თვითშეგნებისა და ცნობიერების დაბრუნებისთვის.

შემდგომი მასშტაბური ომი, რომელიც კავკასიის შესანარჩუნებლად რუსეთმა თურქეთთან გადაიხადა იყო პირველ მსოფლიო ომში. დაახლოებით 150 ათასამდე ქართველი ჯარისკაცი და ოფიცერი მონაწილეობდა ამ ომში. მარტო სარიკამიშკის ოპერაციაში, რომელიც 1914 წლის 9 დეკემბრიდან 1915 წლის 4 იანვრამდე გაგრძელდა რუსეთის კავკასიის არმიამ გაანადგურა თურქეთის ენვერ-ფაშას 90 ათასკაციანი არმია, ხოლო რუსულმა არმიამ 20 ათასი კაცი დაკარგა. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, მანამ თურქებმა საკმაოდ წარმატებული ოპერაციები განახორცილეს ხოფას მიმართულებით და ბათუმსაც დაემუქრნენ. სამხედრო ლიტერატურაში ბევრგან არის აღნიშნული, რომ სამწუხაროდ, თურქებს აქტიურ მხარდაჭერას უწევდა აჭარის მუსულმანური მოსახლეობაც, რომლებიც სწორედ ამ პერიოდში აჯანყდნენ რუსეთის წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს რელიგიის მნიშვნელოვან როლს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ორიენტაციის საკითხში.

ისლამისტ-ფუნდამენტალისტთა მხრიდან საქართველო ისტორიულად და ამჟამადაც საკმაოდ დიდი საშიშროების წინაშე დგას, ხოლო, მტკიცება იმისა, რომ თურქეთი ცივილიზებული, სეკულარული, დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანებული სახელმწიფოა და მისგან საფრთხე არ არის მოსალოდნელი, ეს ან უკურნებელი ბრიყვობაა, ან გამიზნული პოლიტიკური მტრობა, რომელიც დასავლური პოლიტიკური ორიენტაციის სისწორეში დასარწმუნებლად შეთხზულ სიცრუეს წარმოადგენს.

დასანანია, რომ ამგვარ მცდარ პროპაგანდას ეწევა სტუდენტური ეროვნული მოძრაობიდან პოპულარული ლიტერატორი დათო ტურაშვილი, რომელსაც, თავისთავად, პიროვნულად პატივს ვცემ, მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხში კარდინალურად არ ვეთანხმები და ამიტომაც ჩემი მწვავე კრიტიკის ობიექტიც არის. რუსეთის მწარედ გინების მიზნით თურქეთის დადებით როლში გამოყვანა, როცა მას ისტორიულად ბევრად მეტი ზიანი მოუყენებია საქართველოსთვის და ჩვენი ტერიტორიების სხვაზე არანაკლები ოკუპანტია, რასაც ჩვენგან განსხვავებით სომხები ვერ ეგუებიან და ამჟამადაც კავკასიაში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის ფაქტორი რომ არა, თურქეთისგან უარესი საფრთხეებია მოსალოდნელი, რის შესახებაც კონკრეტული უამრავი მტკიცებულება არსებობს და ამ საიტზეც ბევრჯერ იქნა მოყვანილი, ჩემთვის ნამდვილად გაუგებარი და მიუღებელია. იხილეთ: https://www.youtube.com/watch?v=ASG2FuVGbFM

ლენინ-ტროცკის ბოლშევიკურმა სახელმწიფო გადატრიალებამ, რომელთაგან ლენინი გერმანიის აგენტი იყო და ასევე გერმანიის მეორე აგენტის პარვუსის დახმარებით მილიონობით მარკას იღებდა, ისევე როგორც ტროცკი ამერიკისგან იღებდა დოლარებს, რათა რევოლუციური ქაოსის გამოწვევით რუსეთი ისე დაესუსტებინათ, რომ მსოფლიო ომიდან გამოეთიშათ და დასავლური ტრანსნაციონალური კორპორაციების საძარცვავ ობიექტად ექციათ, რა დავალებაც ძირითადად შეასრულეს კიდეც, ამ მოვლენებმა რუსეთთან ერთად საქართველოს პოლიტიკური მომავალზეც უარყოფითი გავლენა იქონია.

გარდა იმისა რომ საქართველოს ანექსიის შემდეგ ბოლშევიკურ რუსეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებით საქართველომ კვლავ დაკარგა 1877-78 წლებში დაბრუნებული ძველი სამცხეს ტერიტორიები, ამასთან ერთად, ისტორიულად ქართული ლორე-ტაშირის მიწა სომხეთს გადაეცა, ხოლო უძველესი ჰერეთისა საინგილოს სახით აზერბაიჯანს. ამრიგად, 100 ათას კვ.კმ-ზე მეტი ტერიტორიების მქონე საქართველოს დაახლოებით 70 ათასი კვ, კმ-მდე შეუმცირდა მიწა-წყალი, რაც 1992 წელს აღიარებულია გაეროს მიერ მისი დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ.

ზემოთ აღნიშნული მოვლენების ანალიზით მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ტერიტორიების არათუ შენარჩუნების, არამედ მათი დაბრუნების საკითხშიც ტერიტორიებდაკარგული, დაქუცმაცებული და ისლამური იმპერიების მხრიდან სრული განადგურების წინაშე მდგომი საქართველოს რუსეთთან შეერთება, მიუხედავად სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვისა, საბოლოო ჯამში სამომავლოდ უკეთესი პერსპექტივების შექმნის თვალსაზრისით მაინც დადებით მოვლენად შეიძლება შეფასდეს.

მე გამოვდივარ იმ მოსაზრების გაზიარებით, რაც არისტოტელემ ბრძანა: ”უნდა გააკეთო არჩევანი ცუდსა და უარეს შორის," ციცერონმა ამას დაუმატა: ”უნდა გააკეთო არჩევანი ცუდსა უარესს შორის, და თან ისე რომ მაქსიმალური სარგებელი ნახოო." მაქსიმალური სარგებლის აწონვას ვერ დავიწყებ, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ სახელმწიფოებს შორის ომების მთავარი მიზეზი უპირველესად სწორედ ტერიტორიებისთვის ბრძოლაა, რადგან ის სახელმწიფოსთვის უმაღლესი ღირებულების მატარებელია.

აქედან გამომდინარე, საქართველომ თუ რუსეთთან შეერთების შედეგად დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებით საკუთარი ერის სასიცოცხლო სივრცე განავრცო, რაც სხვა ვითარებაში შეუძლებელი იქნებოდა, ხოლო შემდგომში კი ეს ტერიტორიები დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენელი ნაწილი გახდა, მაშინ სრული განადგურების წინაშე მდგომი საქართველოს რუსეთთან შეერთების დადებითად შეფასება სწორედ იმ განაჩენს მაგონებს, რომლის გასაჩივრების საფუძველი მხოლოდ სიცრუეზე აგებული სარჩელით არის შესაძლებელი.

ეს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული საქართველოს უახლესი ისტორიის აღიარებულ ავტორიტეტს, საქართველოსთვის თვითშეწირვის ყველაზე დიდი მაგალითის მომცემ მერაბ კოსტავას, რომლის საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ წერილში გამოვლენილია უდიდესი პოლიტიკური ალღო, ობიექტურობა და ქვეყნის ინტერესების შესატყვისი აზროვნება. წერილში გამოთქმული მოსაზრებები მით უფრო დასაფასებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი გასული საუკუნის 70-იან წლებშია დაწერილი, მაშინ, როცა საქართველო სსრკ-ს შემადგენელი რესპუბლიკა იყო და მერაბ კოსტავასთვის, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდაუზოგავად მებრძოლი პიროვნებისათვის, რუსეთი დამპყრობელ ქვეყანას წარმოადგენდა.

მერამ კოსტავას მშვენივრად ესმოდა, თუ რა დისკრიმინაციული პოლიტიკა ჰქონდა საქართველოს მიმართ იმპერიულ რუსეთს და ამას თავის წერილშიც დასაბუთებულად აყალიბებს, მაგრამ ამავე წერილის ყურადღებით წამკითხველი აუცილებლად გაითავისებს სამშობლოსათვის თავდადებული და გონიერი ადამიანის მიერ საქართველოს წარსულის, აწყმოსა და მომავლისადმი უდიდესი პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულებას, რაც კიდევ უფრო აშკარად ამხელს ქვეყნის დამღუპველი ურაპატრიოტული იდეოლოგიის მიმდევართ, რომლებმაც საქართველო დასავლეთის გეოსტრატეგიული ინტერესების მარიონეტული პოლიტიკის გატარებით რუსეთთან ავანტიურისტული დაპირისპირების მსხვერპლად აქციეს.

გთავაზობთ ზოგიერთ ამონარიდს ამ წერილიდან: „ვიცით, რომ მესხეთ-ჯავახეთსა და აჭარას რუსეთის გარეშე ვერ დავიბრუნებდით, მაგრამ მათი დაბრუნების მოტივი საქართველოში როდი იყო, არამედ რუსეთის იმპერიის გაფართოება. მაგრამ ამისთვისაც გმადლობთ! ვიცით, რომ რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სამეფო - სამთავროების გაუქმების შემდეგ საქართველოს ცალკეულმა კუთხეებმა შესწყვიტეს შუღლი და მტრობა და ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში მოქცეულნი, მჭიდროდ დაუახლოვდნენ ურთიერთს.

მოგვიანებით ამ რეგიონში მსოფლიო ისტორია დილემის წინაშე დადგა: ან ჩრდილოეთ კავკასიის მუსულმანური გარემო უნდა შეერთებოდა თურქეთსა ან სპარსეთს, რისთვისაც მათ ერთობლივი ძალით უნდა გაერღვიათ შუა აღმართული ერთად-ერთი დაბრკოლება და საქართველოს სამეფოს შთანთქმით მოესპოთ ქრისტიანობა ამიერკავკასიაში; ან, პირიქით, რუსეთამიერკავკასიის ქრისტიანულ სამყაროთა შესაყრელად ჩრდილოეთ კავკასიის მუსულმანური კედელი უნდა გარღვეულიყო.

ქართველობამ, მიუხედავად ენობრივ-სახელმწიფოებრივი უფლებების დაკარგვისა თუმცა ფარულად, მაგრამ მხოლოდ რუსეთთან შეერთების შემდეგ იგრძნო თავი ისეთ ერთიან ორგანიზმად, დავით აღმაშენებელისა და თამარის ეპოქაში რომ ჰქონდა ადგილი“.

ულტრარადიკალი პატრიოტებისგან განსხვავებით მერაბ კოსტავას გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ სავსებით კონსტრუქციული შეხედულება ჰქონდა და უფრო მეტიც, სწორედ ამ ტრაქტატის სულისკვეთებით რუსეთთან სამომავლო პოლიტიკური ურთიერთობა მიაჩნდა საქართველოსთვის მომგებიანად:

„გეორგიევსკის ტრაქტატი იყო და ამჟამადაც რჩება რუსეთსაქართველოს ურთიერთობის განსახორციელებელ იდეალად. თუმცა მონარქია და ტახტის მემკვიდრეობით გადაცემის წესი ჩვენში რა ხანია გადაეგო, მაგრამ ამ ხელშეკრულების ძირეული შინაარსი ძალაში რჩება ნებისმიერი სახელმწიფოებრივი სტრუქტურის პირობებში. პარტნიორობა სუვერენულობის დაურღვევლად, აი, მისი უბერებლობისა და მარად ვარგისიანობის საწინდარი. რუსეთ-საქართველოს ურთიოერთობის მთელი ისტორია ამ ტრაქტატის ცხოვრებაში განხორციელებისათვის ბრძოლისა თუ მცდელობის ისტორიაა.
ერეკლე მეორე სხვაგვარ ხელშეკრულებას არ დადებდა, რადგან მხოლოდ ამგვარი პირობები მიაჩნდა დარიალის კარიბჭის ერთადერთ საიმედო გასაღებად“. იხილეთ: http://www.droni.ge/?m=1&AID=4746

რაც შეეხება ამჟამად საქართველოსთვის ჩამოცილებულ აფხაზეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს, ფაქტია, რომ ეს ტერიტორიები საქართველომ დამოუკიდებლობის წლებში დაკარგა, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთთან არარაციონალური, არადიპლომატიური, კონფლიქტური პოლიტიკა, რომელსაც საუკუნის მეოთხედის მანძილზე ატარებს ქართული პოლიტიკური ელიტა, არ შედის ქართველი ერის ინტერესებში და თუ ეროვნული მოძრაობის დროს გარკვეული გამართლება ჰქონდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის ბრძოლაში, დამოუკიდებლობის შემდგომ წლებში იმ შედეგებით, რაც გამოიხატება ჩვენი სახელმწიფოს მიერ ზემოთ აღნიშნული სამი უმთავრესი სასიცოცხლო ფუნქციის შეუსრულებლობაში და ეს უკვე თვალნათლივ სახეზეა, ყოვლად მიუღებელი და გაკოტრებული სტრატეგიაა.

გაგრძელება იქნება