„მე ბრძოლა დავამთავრე, მაგრამ შევეცდები, ბანკებისგან დაზარალებულ სხვა ადამიანებს დავეხმარო“

„მე ბრძოლა დავამთავრე, მაგრამ შევეცდები, ბანკებისგან დაზარალებულ სხვა ადამიანებს დავეხმარო“

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლეს. 100 ათას დოლარად შეფასებული სახლი მას აუქციონის წესით 49 ათას დოლარად გაუხმაურებლად გაუყიდეს, რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა გასახლების პროცესი განახორციელეს.

For.ge გიორგი თავდგირიძეს ესაუბრა.

თქვენ მიმართეთ ხელისუფლებ, რომ დაელოდებოდით მის რეაქციასხელისუფლება მოიქცეოდ ოკუპანტივით, თუ ისე, როგორც სახელმწიფო შეეფერებოდა“. ასე სპონტანურად რატომ გაყიდეს დიღმის მასივში მდებარე თქვენი საცხოვრებელი სახლი?

- ამ ყველაფრის პრეისტორია არის ის სიტუაცია, რომელიც საქართველოში ნაციონალების დროს იყო შექმნილი. ადამიანი, რომელიც გამოთქვამდა დამოუკიდებელ მოსაზრებას, ან ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი იყო, განიცდიდა დევნას. ხელისუფლებას განსაკუთრებით სამხედროების ეშინოდა.

საზოგადოებამ იცის ჩემი ისტორია. ოქრუაშვილის პირადი აქტიურობით, თითიდან გამოწოვილი ბრალდებით აღმოვჩნდი ციხეში.

მე ვიყავი სამხედრო აკადემიის რექტორი. შესაბამისად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, კვირას დაიწერა ბრძანება ჩემი გათავისუფლების შესახებ. მთელი სამხედრო პოლიცია მუშაობდა ჩემი დარღვევის აღმოჩენაზე და ერთი დარღვევაც რომ მქონოდა, თავისთავად, ეს სასამართლოზეც იქნებოდა წარდგენილი. ფაქტობრივად, ცხრა თვის განმავლობაში იმუშავეს აკადემიაში და ვერც ფინანსური, ვერ იურიდიული დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.

დაკავებამდე თქვენ აქტიურად უპირსპირდებოდით მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრშვილს. ფაქტბრივად, იმ პერიოდში თქვენ სამხედრო კარიერის დასულება თავდაცვის სამინისტროს საავეში ირაკლი ოქრშვილის მოსვლას დაუკავშრდა.

- ზუსტად აქედან გამომდინარე, მაშინდელი მინისტრის ბრძანება იყო ემოციური, რაც ჩემს ერთ-ერთ ინტერვიუს მოჰყვა, როცა მე, ჯერ კიდევ აკადემიის რექტორმა, მისი მინისტრობის შედეგი დავუდგინე ირაკლი ოქრუაშვილს. ამაზე „რუსთავი 2“-ის სიუჟეტიც მომზადდა, რამაც გამოიწვია მისი გაღიზიანება და მეორე დღესვე დაწერა ჩემი გათავისუფლების ბრძანება. იურიდიულად რომ დავასაბუთო ოქრუაშვილის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ამისთვის სახელმწიფომ უნდა დაიწყოს გამოძიება. ჯერ უნდა გადაიხედოს ჩემი საქმე. ამის შემდეგ გამოჩნდება ის დარღვევები, რომლებსაც პირადად ოქრუშვილი პროკურორების მიმართ იძლეოდა. თავდაპირველად სასამართლომ გირაოს სახით 50 ათასი ლარის გადახდა შემიფარდა, ექვსი საათი მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი და ამ ხნის განმავლობაში ოქრუაშვილი თავისი პროკურორების სახელით ზეწოლას ახორციელებდა მოსამართლეზე, რათა გირაო გაეუქმებინათ.

ახალი ხელისუფლების დროს მივმართე პროკურატურას და იუსტიციის სამინისტროს და პასუხად მივიღე, რომ დღევანდელი კანონმდებლობა არ იძლევა საქმეების გადახედვის საშუალებას. ჩემი მთელი პრობლემა იწყება სწორედ ამ ტექსტიდან. არადა, ჩემი რამდენიმე ნათესავიც მეუბნებოდა, ნაციონალები როგორ იბარებდნენ პოლიციაში და სთავაზობდნენ ჩემს წინააღმდეგ ინფორმაციის მიწოდებას. ვისთანაც „გამარჯობა“ მითქვამს, მეტ-ნაკლებად, ყველა მათგანზე ახორციელებდნენ ზეწოლას, რომ მე ფინანსური წყარო არ მეშოვა და არ გამეგრძელებინა ჩემი საქმიანობა. ცხადია, ამის გამო ფინანსური დავალიანება მიგროვდებოდა, ოჯახსაც რჩენა სჭირდებოდა.

ამ დროს გამოჩნდა ადამიანი და ვფიქრობ, რომ ეს ადამიანიც „შემოგდებული“ იყო. მან ბიზნესწინადადება შემომთავაზა, მითხრა, რომ მან იცოდა ეს საქმე და აქედან საარსებო წყარო მექნებოდა, ოღონდ ჩემს მეუღლეს ბანკში თავისი ბინა უნდა ჩაედო. როდესაც ადამიანი ფინანსური გაგებით, კრიზისულ სიტუაციაშია, იჯერებს ასეთ დანაპირებს და ფიქრობს, რომ სიტუაციას ბოლომდე გააკონტროლებს. ეს იყო ჩვეულებრივი კვების ობიექტი, რომელსაც გაფართოება სჭირდებოდა და გაფართოების შემდგომ მოგება უნდა გაზრდილიყო. ვფიქრობდი, ეს საყოფაცხოვრებო პრობლემას მომიგვარებდა. სამწუხაროდ, ალბათ, ეს ჩემი მხრიდანაც შეცდომა იყო.

აღმოჩნდა, რომ პიროვნებამ, რომელმაც ბიზნესის დაწყება შემომთავაზა, ამის შესახებ არაფერი იცოდა. გარკვეული ხნის შემდეგ, როცა საბანკო სექტორის მანქანა დაძრულია, ძალზე ძნელია დამუხრუჭება. პარალელურ რეჟიმში არ შემიწყვეტია ანალიტიკური საქმიანობა, კომენტარის გარეშე მედიას არ ვტოვებდი და ბიზნესის გადარჩენაზეც ვფიქრობდი. ე.წ. ბიზნესპარტნიორი ჩამოვიშორე.

მეგონა, ახალი ხელისუფლების დროს სამართლიანობა აღდგებოდა, სამსახურში აღმადგენდნენ და ჩემი გამოცდილების მქონე თანამდებობის პირი თავისი ხელფასით სამიდან ხუთ წლამდე გაისტუმრებდა კრედიტს. სამწუხაროდ, დროსა და სივრცეში ვერ გავთვალე. პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროსგან უარყოფითი პასუხი დაგვიანებით მივიღე, თავდაცვის სამინისტრომ არც ფორმალურად განიხილა ჩემი განცხადება და არც პასუხი მომწერა, ჩემთვის ადგილი არ აღმოჩნდა თავდაცვის სამინისტროში.

ბიზნესის წამოწყების სურვილი არ მქონდა და თანაც, ეს არ არის ის სფერო, რომელშიც მე ვერკვევი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ჰაერში დარჩა. თუმცა იმედი მქონდა, გამოსახლების პროცესი ცოტა ხნით მაინც შეჩერდებოდა. მეგობრების წრე მპირდებოდა, რომ გარკვეული თანხების მობილიზებას მოახერხებდნენ. ვალის ჩუქებას არავინ ითხოვდა, მინდოდა, დროში გაწელილიყო დავალიანება, არ დამეკარგა ბინა და ნელ-ნელა გამესტუმრებინა.

ბანკის რა თანხა გქონდათ გასასტუმრებელი?

- 55 ათასი დოლარი იყო. 27 ათასი დოლარი გასტუმრებული მაქვს, მაგრამ საბანკო სისტემა მევახშეობის პრინციპზეა აგებული, მიდის პროცენტის მატება და ბანკების ყაჩაღური სქემა მოქმედებს. შემდგომ მოხდა რესტრუქტურიზაცია, თუმცა ვალი ისევ ავიდა 47 ათას დოლარზე. ამის შემდგომ საქმე გადავიდა აღსრულებაში, აუქციონზე გაიყიდა ბინა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად ეს გააკეთა, რომ ყველა საბანკო რესურსი გააერთიანა, თვით წვრილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც კი დაუკავშირა ბანკებს და შექმნა ერთიანი მევახშური სისტემა, სადაც ხალხის ორმაგად ყვლეფა მიმდინარეობს.

მაღალი პროცენტებით და ძალზე ხისტი პოლიტიკით, ერთ ფორსმაჟორულ სიტუაციაშიც კი ბანკი იმხელა თანხას აგროვებს, რომ მისი დაწევა გამორიცხულია. აღსრულების ისეთი გამარტივებული მექანიზმი შექმნეს, რომელიც ძალზე სწრაფ ვადებში ახდენს აუქციონის წესით ბინების გაყიდვას საბაზრო ღირებულების 75 %-ში, და შემდგომ უკვე 50 %-ში, თუ პირველ შემთხვევაში ბინა არ გაიყიდა. დაახლოებით უკვე ვიცი ეს სქემა. ბანკებს ჰყავთ მათთან შეკრული პირები, მათ აძლევენ ფინანსურ რესურსებს და ასეთ ბინებს პირველსავე აუქციონზე 25 %-იანი ფასდაკლებით ყიდულობენ, ანუ ორმაგ მოგებას იღებენ და თავის ფინანსურ რესურსებსაც სწრაფად იბრუნებენ. ერთი კრედიტის ფული შეიძლება რამდენჯერმე დაატრიალონ. ეს უკვე დიდი მოგებაა. ხოლო ბინებს, რომლებსაც დაბალ ფასად ყიდულობენ, შემდეგ ყიდიან. ასეთი რამ მოხდა ჩემს შემთხვევაშიც.

მე „პროკრედიტბანკის“ დავალიანება მქონდა, პიროვნებამ იყიდა ჩემი ბინა სხვა ბანკის კრედიტით და მოკლე ვადაში გაყიდის ამ ბინას. ახლა უძრავი ქონების ფასი მატულობს და 25 ათასი და კიდევ უფრო მეტი მოგება რჩებათ ამ წაუგებელ ოპერაციაში. კრედიტოფიცრები ერთმანეთთან არიან შეკრულნი და ყვლეფენ გათითოკაცებულ მოსახლეობას. ცხადია, ხალხს უჭირს ამ ომში ბრძოლა, რადგან მათ მხარეს არც ფინანსური რესურსია და არც კანონმდებლობა, სახელმწიფოსაც ხელი აქვს დაბანილი. ჩათვალეთ, რომ სახელმწიფომ გამომაგდო. მოვნახე სხვა ადგილი, ახლა სხვაგან ვცხოვრობ. ბანკებთან და ამ სისტემასთან საბრძოლველად გათავისუფლებული ვარ ყოველგვარი ფინანსური მცდელობებისგან. მე ბრძოლა დავამთავრე, რა დავალიანებაც მქონდა, აღარ არსებობს, მაგრამ შევეცდები იმ ხალხს მაინც დავეხმარო, რომლებიც ზუსტად ამავე დღეში არიან ან ხვალ აღმოჩნდებიან. ეს სისტემა მარტო გიორგი თავდგირიძეს არ გაუმკლავდა. დიდი მხარდაჭერა მქონდა თქვენგან, ჟურნალისტებისგან, ჩემი მეგობრებისა და თანამებრძოლებისგან. მე წავაგე ეს ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო წასაგები ბრძოლა. სახელმწიფო არ უნდა ებრძოდეს თავის მოქალაქეებს. როცა არის ბრძოლა სახელმწიფოსა და ბანკს შორის, სახელმწიფო აუცილებლად უნდა გამოვიდეს მომრიგებლის როლში. ასეთი პერიოდი ევროპამაც გაიარა და მათ ნახეს გამოსავალი. დღევანდელ ხელისუფლებისთვის რაიმის მოთხოვნას აზრი არ აქვს, უამრავი ბერკეტი არსებობს, რომ ბანკები ვაიძულოთ, შეცვალონ ეს სისტემა. ამ ბანკების უკან დგანან უცხოური საბანკო სისტემები, რომელთათვისაც უცხოა ასეთი ყაჩაღური დამოკიდებულება.

„პროკრედიტბანკის“ გერმანული სათაო ოფისი ვერ გაბედავს, ასე ექცეოდეს გერმანელ მოქალაქეს. აქაური ოფისის ხელმძღვანელებს კი წილში ჰყავთ ჩასმული ნაცმოძრაობის პოლიტიკოსები. ჩვენ შევეცდებით სათაო ოფისებთან ურთიერთობას, რომ მთლიანად შეიცვალოს ყველა უცხოური ბანკის აქაური მმართველი რგოლი.

არასამთავრობოს დააარსებთ?

- მე ვარ არასაპარლამენტო ოპოზიციის, „კუკავა-მემარჯვენეების“ ბლოკის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი და მყავს პოლიტიკური მეგობრები. ამას არ სჭირდება ფინანსები, ამას სჭირდება საუბარი, ტელეეთერი და ჟურნალისტების მხარდაჭერა. ჟურნალისტების იმედი მაქვს, რადგან ისინი საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და მათაც ფინანსური პრობლემები აქვთ.

თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა გაფრთხილება მისცა ბანკებს ზუსტად ამავე კონტექტსში, თუმცა გაფრთხილება გაგრძელება არ მოჰყვა.

- ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი არ არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რადგან მისი ფინანსური რესურსით - 7-მილიარდიანი გარანტიით ნებისმიერი პრობლემა მოგვარდებოდა. ეს იყო უადვილესად მოგვარებადი პრობლემა, ყოველგვარი ფინანსური ხარჯების გარეშე. ივანიშვილმა უკან დაიხია, მან წააგო ეს ბრძოლა, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი რეფორმა დაეწყო. პიროვნულად არავის ვადარებ, მაგრამ დავით აღმაშენებელს ზედმეტი ფინანსები არ ჰქონდა, თუმცა მან მოახერხა საკუთარი ნებით დიდი ცვლილებების განხორციელება. ამას სჭირდება პიროვნებები, რომ შენს თავზე აიღო ქვეყანაში სიტუაციის გარდატეხა. ჩემთვის ბინას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მთავარია, როგორ მოიქცა სახელმწიფო, მინდოდა, დამენახებინა საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფო ცალკეა და მოქალაქეები ცალკე არიან. პირადი არ არის მთავარი, მთავარია ის, რომ მაქვს პროფესიონალიზმი, გამაჩნია სამხედრო საქმის კარგი ცოდნა, ვარ კარგი ოფიცერი და ბინას ისევ ვიყიდი. უბრალოდ, ეს ქალბატონები - ანანო და სოფიო მილორავები, რომლებმაც იყიდეს ჩემი ბინა, ამ მანქანის ერთი ჭანჭიკები არიან. ანა მილორავა მონაწილეობს საქართველოს მოსახლეობის გაძარცვაში. თვითონ აღმასრულებლის ოფიცრებმაც მითხრეს, პრაქტიკაში იშვიათად გვაქვს, რომ მხარეებს შორის ვერ მოვახერხოთ მორიგებაო. ეს ადამიანი არ წამოვიდა მოლაპარაკებაზე, სახელმწიფო კი გვერდზე გადგა. აღსრულების კანონის შეცვლას არაფერი სჭირდებოდა, შეიძლებოდა, ის ორ თვეში შეცვლილიყო და პირველ აუქციონზე თავისი საბაზრო ღირებულებით გასულიყო ბინა, შემდგომ ჩამოეგდოთ მისი თანხა, მაგრამ ეს ხომ მათი ყაჩაღობის სქემას დაანგრევდა?! ამიტომ ქართველი დაზარალებულები და არადაზარალებულებიც უნდა გავერთიანდეთ. ეს ბრძოლა მოსაგებია. არ შეიძლება, მოსახლეობა არსებობდეს იმისთვის, რომ ბანკი გამდიდრდეს, ბანკს აბსოლუტურად სხვა დანიშნულება აქვს და უნდა ჩაჯდეს ამ ჩარჩოებში.