რეალური საარსებო მინიმუმი ოფიციალურს 2-ჯერ აღემატება

რეალური საარსებო მინიმუმი ოფიციალურს 2-ჯერ აღემატება

საარსებო მინიმუმის უახლესი მონაცემები მარტოოდენ ექსპერტულს გათვლებს არ ეფუძნება. სპეციალური კვლევის შედეგად შემუშავებული ახალი მეთოდოლოგიით დადგინდა და 1 შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა აპრილში 309 ლარი და 17 თეთრი შეადგინა.

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა მინიმალურ სასურსათო კალათაში პროდუქციის რაოდენობა 40-დან 56-მდე გაზარდა. ცენტრის ხელმძღვანელის რამაზ გერლიანის განმარტებით, გაიზარდა კილოკალორიულობა, და ახლა 2300-ის ნაცვლად, 2500 კკალ შეადგინა. შემოწმდა პროპორციები სასურსათო და არასასურსათო კალათებს შორის, რაც სასურსათო კალათის შემთხვევაში - 55%, ხოლო არასასურსათო კალათის შემთხვევაში 45%-ია.

პროდუქციაზე სეზონური ფასებიდან გამომდინარე, ცენტრმა შემოიტანა ზამთრისა და ზაფხულის კალათაც. გერლიანის განმარტებით, პირველადი მოხმარების საგნები, რაც ზამთარში უფრო მეტად საჭიროა, თანხებში იქნება ასახული. 8 რეგიონის, მათ შორის, თბილისის მონაცემების გასაშუალებით, ცენტრმა მიიღო ინფორმაცია რამდენი იყო შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი აპრილში. გერლიანის აზრით, დღევანდელი საარსებო მინიმუმი, რაც 150 ლარია, მეთოდოლოგიური შეცდომით არის მიღებული, ანუ არასწორი მეთოდით, პროპორციებითა და დაბალი კილოკალორაჟით.

„ჩვენი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შრომისუნარიან მამაკაცს სჭირდება მინიმუმ 2500 კილოკალორია, ეს საკმარისი არგუმენტია, რომ გადაიხედოს მინიმალური სასურსათო კალათა“, -განაცხადა გერლიანმა. ის მიიჩნევს, რომ უნდა შეიცვალოს საარსებო მინიმუმში სასურსათო და არასასურსათო კალათის პროცენტული წილები და ოფიციალურდ დადგენილი 70-30 პროცენტის ნაცვლად გადანაწილდეს 55-45 პროცენტად.

„ჩვენ რეკომენდაციებსა და კვლევის შედეგებს წარვუდგენთ როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ასევე საკანონმდებლოს, სტატისტიკის დეპარტამენტს. როდესაც ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა იგეგმება, ეს იქნება პენსია, მინიმალური ხელფასი თუ დაუბეგრავი მინიმუმი, სწორება საარსებო მინიმუმზე უნდა ხდებოდეს“, - ამბობს გერლიანი.

ექსპერტი პაატა კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტების მიერ დაანგარიშებული საარსებო მინიმუმი რეალურია. მისი აზრით, საარსებო მინიმუმში სურსათის მაღალი წილი სასწრაფოდ უნდა შემცირდეს, პირველ ეტაპზე თუნდაც 50%-მდე.

„ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს საარსებო მინიმუმში სურსათისა და დანარჩენი საქონლის თანაფარდობა პროპორციით 70-30. ეს სასწრაფოდაა შესაცვლელი და მკვეთრად უნდა შემცირდეს სასურსათო კომპონენტის წილი და გაიზარდოს არასასურსათო კომპონენტის წილი. ამ შემთხვევაში, თვით ამჟამად მოქმედი მინიმალური სასურსათო ნორმისა და სადღეღამისო კალორიულობის შენარჩუნების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაიზრდება საარსებო მინიმუმის ღირებულება“, - ამბობს კოღუაშვილი.

მთავრობა კი ჯერჯერობით დუმს. დაახლოებით 2 წლის წინათ ოპოზიციაში ყოფნის დროს, ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს საარსებო მინიმუმის თემა მუდმ პირზე ეკერათ და სხვადასხვა დაპირებებსაც უხვად იძლეოდნენ. მაგალითად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მინიმუმი 220 ლარამდე უნდა გაზრდილიყო. სინამდვილეში კი ბოლო ერთი წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმმა 8 ლარით მოიმატა და ისიც ინფლაციის ხარჯზე.

„საქსტატის“ ინფორმაციით, აპრილში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 155,6 ლარი შეადგინა, რაც მარტის მაჩვენებლზე მხოლოდ 20 თეთრით, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე კი 8,2 ლარით მეტია.

აპრილში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 137,8 ლარის ნიშნულზე იყო. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი შეადგენდა 261 ლარს, რაც შარშანდელთან შედარებით, თითქმის 14 ლარით მეტია.

ხაზგასასმელია ისიც, რომ 2013 წლის პირველი სექტემბრიდან, საარსებო მინიმუმი, საქართველოში პენსიის განსაზღვრის მაჩვენებელი გახდა. რადგანაც ქვეყანაში პენსიის მატების რესურსი აღარ არსებობს, მინიმუმის გაზრდაც მაქსიმალურად იჭიმება.