იყიდეს თუ არა ებრაელმა ბიზნესმენებმა ბიძინა ივანიშვილის ბანკი, ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. ოფიციალურ დეტალებს თუ გავითვალისწინებთ, ბანკის ყიდვა-გაყიდვას საკმაო დრო სჭირდება და საკითხი ასე მალე ვერ გადაწდება.
მიუხედავად ამისა, უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართუ ბანკი“ ბიზნესმენებმა შოთა შალელაშვილმა და გია მიქელაძემ იყიდეს. მათ მიერ „ქართუ ბანკის“ შეძენის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად 10 დღეში განსაჯაროვდება.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ჟურნალისტები ბიზნესმენ გია მიქელაძეს დაუკავშირდნენ. ზარს მისმა თანაშემწემ უპასუხა, რომელმაც ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და არც სახელი და გვარის გამხელა ისურვა. „მე არაფერი ინფორმაცია არ მაქვს, ეს ტყუილია, პიველად მესმის თქვენგან“, - განაცხადა მიქელაძის თანაშემწემ.
საყურადღებოა ისიც, რომ ბენეფიციარი მესაკუთრის შეცვლაზე „ქართუს“ ჯერ ზედამხედველისთვის (სებ) არ მიუმართავს და როგორც ბანკის გენერალური დირექტორი ამბობს, ეს უახლოესი თვეების პერსპექტივაც არ არის.
ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნოდარ ჯავახიშვილი კი ამბობს, რომ ბანკის გაყიდვა ასე მალე არ ხდება და ამას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება.
„აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციია. მინდა გითხრათ, რომ ბანკის გაყიდვა ასე იატაკქვეშეთში არ ხდება. მას სჭირდება მინიმუმ ეროვნული ბანკის თანხმობა, რომელიც გარკვეული პერიოდი გრძელდება. ამიტომ ვინც უნდა გითხრათ, რომ გაიყიდა, ვიდრე ამას ოფიციალური წყაროებიდან არ გაიგებთ, ეს არის ჭორაობა“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
იგი ადასტურებს, რომ „ქართუს“ გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარკებები მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც ბიძინა ივანიშვილმა ბანკის გაყიდვის სურვილი გამოთქვა.
„არის რაღაც წინადადებები. გია მიქელაძე საერთოდ არ ვიცი ვინ არის. შოთა შალელაშვილი გამიგია და ვიცი, რომ არის ასეთი სურვილი, თუმცა დაინტერესებისა და სურვილის დაფიქსირების შემდგომ არის ხანგრძლივი პერიოდი. ბანკის ყველა ანგარიშის შემოწმებაა აუცილებელი, არის სხვა პროცედურებიც. ასე მალე ვერ გაიყიდება. დღეს რომ იყოს ადამიანი, რომელსაც 100%-ით უნდა ბანკის ყიდვა და თავის მხრივ, ბატონ ივანიშვილსაც რომ სურს 100%-ით გაყიდვა, ასე მალე მაინც ვერ მოხდება“, - განაცხდა ჯავახიშვილმა.
თავის მხრივ, იგი ადასტურებს, რომ შოთა შალელაშვილს ბანკის ყიდვის სურვილი აქვს. „არის ასეთი სურვილი. შეიძლება გაკეთდეს განცხადება თუკი მყიდველი და გამყიდველი მოილაპარაკებენ და კონკრეტულ ციფრებზე დეტალური მუშაობა დაიწყება. ასეთი მუშაობა კი დაწყებული არ არის“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
„ბანკი ქართუს“ გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამდენიმე უცხოურ ჯგუფთან დიდი ხანია მიმდინარეობს. ყველაზე რეალური კანდიდატი ამ ეტაპზე ებრაული ჯგუფია, თუმცა მათ გარდა, საკითხით დაინტერესებული არიან როგორც აზერბაიჯანული, ასევე ჩინური ჯგუფებიც.
„ქართუს“ გაყიდვის შესახებ ინფორმაცია პირველად 8 აპრილს გავრცელდა. ბანკის გაყიდვის საკითხი აქტიურ თემად განსაკუთრებით მას შემდეგ იქცა, რაც თანაინვესტირების ფონდში განაცხადეს, რომ „ქართუმ“, როგორც საინვესტიციო ბანკმა, აქტუალობა დაკარგა.
სააქციო საზოგადოება კომერციული ბანკი „როსიისკი კრედიტი-ქართუ“ 1996 წელს დაფუძნდა, 1998 წელს კი მას „ბანკი ქართუ“ დაერქვა. ამჟამად, ბანკის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, უტა ივანიშვილია. ის ბანკის 100%-იან წილს ფლობს.