კომუნალური მომსახურების კომპანიები მოქალაქეებს მიზანმიმართულად ატყავებენ. ყველაზე პრობლემური კი ის არის, რომ აბონენტებს უკანონოდ არიცხავენ ხანდაზმულ დავალიანებას. წესით, ასეთი ვალი კომპანიამ უნდა ჩამოწეროს, მაგრამ ისინი მომხმარებლის არაინფორმირებულობით სარგებლობენ და ზედმეტ თანხას სძალავენ.
„რადგანაც საგრძნობლადაა გაზრდილი მოქალაქეებსა და გამანაწილებელ კომპანიებს შორის არსებული დავების რაოდენობა, კომისიაში, 2014 წლის მარტში შეიქმნა მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ მუშაობს აღნიშნული საკითხების მოწესრიგებაზე.
დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე წლის 12 მარტიდან 30 აპრილამდე დეპარტამენტში შესული მოქალაქეთა განცხადება-საჩივრების რაოდენობამ 342 შეადგინა. აქედან, ბუნებრივ გაზზე იყო 143 განცხადება, ელექტროენერგიაზე - 137, სასმელ წყალსა და წყალანირებაზე - 62. კომპანიების მიერ მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების მთლიანმა რაოდენობამ 12 მარტიდან 30 აპრილამდე 146 349.73 ლარი შეადგინა“, - აცხადებენ სემეკში.
სემეკის წარმომადგენელთა განცხადებით, კვლავ აქტუალურია ხანდაზმული დავალიანებების თემატიკა. „12 მარტიდან 30 აპრილამდე იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მიმართეს სემეკს, სულ ჩამოეწერათ 11594.94 ლარი. აქედან, ელექტროენერგიასთან დაკავშირებით - 6453.96 ლარი, ხოლო სასმელ წყალთან დაკავშირებით - 5252.2 ლარი.
კომპანიების მიმართ სემეკში შესული მოქალაქეთა განცხადება-საჩივრების რაოდენობა ასე გამოიყურება:
1. სს „თელასის“ მიმართ 109 განცხადება-საჩივარი;
2. სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიმართ 32 განცხადება-საჩივარი;
3. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ 52 განცხადება-საჩივარი;
4. შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიმართ 7 განცხადება-საჩივარი;
5. შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიმართ 135 განცხადება-საჩივარი.
6. შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიმართ 7 განცხადება-საჩივარი;
7. სს „საქორგგაზის“ მიმართ 6 განცხადება-საჩივარი;
კომუნალური მომსახურების კომპანიები კი აბონენტებს მართლაც უკანონოდ არიცხავენ ხანდაზმულ დავალიანებას.
როგორც სემეკის წარმომადგენელი გიორგი ფანგანი განმარტავს, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას, ბუნებრივ გაზს თუ სასმელ წყალს კომუნალური კომპანიისგან, ის შედის მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში.
გიორგი ფანგანის განცხადებით, სწორედ ამ სახელშეკრულებო ურთიერთობაზე სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვრცელდება ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა. 3 წელი აითვლება იმ დღიდან, როდესაც ერთ-ერთი მხარე შეიტყობს, რომ მისი უფლებები ირღვევა.
„როდესაც კომპანიამ შეიტყო, რომ რომელიმე აბონენტი არ უხდის დავალიანებას, რა თქმა უნდა, აქვს ბერკეტი, შეუწყვიტოს კომუნალური მომსახურება. თუ კომპანიამ ეს ბერკეტი მაშინვე არ გამოიყენა და აბონენტს მისცა შესაძლებლობა, რომ მისი მომსახურებით შემდეგ თვეებშიც ესარგებლა, სწორედ ის ვალი, რომელიც იმ დღიდან სამი წლის განმავლობაში დაგროვდება, იქნება ხანდაზმული დავალიანება“, - განმარტავს ფანგანი.
ფანგანის განცხადებით, უკანონოა, როდესაც გარკვეული დროის შემდეგ კომპანია აბონენტს მომსახურებას უთიშავს ან გათიშვით ემუქრება, რადგან ეს ბერკეტი მას თავიდანვე უნდა გამოეყენებინა.
„შესაბამისად, როდესაც აბონენტს შეღავათის გაკეთებას ჰპირდებიან და დავალიანებას უნაწილებენ, ეს არის კანონდარღვევა, რადგან უკვე ხანდაზმულ ვალს ახდევინებენ“, - დასძინა ფანგანმა.
აბონენტთა დიდი ნაწილი კანონს ხანდაზმული დავალიანების შესახებ არ იცნობს და თანახმაა, კომუნალურ კომპანიებს, მაგალითად, „თელასს“ დამატებით გაუფორმოს შეთანხმება უკვე ხანდაზმულობაგასული დავალიანების ეტაპობრივ დაფარვაზე. არადა, კომპანია ვალდებულია, მსგავსი დავალიანება ჩამოაწეროს იმ აბონენტებს, რომელთაც წერილობით არ ჰქონდათ ვალი აღიარებული კომპანიის მიმართ.