სახალხო დამცველი რეაგირების მოლოდინშია

სახალხო დამცველი რეაგირების მოლოდინშია

ლალი მოროშკინა პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას და მის ხელთარსებული მასალების მისთვის გადაცემას გეგმავს. გარდა ამისა, ეს მასალები და ინფორმაცია მიეწოდება ევროკავშირსაც.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დიმიტრი დარბაისელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილე პატრი დარბაისელი მფარველობდა, რომელიც მოროშკინას თქმით, დიმიტრი დარბაისელის ბიძაა.

„დარბაისელის ბიძა თავად არის სუს–ის უფროსის მოადგილე, ცხადია, ბიძა–ძმისშვილს შორის არის ის ურთიერთობა, როდესაც გარკვეულ მფარველობას აქვს ადგილი და სამწუხაროდ, ნეპოტიზმი შეიმჩნევა. გარდა პრემიებისა, რომელიც არის ასტრონომიული, დასათვლელია დარბაისელის არამიზნობრივი ხარჯები, ის პრაქტიკულად არასდროს არ იყო საქართველოში. მოიკითხეთ, რატომ იყო ის მუდმივად წასული საფრანგეთში, ვისთან ჰქონდა იქ შეხვედრები, რას ეძებდა როდესაც რეალურად უნდა ემუშავა საქართველოში?

გარდა პრემიებისა და ხელფასებისა, როგორ არის გახარჯული წარმომადგენლობითი ხარჯები, რატომ არის ნაყიდი წარმომადგენლობითი ხარჯებით ქალის სუნამოები, საპარსი საშუალებები, ჰოლანდიური ყველის დიდი რაოდენობა, ძეხვეულობა, შოკოლადი, რედბული და ა.შ.? თუკი წინა თავმჯდომარის, მიხეილ ღურწკაიას დროს 6 თვის განმავლობაში წარმომადგენლობითი ხარჯი 4 000 ლარი იყო, ახალი თავმჯდომარის შემთხვევაში, ეს ერთი კვირის ბიუჯეტია. მინდა მოვითხოვო სამივლინებო ხარჯების გასაჯაროება, თქვენ ნახავთ ასტრონომიულ თანხებს.

სხვა თანამშრომლებთან ერთად პრემია მიღებული აქვს უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის დას, სოფიო იმერლიშვილსაც. სისტემაში სამი კვირის მოსულმა, ქალბატონი ირინა იმერლიშვილის დამ, სოფო იმერლიშვილმა მიიღო 14 000 ლარი, როგორც ადმინისტრაციის უფროსმა. მე მინდა სათითაოდ ყველას სთხოვოთ პასუხი თუ რა სამუშაო შეასრულეს, მე გაჩვენებთ ჩემს შესრულებულ სამუშაოს და მე ვფიქრობ, რომ ამაზე მეტი სამუშაო მათ არ შეუსრულებიათ“, - აცხადებს ლალი მოროშკინა.

დღეს დილით კი ცნობილი გახდა, რომ დიმიტრი დარბაისელმა თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, გადადგომის მიზეზების შესახებ განცხადება გაავრცელა.

„მე ძალიან მძიმე პერიოდში მომიწია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობა. დასამალი არ არის, რომ ეს უმძიმესი სფეროა. პატიმრებთან მუშაობა და ურთიერთობა განსაკუთრებულ უნარს მოითხოვს თანამშრომლებისგან, მით უმეტეს, როცა დღეს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომებია საჭირო. დეპარტამენტი, მისი თანამშრომლები ნამდვილად ყველაფერს აკეთებენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივუახლოვდეთ სასურველ სტანდარტებს. სწორედ ამიტომ, მე როგორც მენეჯერმა, საჭიროდ ჩავთვალე და თავად მივიღე გადაწყვეტილება თანამშრომლებისათვის პრემიების გაცემის შესახებ, რათა მათ კიდევ მეტი მოტივაცია ჰქონოდათ.

მათ 24-საათიან რეჟიმში, უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა ყველაზე რთულ, გარდამავალ პერიოდში. ისინი ფაქტობრივად ვერ ნახულობენ საკუთარ ოჯახებს და სამსახურში უწევთ ღამეების თენება. სწორედ ასეთი მუშაობის შედეგია, რომ მათ რეალურად შეცვალეს ის ნეგატიური ტენდენციები, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულების სისტემაში ჩემს დანიშვნამდე.

ჩემმა გადაწყვეტილებამ გააჩინა კითხვები და გამოიწვია უკმაყოფილება. კარგად მესმის, რომ საზოგადოებისთვის შეუძლებელია ახსნა, თუ რა მასშტაბის და სიმძიმის სამუშაო იყო გასაწევი. ბოლომდე ერთგულად ვემსახურე ჩემს საქმეს და ჩემს ქვეყანას. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე უნდა დავტოვო დაკავებული თანამდებობა. მე ვრჩები ერთგული ჩემი ქვეყნის და ჩემი საქმის. აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სრული აბსურდია ყველა ის ბრალდება, რომელიც გაისმა ჩემი და ჩემი თანამშრომლების მიმართ“, - ეს გახლავთ დარბაისელის განცხადება.

აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე კითხვებს - რატომ დანიშნა წამყვან თანამდებობებზე კუდ-ის მაღალჩინოსნები, ე.წ. ოდეერები და ზონდერები, ჯერჯერობით, უკომენტაროდ ტოვებს.

დარბაისელის გადადგომას გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერი ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გამოწერილი მაღალი პრემიები მიუღებელი იყო და დარბაისელს გარკვეული შეცდომა მოუვიდა. 

„თუმცა ღირსეული საქციელი იყო მისი მხრიდან, როდესაც თქვა, რომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება. ძალიან ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა და ეს დასაფასებელია. ჩვენ შეცდომების და ხარვეზების არ გვეშინია, თუ ყურადღებას მიაქცევთ, ჩვენ თუ ოდესმე რაღაც შეცდომა მოგვდის, ამ შეცდომას მაშინვე ვასწორებთ. ეს არის ყველაზე მთავარი მონაპოვარი. ჩვენი ხელისუფლების მუშაობის სტილი დაფუძნებულია გამჭვირვალობაზე და სამართლიანობაზე. ჩვენ მხარეს არის სიმართლე და ამას ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
მოროშკინას მიერ გახმაურებული ფაქტებთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურას დიმიტრი დარბაისელის საქმიანობის კანონიერებაზე გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია. სახლახო დამცველი კი გამოძიების დაწყების აუციელებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ ჩანასახშივე, პირველ ეტაპზე არ აღიკვეთა დანაშაულის ნიშნები, მივიღებთ იმ სისტემას, რომელიც უკვე არსებობდა ქვეყანაში.

For.ge. უჩა ნანუაშვილს ესაუბრა.

მოროშკინას მიერ გახმაურებული ფაქტებთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია, როგორ ფიქრობთ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება არ უნდა დაწყებულიყო?

- მნიშვნელოვანია, რომ ყველა კონკრეტულ ინფორმაციაზე მოხდეს გამოძიების დაწყება, მუთუმეტეს, როდესაც საუბარია საკამოდ სერიოზულ ბრალდებებზე. ლალი მოროშკინას განცხადებები იყო ნამდვილად სერიოზული, მითუეტეს, რომ ეს არაა ერთი რიგითი მოქალაქის განცხადება, არამედ იმ ადამინის განცხადებაა, რომელიც წელიწადზე მეტია ამ სტრუქტურაში მუშაობს და საკმაოდ სერიოზული შეხება აქვს ამ სტრუქტურასთან. შესაბამისად, სერიოზულად უნდა იყოს აღქმული ნებისმიერი ის განცხადება, რომელიც მან გააჟღერა. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არის ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით.

დამიკონკრეტეთ რა საკითხებთან დაკავშირებით გაქვთ კითხვის ნიშნები?

- სახალხო დამცველის ანგარიში უკვე წარვადგინეთ პარლამენტში, არჩევნების შემდეგ დაიწყება ანგარიშის განხილვა. ერთ-ერთ საკითხი არის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გამოყვანა, რომელზეც არანაირი პასუხი არ მიგვიღია. ჩვენთვის დამჯერებელი არ იყო ის ახსნა-განმარტება, რომელიც გავრცელდა, თითქოს, არ არსებობდა კამერები. ამ ინციდენტში ყოფილი მთავარი პროკურორის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მონაწილეობასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი რეალურად არ გასცემია. რა თქმა უნდა, ასევე დაისვა საკითხი იმ ასტრონომიულ ციფრებთან დაკავშირებით, რომელიც პრემიების გაცემასტან დაკავშირებით გავრცელდა და ვთვლი, რომ ნამდვილად შესასწავლია.

რაზეც ქალბატონი მოროშკინა საუბრობს, ამას ნამდვილად სჭირდება შესწავლა. რაღაცა ფაქტებთან დაკავშირებით ჩვენც ვაწარმოებთ მოკვლევას, მაგრამ ჯერ გამიჭირდება კონკრეტული ფაქტების შესახებ საუბარი. თუმცა, არის დარღვევები და ამის შესახებ ჩვენ ღიად განვაცხადეთ. მათ შორის იმაზეც, რომ ბოლო დროს, სახალხო დამცველის წარმომადგენლებზეც დაიწყეს ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა, რაც არაერთხელ განმეორდა. არის საკითხები რომელზეც რეაგირება საჭიროა, საჭიროა გამოძიება, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

სასჯელაღსრულების მინისტრი არ იზიარებს დეპარტამენტის თავმჯდომარის არცერთ გადაწყვეტილებას, მათ შორის არც საკადრო გადაწყვეტილებებს. ამ საკადრო ცვლილებით დადასტურდა, რომ უწყებაში წამყვან თანამდებობებზე აღმოჩნდნენ ადამიანები (.. ზონდერები, ოდეერები, კუდ-ის მაღალჩინოსნები), რომლებიც ბრალდებულები იყვნენ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე. რა მოტივით მოხდა ამ ადამაინების დასაქმება ამ სტრუქტურაში?

- სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები არის და ამის შესახებ უკვე არაერთი დღეა ვრცელდება ინფორმაცია და მათ შორის ვიდეო-მასალებიც ამა თუ იმ პირის მონაწილეობაზე კონკრეტულ სამართალდარღვევაში. ყველა ვარიანტში, ჩვენ მაინც მივდივართ ამ საკითხის შესწავლის აუცილებლობამდე. საკადრო პოლიტიკის შესახებ დეტალები არ ვიცი, გარდა იმისა, რაც გავრცელდა. თუმცა, კითხვის ნიშნებს იწვევს ის ფაქტი, რატომ მოხდა ორი დღის წინ რამდენიმე ადამიანის გათავისუფლება, რომლებზეც ინფორმაცია უკვე იყო, რატომ ახლა და არა ადრე? კითხვები ნამდვილად არის და ამას უკვე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

გასაგებია, რომ რეგულაციები არ არსებობს, მაგრამ რითი ხსნით თქვენ ამ რაოდენობის პრემიების გაცემას, მითუმეტეს, რომ ამ პირების მიერ გაკეთებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმე არ არსებობს. ეს არის პრემია, თუ ეს არის ქრთამი, რაღაცის სანაცვლოდ? მესმის, რომ რთულია ამ საკითხზე გამოძიების გარეშე საუბარი, მაგრამ ეს კითხვები არის და მას აქვს არსებობის უფლება, ვიდრე გამოძიება არ იტყვის რა მოხდა...

- გეთანხემბით, არანაირი რეგულაციები ამ მხრივ არ არსებობს, რამდენი უნდა იყოს პრემიის მინიმალური ან მაქსიმალური რაოდენობა, ან რა შემთხვევაში. ეს სფერო რომ ღია და მოუწესრიგებელია, ფაქტია. თანამშრონლის წახალისება არაა კრიმინალი, მაგრამ აქ უკვე სხვა საკითხი დგება - ამის მორალური მხარე. რისთვის ან რა კონკრეტული დამსახურებისთვის გაიცა ამ რაოდენობის თანხები, ეს საკითხი დეტალურად არის შესასწავლი, მითუმეტეს, რომ საუბარია ასტრონომიულ ციფრებზე. ეკონომიურად ქვეყაში არსებული მდგომაროების ფონზე, მინიმუმ ახსნა-განამრტება უნდა ყოფილი გაკეთებული, რა დამსახურებისთვის იყო გაცემული ამხელა პრემიები სწორედ დეკემბრის თვეში.

დარბაისელის უწყებაში მოსვლისა და იმ საკადრო პოლიტიკის შემდეგ, რაც მან განახორციელა, ამ სისტემაში იმატა პატიმრების მხრიდან საჩივრებმა, მათ შორის დაფიქსირდა მკვლელობის ფაქტები. სამეგრელოში აღმოჩენილი კასრების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი კობა თოდუა ღიად ამბობს, რომ მას დაემუქრა უშუალოდ დარბაისელი, თუ კონკრეტული პირების წინააღმდეგ არ მისცემდა ჩვენებას, მას 10 წელს მიუსჯიდნენ. რატომ უკავშირდება ამ საქმეებს დარბაისელის სახელი? ფაქტია, რომ ეს კითხვები არ არსებობდა იგივე ღურწკაიას პერიოდში...

- ნამდვილად გეთანხმებით, ბოლო პერიოდზეა საუბარი. ამიტომაც ვამბობ, რომ დაუყოვნებლივი რეაგირება უნდა იყოს ხელისუფლების მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მივიღოთ მძიმე შედეგი, შეიძლება სისტემა ისევ აღმოჩნდეს სერიოზული პრობლემების წინაშე, რა პრობლემის წინაშეც ეს სისტემა იმყოფებოდა ადრე. რაც შეეხება თქვენს კითხვას ზეწოლის შესახებ, ჩვენ ვსწავლობთ არსათანადო მოპყრობის ფაქტებს, რომელიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა - რამდენიმე გახმაურებული ინციდენტი და პატიმრების მკვლელობა, რომელსაც ადილი ჰქონდა რამდენიმე დაწესებულებაში.

რაც შეეხება მოროშკინას განთავისუფლებას, თუ ის ითხოვდა 10 ათასიან პრემიას, სამსახურეობრივ ავტომანქანას, თუ მისი საქმიანობა მიუღებელი იყო დეპარატამენტის ხელმძღვანელისთვის, რატომ არ მიიღო მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მანამ, სანამ მოროშკინა არ გაახმაურებდა კონკრეტულ ფაქტებს?

- რატომ მაინცდამაიც დღეს და არა ერთი ან ორი კვირის წინ? მითუმეტეს, რომ ხელშეკრულების ვადა მოროშკინას ივნისის ბოლოს ეწურებოდა. ჩვენ ვიწყებთ მისი გათავისუფლების კანონიერების შესწავლას. ეს ფაქტი წარმოშობს გაცილებით ბევრ კითხვის ნიშანს. თუკი მოროშკინა არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალებას და ასეთი არარეალური მოთხოვნები ჰქონდა, გაცილებით ადრე შეეძლო დეპარატამენტს ამაზე რეაგირება.

სასჯელაღსრულების სისტემა ურთულესი სისტემაა, რაიმე მკვეთრი ნაბიჯები შეიძლება უფრო საზიანო იყოს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოხდება ყველა ფაქტის შესწავლა და გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. მთავარია დაიწყოს გამოძიება და გამოძიებამ გასცეს პასუხი იმ კითხვებს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში იყო დასმული.

არც ერთი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. გამოვლინდეს კონკრეტული დამნაშავეები და დამნაშავეები კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ. ამიტომაც ვამბობ, რომ ყველა ფაქტი უნდა იყოს შესაწავლილი და ყველა ფაქტზე უნდა დადგეს შედეგი, რომ არ მივიღოთ იგივე შედეგი, რაც რამდენიმე წლის წინ გვქონდა - როდესაც ერთ და ორ ფაქტზე არ მოხდა რეაგირება, შედეგად შეიქმნა ის სისტემა, რომელიც მივიღეთ. ჩანასახშივე, საწყის ეტაპზე უნდა აღმოიკვეთოს დანაშაულის ნიშნები. არავის არ უნდა გაუჩნდეს დაუსჯელობის განცდა.