„სპირალი“, „თვალი პატიოსანი“, „მეშვიდე ცა“, „აქტიური მზის წელიწადი“, - ეს იმ ნაწარმოებთა არასრული ჩამონათვალია, საიდანაც იწყება გურამ ფანჯიკიძის ცხოვრების რთული და საინტერესო გზა. არიან ბუმბერაზი მწერლები, რომლებიც თავისი სიადიადის გამო ხალხისგან მოწყვეტილად ცხოვრობენ, გურამ ფანჯიკიძე კი არასდროს ყოფილა განყენებულად, ხალხის სიყვარული მას თან სდევდა. ასე იყო 1997 წელსაც, როცა აურაცხელი ხალხი ცრემლით მიაცილებდა ტრაგიკულად დაღუპულ მწერალს, რომელიც ქობულეთში შეეწირა თავის საყვარელ და საბედისწერო ზღვას...
მისი რომანები ბესტსელერად ითვლებოდა და ჟანრობრივად რადიკალურად განსხვავებულ ლიტერატურას ქმნიდა. მისი სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრი კი ქართველი მკითხველისთვის უცხო იყო. ალბათ, ამითაც აიხსნება, რომ მისი ნაწარმოებების მიხედვით თეატრებში სპექტაკლები იდგმებოდა.
დღეს მწერალთა სახლში გურამ ფანჯიკიძის რომანის „ეშმაკის ბორბალი“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მსახიობები, მწერლები, პოლიტიკოსები, მომღერლები, მეცნიერები და ოჯახის ახლობლები ესწრებოდნენ, რომლებიც იხსენებდნენ მეოცე საუკუნის ქართველი მწერლის ნაკლებად ცნობილ ისტორიებს.
გურამ ფანჯიკიძის „ეშმაკის ბორბალი“ პირველად 90-იან წლებში საკმაოდ მცირე ტირაჟით გამოიცა, ამიტომ მკითხველთა დიდი ნაწილი ცნობილი მწერლის ამ რომანს პირველად გაიცნობს. წიგნი რეპრესირებულ ოჯახზე მოგვითხრობს. ეს არის ერთი ოჯახის ისტორია სტალინის პერიოდიდან საბჭოთა იმპერიის მსხვრევის ეპოქამდე. მთავარი გმირის (არჩილ გორდელის) ფსიქიკა, რომელიც არც კარგი და არც ცუდი კაცია, გამრუდებული ფსიქოლოგიური ველის მსხვერპლია.
რომანში მოთხრობილია რუსთაველზე აქციის მონაწილეთა დახვრეტის შემდეგ ხრუშჩოვის საქართველოში სტუმრობაზე, საბჭოთა კავშირის პერიოდში ავღანეთში შესვლასა და იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ ბევრ საინტერესო გარემოებაზე. „ეშმაკის ბორბალი“ 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა იმპერიის მსხვრევის ზღვარზე დაიწერა. მასში ნებისმიერი მკითხველი მისთვის საინტერესო ამბავს აღმოაჩენს. წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ რომანი „ეშმაკის ბორბალი“ ახალი რედაქციით გამოსცა.
For.ge-მ გურამ ფანჯიკიძის გახსენება მწერლის ახლობლებს სთხოვა.
პოეტი ლია სტურუა მიიჩნევს, რომ მწერალთა კავშირს ასეთი თავმჯდომარე იშვიათად ჰყოლია, გურამ ფანჯიკიძეს გულგრილობის ნატამალს ვერ შეამჩნევდით, ძალზე ემოციური ადამიანი იყო, რაც მის ნაწარმოებებშიც აისახება. რიგები იდგა, რომ მის რომანებს ზიარებოდნენ.
„ძალზე გაბედული რომ არ ყოფილიყო, „თვალი პატიოსანს“ ვერ დაწერდა. აქ კრიტიკულად აისახებოდა საბჭოთა ქვეყნის სრული რეალობა. გურამი ვაჟკაც მწერლად ითვლებოდა. მახსოვს, მე და ჩემი მეუღლე საფრანგეთში ვაპირებდით წასვლას, ერთხელ მწერალთა კავშირში ვიყავი გურამთან მისული და ჩვეულებრივად ვთქვი, პასპორტი არ მაქვს და უნდა გავაკეთო-თქო. ერთ მშვენიერ დღეს რეკავს ზარი, მოდის ორი მილიციელი და მეუბნება, გამოგვყევით. ჩემი მეუღლე სახლში იყო, ასევე, ჩვენთან იმყოფებოდა მეზობელიც. იმდენად შევშინდით, რომ მილიციელებთან მარტო არ გამიშვეს და გამომყვნენ. ვეკითხებით, სად მიგყავართ? პასუხი მხოლოდ ის იყო, გაიგებთო. თურმე „ოვირის“ შენობაში მიგვიყვანეს, წამოდგა გურამ ახალაია, „ოვირის“ ხელმძღვანელი, კარგი ადამიანი და მითხრა, მობრძანდით, ქალბატონო ლია, პასპორტი უნდა მოგცეთო. თურმე გურამს გაუკეთებია ჩემთვის ეს სიურპრიზი. მისი დაღუპვა ძალიან განვიცადე, მაგრამ გურამის მსგავსი კაცი, ალბათ, ასე უნდა მომკვდარიყო და არა - საწოლში და დაუძლურებული. ზღვის სტიქიას შეეჭიდა და ისე დაიღუპა“,- გვითხრა ლია სტურუამ.
ქართველი ბაირონოლოგი, პროფესორი ინესა მერაბიშვილი გურამ ფანჯიკიძის მეუღლის - დალი ფანჯიკიძის მეგობარია. მას ახსენდება დიდი მწერლის გამოსვლები ტელევიზიით, პარლამენტში.
„გამიელვებდა ხოლმე ჩემი სათქმელი. მინდოდა, ვინმე გამოჩენილიყო და ეთქვა მართალი სიტყვა და ზუსტად საზოგადოების სათქმელს იტყოდა ხოლმე გურამ ფანჯიკიძე. ცოტა დელიკატური და მგრძნობიარე თემაა, მაგრამ გეტყვით, მსჯავრდებულთა გამართლება უნდოდათ და არგუმენტად მოიტანეს მათი ოჯახების რთული მდგომარეობა. გურამი გამოვიდა და თქვა, ეს გასაგებია, რომ თქვენ მათი ოჯახები გებრალებათ, მაგრამ ბალანსი არ იქნება, ვინც დაზარალდა, იმათ ოჯახებზეც უნდა იფიქროთო. გამოდიოდა, რომ ცოცხალს უდგებოდნენ გვერდში და წასულის ოჯახი აღარ ახსოვდათ. ასეთი იყო მისი ჰუმანური და სამართლიანი დამოკიდებულება. ის, რომ გურამის მეუღლეს - ქალბატონ დალის დღემდე ცრემლები სდის მეუღლის ხსენებაზე, ეს არა მარტო დალის ღირსებაა, არამედ ბატონი გურამის დამსახურებაცაა“.
პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გურამ ფანჯიკიძეს, როგორც მეგობარს, წარმოუდგენლად ვაჟკაც ადამიანად ახასიათებს. ჩვენთან საუბარში იგი იხსენებს, რომ გურამი ქუთაისში ქუთაისელი იყო, ბათუმში - ბათუმელი, ზუგდიდში - ზუგდიდელი, თელავში - თელაველი, რადგან დახვეწილი ქართველი, ბრწყინვალე მწერალი, ნათელი პიროვნება გახლდათ, რომელსაც აუგს ვერავისზე ათქმევინებდით.
„თვალი პატიოსანი“ რომ წავიკითხე, ეს იყო პირველ პირთან დაკავშირებით კრიტიკული რომანი. არ ვიცოდი, როგორ დამებეჭდა. ედუარდ შევარდნაძეს დავურეკე, მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ვუთხარი, უნდა დავბეჭდო, მაგრამ ვიცი, ამის გამო დამიჭერენ, ამიტომ ოჯახს მიმიხედე-თქო. მოგვიანებით მან მითხრა, ჯანსუღ, წავიკითხე, მაგარი იყო, აუცილებლად დაბეჭდე, ოჯახის მიხედვა ჩემზე იყოსო. ასე რომ, ჩემი დაბეჭილია „თვალი პატიოსანი“, ამას დიდი რისკი უნდოდა, მაგრამ შენ თუ ვაჟკაცი იყავი, კომუნისტები უკან იხევდნენ“.
საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს მამის შესახებ ბევრი რამის მოყოლა შეუძლია, მაგრამ მის ერთ თვისებას გამოარჩევს. For.ge-სთან საუბარში იგი იხსენებს, რომ გურამ ფანჯიკიძეს არა მარტო საკუთარი შვილები უყვარდა, არამედ - თავისი მეგობრების შვილებიც. პატარა ელისო ბოლქვაძეს, შვიდი წლისა რომ იჯდა როიალთან და უკრავდა, დაუწერა - გავა ბევრი წელი, შენ გახდები უდიდესი პიანისტი, წაიკითხავ ამ სიტყვებს და გაიგებ, რომ პირველი მე ვიყავი, ვინც შენს შესახებ ეს თქვაო.
„გურამის მიმართ საზოგადოების სიყვარულს იმით ავხსნი, რომ ის არ იყო მწერალი, რომელიც იჯდა კაბინეტში, მხოლოდ წერდა და ხალხს არ ენახვებოდა. ყველაზე კარგად თავს ბევრ ხალხში გრძნობდა, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს ხალხი ვინ იყო- უბრალო გლეხი თუ განსაკუთრებულად გამოჩენილი ადამიანი. ამ ურთიერთობისგან იღებდა ძალას, მუხტს, ინსპირაციას - ყველაფერს. თავისი ბუნებით უშუალო და ხალხური იყო“, - ასე იხსენებს მამას მაია ფანჯიკიძე.
მწერლის ქალიშვილის, ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძისთვის სიყვარულის თემა სწორედ მამამისიდან იწყება. ახსენდება, რომ ბატონ გურამს ისე უყვარდა ადამიანები, მათ გარეშე ვერ ძლებდა, ვერც კი წერდა სიწყნარეში.
„სწორედ იქ წერდა, სადაც სტუმრები, ბავშვები გრუხუნით გადარბოდნენ. ნებისმიერი ადამიანი მისთვის ძვირფასი იყო და მათთან ერთად საღამოს გატარება ძალიან უყვარდა. სახლში რომ ბრუნდებოდა, ტაქსის მძღოლს, ტაქსის მთელ შემადგენლობას, თუკი ვინმე დაემგზავრებოდა, ეპატიჟებოდა. ჩვენს სახლში ვინ აღარ არის ნამყოფი, იყო ერთი დიდი სიყვარული და ამ სიყვარულს მართავდა მამა. მახსოვს, ერთი ოჯახის დახმარება გადავწყვიტე, რადგან მათ შვილებს ვიცნობდი, ბავშვთა სახლში სადაც ვმუშაობდი, იქ იყო ორი მათგანი. როცა მივედი ამ ოჯახის დასახმარებლად, ამ ბავშვების დედამ მითხრა, მამაშენი ყოველთვიურად მოდიოდა აქ, სოლოლაკში და სოლიდურ ფულს მიტოვებდაო“.
ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი ბაღათერ არაბული ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ გურამ ფანჯიკიძე არა მარტო დიდი მწერალი, არამედ საზოგადო მოღვაწე იყო, რომელიც კარგად უთავსებდა მწერლისა და საზოგადო მოღვაწის საქმიანობას.
„მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობის გარდა, ის იყო დავით აღმაშენებლის საზოგადოების თავმჯდომარე. ეს ის პერიოდი იყო, როცა საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა და ბატონი გურამის ხელმძღვანელობით არაერთ გაჭირვებულ ოჯახს ვეხმარებოდით. ერთხელ ბატონ გურამს ვაცნობე, რომ ხევსურეთში ვინმე დაიაურს ათი შვილი შეეძინა, იგი აღფრთოვანებული იყო, ხევსურეთში წასვლასაც აპირებდა, მაგრამ ვერ მოახერხა. ამიტომ ათი ათასი მანეთი გამოაყოფინა ხელისუფლებას და გამგზავნა, შენ აუტანე ფულიო. მართლაც, ავედი და ავიტანე ეს თანხა. ასევე ხდებოდა რაჭაშიც. ბევრმა არ იცის, რომ ნარიყალაზე წმიდა ნიკოლოზის ეკლესია გურამ ფანჯიკიძის აქტიური მონაწილეობით აშენდა, ჩვენ ერთად ვაშენებდით ამ ეკლესიას. თორემ, იქ ნანგრევების მეტი არაფერი იყო“, - გვითხრა ბაღათერ არაბულმა.