თავდაცვის მინისტრის შეხვედრა გენერალ-ლეიტენანტ დონალდ კემბელთან

თავდაცვის მინისტრის შეხვედრა გენერალ-ლეიტენანტ დონალდ კემბელთან

დღეს, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აშშ-ის არმიის სარდალთან  გენერალ-ლეიტენანტ დონალდ კემბელთან გამართა შეხვედრა. ამერიკელი გენერალი საქართველოში ევროპის ქვეყნების არმიების მთავარ სერჟანტთა მე-8 ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში   ჩამოვიდა. 

მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ალასანიამ გენერალ-ლეიტენანტს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლების საკითხებში აშშ-ის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის არმიის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ირაკლი ალასანიამ განსაკუთრებით აღნიშნა  ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების კუთხით გატარებული ღონისძიებები, ასევე სამხედრო მოსამსახურეებისთვის პირობების გაუმჯობესება და დაჭრილ სამხედროებზე ზრუნვის პროგრამა.  

შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ქართული კონტინგენტის მონაწილეობა ISAF-ის მისიაში და 2014 წლის შემდეგ მისიაში "გადამწყვეტი მხარდაჭერა"  (Resolute Support Mission) საქართველოს ჩართვა. თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ გენერალს ევროკავშირის ეგიდით ქართული ქვედანაყოფის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო ასევე, ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიზნით აშშ-ის ევროპულ სარდლობასთან დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებს.