შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ალექსანდრე ვ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალექსანდრე ვ-ს მეტროპოლიტენ „ვაჟა-ფშაველას“ სადგურში სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა 1963 წელს დაბადებულ თორნიკე ჯ-სთან, რა დროსაც მას ცივი იარაღით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ალექსანდრე ვ. ადგილზევე დააკავეს. თორნიკე ჯ. გადაყვანილია საავადმყოფოში და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცელებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).