„უაფხაზო აფხაზეთი არ მინდა“

„უაფხაზო აფხაზეთი არ მინდა“

აფხაზეთიდან დევნილი პროფესორი ოთარ მარშავა ოკუპირებულ აფხაზეთს ექიმის სტატუსით ხშირად სტუმრობს. მისი სტუმრობის მიზეზი აფხაზეთში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის ჩატარებაა. ის უსასყიდლოდ ემსახურება როგორც ქართველს, ასევე აფხაზს, სომეხს და რუს პაციენტებს. ენგურს გაღმა მას დაახლოებით 700-ზე მეტი ოპერაცია აქვს გაკეთებული.

For.ge ოთარ მარშავას ესაუბრა, რომელიც სოხუმიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

როგორ დაიწყო აფხაზეთის ტერიტორიაზე თქვენი ჩასვლა და ზოგადად, რამდენად უსაფრთხოა დღეს ქართველისთვის აფხაზეთში ჩასვლა?

- თავდაპირველად ნამდვილად რთული იყო, მაგრამ ახლა უკვე ეს სირთულეები არ არსებობს. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დასრულებიდან 2 კვირაში გადავედი. ამის მიზეზი იყო დარჩენილი ქართველებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა. დაახლოებით 700-ზე მეტი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, აქედან 20-25 პროცენტი სხვადასხვა დროს დაფინანსებული იყო საქართველოს ჯანდაცვის მიერ მედიკამენტების კუთხით, ასევე დაფინანსდა ოპერაციებიც, მაგრამ ძირითადად, პირადად ჩემი თანხებით კეთდებოდა ყველაფერი. ახლაც აფხაზეთიდან ჩამოვედი, გავაკეთე რამდენიმე ოპერაცია, მომავალ კვირას ისევ მივდივარ.

ძირითადად სად აკეთებთ ოპერაციებს, მხოლოდ გალის ტერიტორიაზე?

- სადაც დამიძახებენ იქ მივდივარ. ძირითადად ეს არის ოჩამჩირე, ტყვარჩელი და გულირიფში, სოხუმში - ნაკლებად. თუ თავად ვერ უმკვალდებიან, მიკავშირდებიან და მთხოვენ ენგურს აქეთ გადმოყვანას. უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც ადგილზე ვერ ხდებოდა პაციენტის შესაბამისი მკურნალობა და თბილისში გადმოგვიყვანია. ბოლო 7 წლის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე 10 ათასზე მეტი პაციენტია გადმოყვანილი. მათი სია არსებობს როგორც ენგურს გაღმა, ისე ენგურს გამოღმაც.

საინტერესოა როგორ ამყარებთ კომუნიკაციას აფხაზ კოლეგებთან? ექიმები გიკავშირდებიან, თუ პაციენტების საშუალებით ხდება კონტაქტი?

- როდესაც ექიმის მოთხოვნაა, ამას დიდი კოორდინაცია არ სჭირდება, მათ იციან, რომ თითქმის ყოველ პარასკევს, კვირის ჩათვლით, აფხაზეთში ვარ. ყოველ პარასკევს ჩავდივარ, დედას ვნახულობ მცირე ხნით და შემდეგ ვიწყებ პაციენტების მიღებას საავადმყოფოში, როგორც გალში, ასევე ოჩამჩირეში, ტყვარჩელში და გულირიფშის საავადმყოფოში. პაციენტები არიან როგორც ქართველები, ასევე აფხაზები, სომხები და რუსები. პაციენტს ეროვნება არ აქვს.

თქვენს უსაფრთხოებაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას?

- ამ საკითხზე არასოდეს მიფიქრია და არ ვიცი. როდესაც სამედიცინო საქმიანობას ეწევი, მერწმუნე, რომ იქ შენს უსაფრთოებაზე საფიქრალი დრო არ გაქვს. შენ, შენი საქმე უნდა გააკეთო.
პირველი ოპერაცია ომის დასრულებიდან 2 კვირაში საველე პირობებში ჩაატარეთ, ეს მათი მოთხოვნით გაკეთდა?

- ომის შემდეგ აფხაზეთში დარჩა ხანდაზმული მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ქონების შენარჩუნების მოტივით. ბევრი ჩემი ნაცნობი და ახლობელი იყო დარჩენილი და ამიტომ, ჩემი სურვილით გადავედი, ვიცოდი, რომ ამ ხანდაზმულებს ჩემი, როგორც ექიმის დახმარება სჭირდებოდათ. იყო შემთხვევა ენგური გადამიცურავს, ზოგჯერ ფეხით გადავდიოდი. პირველად რომ ჩავედი, დამხვდა პაციენტი, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. ნარკოზი არ მქონდა და ოპერაცია ადგილობრივი გაუტკივარებით უნდა გამეკეთებინა, რაც სამწუხაროდ არ იძლევა სრულ გაუტკივარებას. მეშინოდა პაციენტს რომ დაეყვირა ვინმეს არ გაეგო და მისთვის სახლ-კარი არ დაეწვა. ამიტომ, პაციენტები სახლიდან, ზოგჯერ თხილის ბუჩქებში, ხან მანდარინის პლანტაციაში გამყავდა და ხან რაღაცა შენობებს ვპოულობდი. ასეთ პირობებში ვაკეთებდი ოპერაციას. საველე პირობებში ნარკოზის გარეშე 41 ოპერაცია გავაკეთე. ეს იყო არასტაციონალურ პირობებში გაკეთებული ოპერაციები.

საინტერესოა როგორ შეხვდნენ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ქართველი ექიმის აფხაზეთში ჩასვლას?

- ეს არის ჩემი საქმე. ჩემი მუშაობის ისტორიას რომ გადავხედავ, სამ ეტაპად ვყოფ. პირველი ეტაპი იყო, როდესაც ენგურს გამოღმა მიშლიდნენ ხელს, რატომ მიდიხარ მტრების სამკურნალოდო.

ვიღაცას არძინბასთვის მიუტანია ამბავი, პროფესორი მარშავა თბილისიდან ჩამოდის, აფხაზეთში ოპერაციებს აკეთებს და ავკრძალოთო. როგორც მითხრეს, არძინბას უთქვამს, ექიმი თუ კეთილშობილურ საქმეს აკეთებს, რატომ უნდა ავკრძალოთო.

ამიტომ ჩემი საქმიანობა ფაქტიურად ნებადართული იყო, მაგრამ ეს ქაღალდზე გადატანილი და ოფიციალურად გაფორმებული არ ყოფილა. მხოლოდ 2009 წელს მივაღწიეთ იმას, რომ აფხაზეთიდან შემოსული თხოვნის საფუძველზე, ქართულმა მხარემ 57 ოპერაცია და 307 კონსულტაცია დააფინანსა. ამ კონსულტაციების საფუძველზე შეირჩა პაციენტები, რომელთაგან ზოგი თბილისში გადმოვიყვანეთ და ზოგი ქუთაისში. 

ხელს ვინ გიშლიდათ?

- მეომრები, მხედრიონი, იცით, რომ პარტიზანული ომი იყო. ენგურზე რომ გადავიდოდი, იქაც ანალოგიური კონტიგენტი მხვდებოდა. მეუბნებოდნენ რატომ მოხვედი, ჩვენს მიწაზე რატომ დადიხარო. მხოლოდ შუა ენგურზე ვიყავი ხელუხლებელი. დაპატიჟებით არავის დავუპატიჟებივარ, როგორც აფხაზეთის მკვიდრს მინდოდა, რომ ჩემი მოვალეობა შემესრულებინა. ორჯერ დამიჭირეს და დახვრეტა გამომიტანეს, იმ ბრალდებით, რომ საომარი მოქმედების დროს „საზღვარი“ გადაკვეთაო, მაგრამ გადავრჩი. თავდაპირველად ქართველებს ვუკეთებდი ოპერაციას, ამ დროს მოიყვანეს ორი დაჭრილი აფხაზი, მათ სოხუმში გადაყვანას აზრი არ ჰქონდა, ორივეს გავუკეთე ოპერაცია და ამის მერე უკვე აფხაზებსაც ვუკეთებდი.

ვიცი, რომ გადმოგყავდათ ჩვენი თანამოქალაქე აფხაზები, მათ თბილისში ან ქუთაისში უტარდებოდათ სამედიცინო დახმარება. როგორ დაიწყო ეს პროცესი და დღეს რატომ არის შეჩერებული?

- ეს იყო უკვე მესამე ეტაპი. 2001 წელს საქართველოს მთავრობა დაინტერესდა რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო იქ დარჩენილი მოსახლეობისთვის. 2002 წელს გაკეთდა პროგრამა. მე და ბორის კაჭარავამ ამ პროგრამით გავაკეთეთ 100 ოპერაცია. დაბრუნებულზე ხელფასი რომ მოგვცეს, ამ ხელფასით ვიყიდეთ მედიკამენტები, ისევ დავბრუნდით აფხაზეთში და დამატებით გავაკეთეთ 107 ოპერაცია. როდესაც უფრო რთული ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა დადგა, უკვე დადგა მათი ენგურს გამოღმა გადმოყვანის საკითხი, მთავარი იყო ფინანსური საკითხები. ჩვენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე დავსვით ეს საკითხი და მაშინ შემოიღეს, რომ ამ პაციენტებს ქართული პირადობა აეღოთ. ქართულ პირადობას თუ აიღებდნენ ახალშობილებს უფასოდ ვემსახურებოდით.

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, გადმოყვანა არაა იმდენად პრობლემა, რამდენადაც კოორდინაცია არაა იმ დონის, როგორც ეს ადრე იყო. დროულად უნდა მოხდეს პაციენტების გადმოყვანა, რომლებსაც სჭირდებათ გადაუდებელი დახმარება. უკვე რუსები აკონტროლებენ ე.წ. საზღვარს და ამიტომ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც შეუძლია - ხან გაეროს მეშვეობით, ცდილობს და ახერხებს, პაციენტების გადმოყვანას.

2013 წლამდე ძირითადად ამ საქმიანობით დაკავებული იყო ქუთაისში განლაგებული დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრი. რეანომობილებიც გვყავდა და კოორდინირებულადც ხდებოდა ყველაფერი.

ბოლო 5 წლის განმავლობაში 127 ახალშობილი გადმოვიყვნეთ. აფხაზეთში მათ პატრონებს ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი არასიცოცხლისუნარიანია, სახლში წაიყვანეთო. მე თვითონ გავყევი რეანომობილის მანქანას სოხუმში, ახალშობილები გადმოვიყვანეთ და ჯანმრთელად დავაბრუნეთ სოხუმში. ამაში არა მარტო ქუთაისი ღებულობდა მონაწილეობას, მახსოვს რომ ახალშობილებს დასჭირდათ გულის ოპერაცია და „ჯოენის“ სამედიცინო ცენტრი ამოგვიდგა გვერდში, ძალიან დაუმეგობრდნენ ამ ოჯახებს. კლინიკის დირექტორმა და ექიმებმა 4 აფხაზი ახალშობილი ქაშუეთის ეკელსიაში მონათლეს.

თქვენი საქმიანობა პოლიტიკის ნაწილად შეიძლება განვიხილოთ, რადგან სახალხო დიპლომატიას ემსახურებით. დღეს რა განწყობაა აფხაზეთში, რას ამბობენ აფხაზები, რიგითი მოქალაქეები არიან მზად დაელაპარაკონ ქართველს?

- გეთანხმებით, მედიცინა ემსახურება სახალხო დიპლომატიას. კარგი იქნება სახალხო დიპლომატიას უფრო ფართო მასშტაბი მიეცეს, ამას დადებითი ეფექტი ექნება. ერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ -უაფხაზო აფხაზეთის ტერიტორია არ მინდა. ერთმანეთის მოსიყვარულე ქართველი და აფხაზი მინდა და, ასე ფიქრობს დღეს აფხაზი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.