26 მაისიდან რუსეთში დამატებით სხვადასხვა ხილ-ბოსტნეული გაიგზავნება. ისევე როგორც ქართველი მეღვინეებისთვის, ფერმერებისთვისაც ეს დიდი შესაძლებლობების მომტანი იქნება. პროცესი გრძელდება და მალე, ალბათ, ჩრდილოეთის კარი ყველა ადგილობრივი ნაწარმისთვის გაიხსნება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას განცხადებით, დამატებით რამდენიმე დასახელების ხილი და ბოსტნეული ორშაბათიდან რუსულ ბაზარზე გავა. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსულ ბაზარზე ამ ეტაპზე კურკოვანი ხილი და რამდენიმე დასახელების ბოსტნეული გავა.
„გარკვეულ პერიოდი ვმუშაობდით „როსპოტრებნადზორთან“. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 26 მაისიდან მთელ რიგი ხილისა და ბოსტნეულისთვის რუსული ბაზარი გაიხსნება. ეს არის ატამი, გარგარი, ქლიავი. ჩრდილოეთის ბაზარზე ორშაბათიდან შევა ბალი, ალუბალი, ასევე მთელი რიგი ბოსტნეული: ახალი კარტოფილი, შეფუთული და გარეცხილი. შესაბამისად, ამ პროდუქტების საწარმოები შეძლებენ საკუთარი პროდუქციის რუსეთში ექსპორტს“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.
შეკითხვაზე - შესაძლებელია თუ არა, რომ რუსეთის ბაზარზე გასატანი პროდუქტების ჩამონათვალი გაიზარდოს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რათა რუსეთის ბაზარი ყველა სახის ქართული პროდუქტისთვის იყოს გახსნილი.
„ეს მიმდინარე პროცესია, მოგეხსენებათ, ჩვენ შარშან ივლისში დავიწყეთ მოლაპარაკებები და მაშინ იყო საუბარი მხოლოდ ღვინოსა და მინერალურ წყლებზე. ამ პერიოდში რამდენიმეჯერ მოხდა გადახედვა და სამუშაო მიმდინარეობს იმისთვის, რომ ყველა სახის პროდუქტისთვის იყოს ბაზარი გახსნილი“, - აღნიშნა შალვა ფიფიამ.
მართლაც ერთი წლის წინათ, შეთანხმება მოხდა, რომ რუსეთში ქართული ღვინო და მინერალური წყლები გასულიყო. მას შემდეგ, საექსპორტო პროდუქტების სია კიდევ გაფართოვდა და ჩრდილოეთში გაიგზავნა არაალკოჰოლური, გამაგრილებელი სასმელები, ადრეული ბოსტნეული, ჩირი, მწვანილი.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ რუსეთში ხილ-ბოსტნეულის გარკვეული კატეგორია, მაგალითად, კომში აქამდეც გადიოდა, ამჟამად კი ხდება სიის უფრო გამრავალფეროვნება. „რუსეთში გასატან სიას დაემატება კარტოფილი, კიტრი, პომიდორი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ალუბალი, ფორთოხალი და ა.შ.“, - აცხადებენ სააგენტოში.
რაც შეეხება პროდუქციის შემოწმებას, სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს დიდ ბარიერებთან არ იქნება დაკავშირებული და არც რუსული მხარის წარმომადგენლების ჩამოსვლა იქნება საჭირო, როგორც ეს ღვინის შემთხვევაში ხდებოდა.
„სააგენტოს მიერ გაცემული ფიტოსანიტარული სერტიფიკატები რუსეთის მხარეს სავსებით დააკმაყოფილებს“, - აცხადებენ სააგენტოში.
რუსეთმა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანა 8 წლის წინათ ერთბაშად აკრძალა. მართალია, მთელი ამ წლების განმავლობაში ჩრდილოეთში ქართული პროდუქტი მაინც შედიოდა, თუმცა ეს შემოვლითი გზებით და სხვადასხვა შეფარული მეთოდებით ხდებოდა. მაგალითად, ქართული მწვანილი, ციტრუსი და ხილი რუსეთში ოსებს ან აფხაზებს გაჰქონდათ. საკმაოდ აქტიურობდნენ აზერბაიჯანელებიც, რომლებიც საქართველოში სოფლის ნაწარმს იძენდნენ, შემდეგ კი თავისი ქვეყნის გავლით რუსეთში შეჰქონდათ, ოღონდ უკვე აზერბაიჯანული წარმოშობის სერტიფიკატით.
დაახლოებით 1 წლის წინათ ქართული პროდუქტისთვის რუსული ბაზარი გაიხსნა, ოღონდ დღემდე იქ დაბალი საკარანტინო რისკის აგროპროდუქტი შედის, როგორიცაა ჩაი, თხილი, დაფნის ფოთოლი, ჩირი, მწვანილი.